ცნობები ყურძნისა და მისი პატრონის ამოსაცნობად

ცნობები ყურძნისა და მისი პატრონის ამოსაცნობად

თბილისის მერიამ დედაქალაქში ყურძნის გასაყიდად სპეციალური ადგილები გამოყო. კახელ გლეხებს შესაძლებლობა ეძლევათ უფასოდ ჩაიტანონ ყურძენი თბილისში და საკუთარი პროდუქცია საკვირაო ბაზრებში და ასევე სპეციალურად გამოყოფილ სხვა ადგილებში გაყიდონ. თუმცა, კახელებს ის ურჩევნიათ, საკუთარი მოსავალი ქარხნებს დროულად ჩააბარონ, მაგრამ აქ პრობლემები იკვეთება.კახეთში ღვინის ქარხნები სპეციალური ცნობების გარეშე ყურძენს არ იბარებენ.

“დედაქალაქი ყველა რესურსს გამოიყენებს, რათა გვერდში დაუდგეს კახეთს და სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს”, - აღნიშნავენ თბილისის მერიაში. სასურსათო პროდუქტების დაბალ ფასში შეძენისა და თბილისელების შემოსავლების დაზოგვის მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივით, 2011 წლიდან, ყოველ კვირა დღეს ქალაქის ყველა უბანში იაფი სავაჭრო ობიექტები ეწყობა.

მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, დილის 9-დან 17 საათამდე პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ. ამ ეტაპზე თბილისის მასშტაბით სულ 16 სავაჭრო ობიექტი მუშაობს.

სანამ დედაქალაქი კახელებს დახმარების ხელს გაუწვდის და შესაფერს ადგილებს გამოუყოფს პროდუქციის სარეალიზაციოდ, ამასობაში რეგიონში რთველი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ამის კვალდაკვალ ჩნდება ახალი პრობლემები, რომელიც გლეხებს ყურძნის დროულად დაბინავებაში ეღობება. მაგალითად, ის, რომ კახეთში ღვინის ქარხნები სპეციალური ცნობების გარეშე ყურძენს არ იბარებენ.

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის პაატა ჭავჭანიძის განცხადებით, სოფლის ტერიტორიული ორგანოებიდან გაცემული ცნობები მნიშვნელოვანია, რადგან ეს რთველის წარმოებისა და ორგანიზების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მისივე თქმით, ცნობა შტაბს ეხმარება კოორდინაციასა და ქარხნებში ყურძნის გადანაწილებაში. ხოლო, გლეხს, რომელსაც ამ დრომდე ცნობა არ აქვს აღებული, აუცილებლად უნდა მიმართოს სოფლის რწმუნებულს, რათა მისი შესაბამისი გადამისამართება დროულად მოხდეს.

“ცნობების გაცემა ახლა არ დაწყებულა, უკვე რამდენი წელია გაიცემა. ამ ცნობით, გლეხის გადამისამართება ხდება თუ რომელ ქარხანაში უნდა ჩააბაროს ყურძენი და არ შეექმნას მას რამე სახის პრობლემა.

გარდა ამისა, ამ ცნობით რეგულირდება რეესტრი თუ რამდენი ყურძენი მოიკრიფა კონკრეტულ სოფელში და სად ჩაბარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ცნობა გვაძლევს საშუალებას ყურძნის ჩაბარებისას შევინარჩუნოთ წესრიგი და თავიდან ავიცილოთ რიგები და ქაოსურობა.

მაგალითად, მთელმა სოფელმა ყურძენი ერთდროულად რომ დაკრიფოს და ჩასაბარებლად წაიღოს, ეს ქარხნებთან მიმართებაში ცუდ ტენდენციას გამოიწვევს და, შესაძლოა, გლეხმა ყურძნის ჩაბარება ვერც მოახერხოს. ამდენად, ცნობა რეგულაციის, ყურძნის რაოდენობის დათვლის და რთველის დინამიკის კონტროლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა”, - ამბობს ჭავჭანიძე.

სოფლის მეურნეობის ექსპერტთათვის კი უცნობია, ცნობის აღების აუცილებლობა რა მიზეზითაა განპირობებული. თამაზ კუნჭულიას თქმით, პროცესის გაიოლების თვალსაზრისით, სრულიად საკმარისი იყო ცნობა ჩამბარებელ ქარხანას გაეცა.

“არ ვიცი რა მიზანს ემსახურება ყურძნის ჩაბარებისთვის აუცილებელი ცნობის გაცემა. თუ მხოლოდ კოორდინაციისა და ყურძნის რაოდენობის აღრიცხვისთვისაა საჭირო, მაშინ ეს შეიძლებოდა ღვინის ქარხანაში აღრიცხულიყო და საკმარისი იქნებოდა. გარდა ამისა,ცნობა ვერ იქნება იმის საშუალება, რომ გლეხმა თავისუფალ ბაზარზე არ გაყიდოს საკუთარი პროდუქცია.

ამასთან, ცნობების დარიგება, შესაძლოა, განპირობებული იყოს იმითაც, რომ გლეხი რომელიც ცნობას აიღებს და სახელმწიფოსგან სუბსიდიას მიიღებს, საპარლამენტო არჩევნებზე მან მხარი აუცილებლად მმართველ გუნდს უნდა დაუჭიროს. ალბათ ცნობების დარიგებით ამასაც უსვამენ ხაზს. სხვა მიზეზს ამ პროცესში მე ვერ ვხედავ”, - განმარტავს თამაზ კუნჭულია.