საქართველოს ავიაბაზარზე არსებულ არნახულ სიძვირეს ხელისუფლება მხოლოდ მოწოდებებით ებრძვის. ფასების ზრდაში არაერთგზის მხილებულ კომპანია „ტავ ჯორჯიას“ თბილისის აეროპორტი მართვის უფლება თითქმის 11 წლით გაუხანგრძლივეს. სააკაშვილი სიტყვით უკვე მერამდენედ ემუქრება თურქ ოპერატორებს, საქმით კი მათ წისქვილზე ასხამს წყალს.
საქართველოს პრეზიდენტი თბილისის აეროპორტის თურქ ოპერატორს ჰპირდება, რომ ქუთაისის აეროპორტი ფასებს დააწევინებს. რადგანაც ამას მხოლოდ კოპიტნარის აეროპორტი ვერ მოახერხებს, ამიტომ, ფოთის აეროპორტიც სახელმწიფოს მფლობელობაში რჩება.
პრეზიდენტი „ტავ ჯორჯიას“ კვლავაც ახსენებს, რომ მთავრობამ ავიაბაზარი გახსნა, მაგრამ თბილისის აეროპორტში ფასები კვლავაც მაღალია. სააკაშვილისთვის დაუშვებელია, რომ კიევის მიმართულებით სამგზავრო ბილეთი 600 დოლარი ღირდეს. თბილისის აეროპორტში მყოფმა პრეზიდენტმა „ტავ ჯორჯიას“ თანამშრომლებს ღიად მიმართა.
„ფოთის აეროპორტი სახელმწიფო მფლობელობაში რჩება და რჩება, ჩემო მეგობრებო, სწორედ იმის გამო, რომ თქვენ გაგიწიოთ კონკურენცია და დაგაგდებინოთ ფასები. ამას სპეციალურად გიკეთებთ. მახსოვს ჩვენი შეხვედრა 2005 წელს ბობოყვათში, როდესაც შევთანხმდით, რომ გახსნიდით და თქვენ, თქვენი სიტყვა შეასრულეთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ თქვენ ბაზარზე არ დაგტოვებთ. მონოპოლისტები ვერ გახდებით, ჩვენო მეგობრებო, ძმებო. მაგრები ხართ, დიდები ხართ, მაგრამ ხალხისთვის უნდა გქონდეთ ხელმისაწვდომი ბილეთები.
ქუთაისის აეროპორტი მიგახრჩობთ, სანამ ფასებს არ დაწევთ. ამას პირდაპირ გპირდებით, სანამ ჩვენი ხალხისთვის ყველაფერი ხელმისაწვდომი არ იქნება. ჩვენ კერძო სექტორს, ინვესტციებს ხელს ვუწყობთ, მაგრამ იცოდეთ, დაგიგდებთ ფასებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი შეფასებით, ასაფრენი ზოლი ბევრად უფრო ძნელი გასაკეთებელია, ვიდრე ტერმინალი. „ასაფრენი ზოლი მოძველებული გვაქვს“, - დაასკვნა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მგზავრების რაოდენობა გაიზარდა, რადგან ავიაბაზრის გახსნა დაიწყო.
ეს არ არის მიხეილ სააკაშვილის პირველი განცხადება ამ საკითხზე, თუმცა თურქ ოპერატორს არცერთხელ ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. ისინი მეთოდურად ახორციელებენ თავიანთ პოლიტიკას მით უმეტეს, რომ ხელისუფლების უმაღლესი პირების სიტყვა და საქმე ერთმანეთს საერთოდაც არ ესადაგება.
ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ პრეზიდენტის ამგვარი კრიტიკიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ „ტავ ჯორჯიას“ თბილისის აეროპორტის მართვის უფლება 2037 წლამდე გაუხანგრძლივდა.
კომპანიის ინფორმაციით, მართვის უფლების 10 წლითა და 9 თვით გაგრძელებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება „ტავ ჯორჯიასა“ და სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ შორის გაფორმდა. ეს 65 მლნ აშშ დოლარის ინვესტირების სანაცვლოდ მოხდა. აქამდე „ტავ ჯორჯიას“ საქართველოს მთავარი საჰაერო კომუნიკაციის მართვის უფლება 2026 წლამდე ჰქონდა
„ტავ ჯორჯია“ „ტავ აეროპორტების ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა და მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წლიდან დაიწყო. საქართველოში განხორციელებული 100 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
თბილისისა და ბათუმის აეროპორტების გარდა, „ტავ აეროპორტების ჰოლდინგი“ ასევე ოპერირებას უწევს სტამბოლის, ანკარის, იზმირის, ალანიის საერთაშორისო აეროპორტებს თურქეთში, მაკედონიაში არსებულ 2 აეროპორტსა და ასევე 2 აეროპორტს ტუნისში. 2012 წლიდან ჰოლდინგმა დაიწყო საუდის არაბეთის მედინას აეროპორტის ოპერირებაც.