სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვის აკრძალვის ინიციატივაში სპეციალისტებს მხარი ოპოზიციამაც აუბა. ლეიბორისტული პარტია გამოდის ინიციატივით, რომ აიკრძალოს სასოფლო-სამეურნელო მიწის ნაკვეთების საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე გაყიდვა.
როგორც ლეიბორისტთა გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა განაცხადა, პარტიამ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონში დამატებების თაობაზე“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში მარტში შეიტანა. პარლამენტის აგრარულ და იურიდიულ კომიტეტში მისი განხილვა დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით შეწყდა.
შატბერაშვილი აცხადებს, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აღნიშნულ კანონპროექტს ახალი პარლამენტის პირველივე სესიაზე გაიტანენ.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში აიკრძალება სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვა, ხოლო უცხოელი მოქალაქის უკვე მფლობელობაში არსებული მიწები მის მფლობელებს ექვსი თვის ვადაში ჩამოერთმევათ, კომპენსაციის სანაცვლოდ.
შატბერაშვილის ინფორმაციით, ჩინელები და ინდოელები საქართველოში ფლობენ ტყეებს, ვენახებს, ზღვისპირა მიწებს, რაც დაუშვებელია.
უცხოელებზე მიწის გასხვისების საშიში პროცესი საქართველოში შედარებით წყნარად და უხმაუროდ მიმდინარეობს, მაგრამ თავისი მნიშვნელობით ქვეყნის რაობის დაკარგვის ტოლფასია. საზოგადოებას მოქმედება უსწრაფესად მართებს, რადგან პროცესები ძალიან მალე მიიღებს შეუქცევად მიმართულებას.
„შესაძლებელია, ამ ისტორიული ეტაპიდან საქართველოს მკვიდრი მოსახლეობის ეროვნულ უმცირესობად გადაქცევის გარდუვალობა ჯერ ბუნდოვნად მოჩანს ზოგიერთისთვის (სახელდობრ, ნაკლებ მცოდნეთათვის), მაგრამ საკმარისია საქართველოში შეიქმნას დემოგრაფიული ექსპანსიისთვის საჭირო ბაზები, რაც სულ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის დამკვიდრებას გულისხმობს, რომ პროცესები არა მხოლოდ შეუქცევად ხასიათს მიიღებს, არამედ ყველასთვის ხილულიც გახდება. ამიტომ დაუშვებელია, რომ ქართველი გლეხობა მოწყდეს მიწას, არ იყოს მისი მესაკუთრე და პროდუქციის მთავარი შემქნელი“, - აცხადებს სოფლის მეურნეობის ექსპერტი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი.
მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო განსაკუთრებით ფრთხილად ეკიდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხს. აქ უმკაცრესი აკრძალვებია დაწესებული მიწის შესყიდვის სრულ აღკვეთამდე (უცხოელი მყიდველები უნდა აკმაყოფილებდნენ მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც ეხება სპეციალურ აგრარულ განათლებას, სასოფლო-სამეურნეო შრომის გამოცდილებას, სოფლად ცხოვრებას, სათანადო კაპიტალის ფლობას და სხვა).
საქართველოში გაეროს სპეციალური მეთოდიკით გაანგარიშებული ნივთობრივი სიმდიდრე 1990 წელს სულ 275 მლრდ დოლარის ტოლფასიიყო, რომელშიც მიწას 54,3% ეკავა; რომ ამჟამად პლანეტაზე მიწის ერთი ნაგლეჯიც კი არ არის თავისუფალი და, თუ გადავხედავთ თანამედროვე კონფლიქტების უმრავლესობას, მათი მიზეზი სწორედ ტერიტორიული დავაა.
პაატა კოღუაშვილი აცხადებს, რომ ქართული მიწისა და სოფლის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია:
„800 ათასი ჰა სახნავის დამუშავებას მაქსიმუმ 720 მლნ ლარი სჭირდება. ამ თანხის მცირე ნაწილიც (1/10) რომ გაიღოს სახელმწიფომ, სახნავის პრობლემაც გადაწყდება. მრავალწლოვანი ნარგაობის (ხეხილი, ვაზი, კაკლოვანი და სხვ.) განახლებისთვის ყოველწლიურად უნდა გაშენდეს 15-20 ათასი ჰა, რასაც 250-300 მლნ ლარი სჭირდება. აქ, სავსებით საკმარისი იქნება სახელმწიფოს კეთილი ნება და საგადასახადო ხელშეწყობის რეჟიმი.
აუცილებელია, რომ შემცირდეს ან გაუქმდეს დღგ-სა და აქციზის გადასახადი სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელ დიზელის საწვავზე, განთავისუფლდეს აგროტექზოოვეტმომსახურება დღგ-ს გადასახადისგან. ასევე უნდა შემცირდეს მიწისა და წყლის გადასახადი 30%-30%-ით და ა.შ. კვებისა და გადამმუშავებელი მრეწველობის საწარმოებში შემცირდეს დღგ-ს გადასახადი არანაკლებ 10%-ით, ასევე, წყლის, ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადი“, - აღნიშნავს კოღუაშვილი.