ხელოვნური დეფლაცია და ლაგამამოდებული ლარის კურსი

ხელოვნური დეფლაცია და ლაგამამოდებული ლარის კურსი

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე წელს ინფლაცია გარკვეული პროცენტით ხელოვნურადაა შემცირებული. ამას მრავალი მიზეზი აქვს და მათ შორის უმთავრესი არჩევნებია.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის იანვრიდან სამომხმარებლო ფასების ინდექსისა და ინფლაციის დონის გამოანგარიშება განახლებული „სამომხმარებლო კალათის“ მიხედვით დაიწყო. ახალი მეთოდოლოგიის თანახმად, სამომხმარებლო კალათაში სასურსათო პროდუქციის ხვედრითი წილი 40%-დან 30%-მდე შემცირდა, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სასურსათო პროდუქტი ძვირდება, მას იმდენად დიდი ეფექტი აღარ აქვს ინფლაციის მაჩვენებელზე, როგორც ეს პროდუქტის გაძვირებამდე ჰქონდა.

„სამომხმარებლო კალათას როგორ შეადგენ და რას იანგარიშებ, ამაზე დიდადაა დამოკიდებული ინფლაციის მაჩვენებელი. როცა შეამცირებ სასურსათო კალათაში პროდუქტების ხვედრით წილს, ბუნებრივია, ეს ინფლაციის ხელოვნურ შემცირებას გამოიწვევს და გამოთვლილი მაჩვენებელი რეალური არ იქნება.

ჩვენ ვიცით, რომ მოსახლეობა შემოსავლების ძირითად ნაწილს სწორედ კვების პროდუქტების შეძენაზე ხარჯავს და ყოველგვარი ასეთი შემცირება ინფლაციის ხელოვნურად შემცირებას უწყობს ხელს“, - ამბობს ექსპერტი ავთო სილაგაძე.

არადა ინფლაციის ხელოვნურად დამუხრუჭებაში სარგებელი არაფერია, მთავარია მისი რეგულირება ხდებოდეს და არა დეფლაციის დაფიქსირება. „თავისთავად ინფლაცია არ არის რაღაც წარმოუდგენელი ბოროტება, უბრალოდ, უნდა არსებობდეს ბერკეტები, რათა ის რეგულაციას ექვემდებარებოდეს. მისაღებია, რომ ინფლაცია იყოს დაახლოებით 5-6%-ის ფარგლებში ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, თორემ განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, სადაც ჩვენგან განსხვავებით წარმოებაც მოქმედებს და ხალხიც დასაქმებულია, სულ სხვა ვითარებაა. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში ინფლაციის ნორმა 3%-ია.

რაც შეეხება დეფლაციის უარყოფით მხარეებს, - დეფლაცია თავისთავად მიანიშნებს ეკონომიკის ვარდნაზე, წარმოების მოცულობის შემცირებაზე, უმუშევრობის ზრდაზე და ა.შ. საერთოდ კი, დეფლაცია უფრო დიდი თავსატეხია ხელისუფლებისთვის.

შემიძლია ნახევრად ხუმრობით გითხრათ: 5%-იან დეფლაციას 5%-იანი ინფლაცია სჯობს. მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერი, მათ შორის, ინფლაციის დონეც, ზომიერების ფარგლებში უნდა შენარჩუნდეს. ასეა თუ ისე, დეფლაცია ნამდვილად არ არის დადებითი მოვლენა, ამიტომ ამ „მიღწევით“ თავის მოწონება ხელისუფლებისათვის ხელსაყრელი ნამდვილად არ არის“, - ამბობს ეკონომიკის ექსპერტი ვაჟა ბერიძე.

ამჟამად ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია, არჩევნები კი ფულის ხარჯვასთან არის დაკავშირებული, რასაც თავისთავად მოჰყვება მიმოქცევაში ფულის ზედმეტი მასის გამოჩენა და შესაბამისად, სამომავლოდ ინფლაციასაც ვერგავექცევით. „სრულფასოვანი არჩევნების დროს რაღაც თანხა უნდა დაიხარჯოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთი ვითარება შეიქმნება, როგორიც ბოლო წლებში ბევრჯერ გვქონია: ხელისუფლება ხარჯავდა 15-ჯერ, 30-ჯერ მეტ თანხას, ვიდრე მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები და იმარჯვებდა კიდეც. უნდა შევეგუოთ, რომ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში დიდი ფული დაიხარჯება, მით უმეტეს, რომ მმართველ ძალას აქვს დიდი სურვილი და პრეტენზია ხელისუფლებაში დარჩენისა“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.

ინფლაციის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია ეროვნული ვალუტის კურსი, რომელიც წლის განმავლობაში მეტ-ნაკლებად სიმყარეს ინარჩუნებს. ამ ეტაპზე ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,65-1,66 ნიშნულზე ფიქსირდება. ექსპერტთა თქმით, ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნებაც ხელოვნურად ხდება. ავთო სილაგაძის განმარტებით, რომ არა ეროვნული ბანკის ჩარევა, დღეისთვის ერთი დოლარი ორ ლარსაც კი გადააჭარბებდა.

„საქართველოში მართვადი მცურავი კურსი გვაქვს. თავისუფალი მცურავი კურსი რომ იყოს და ეროვნული ბანკი კურსის დადგენაში არ ერეოდეს, დოლარი გაცილებით მეტ ლარებში იქნებოდა გამოხატული, შეიძლება ერთი დოლარი ორ ლარზე მეტიც ყოფილიყო. ვინაიდან დღეს ეროვნული ვალუტის კურსზე ეროვნული ბანკი ზემოქმედებს, ბუნებრივია, ის ცდილობს შეინარჩუნოს სტაბილური კურსი. თუმცა, ამისთვის სახელმწიფოს გარკვეული სახსრები იხარჯება“, - ამბობს ავთო სილაგაძე.