ამერიკაში ოქროს სტანდარტის შემოღება უნდათ

ამერიკაში ოქროს სტანდარტის შემოღება უნდათ

ფედერალური სარეზერვო სისტემის ძლიერ რბილი ფულადი პოლიტიკით უკმაყოფილო რესპუბლიკური პარტია “ოქროს” კომისიის შექმნაზე ალაპარაკდა, რომელმაც მონეტარული პოლიტიკის აუდიტი უნდა განახორციელოს და დოლარის კურსის ოქროსთან მიბმის საშუალება უნდა განიხილოს. 30 წლის წინ გაუქმებული ოქროს სტანდარტის დაბრუნება, ცხადია, ეკონომიკური პოლიტიკის სრულ ცვლილებას ნიშნავს, თუმცა, ანალიტიკოსთა აზრით, ეს შეუძლებელია, რადგან ამერიკას ოქროს რეზერვები გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე ქაღალდის ფული და ვალდებულებები.

ჯერჯერობით ოქროს სტანდარტის დაბრუნების საკითხი საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი არ გამხდარა. საქმე იმაშია, რომ განიხილება მისი პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის მიტ რომნის წინასაარჩევნო პროგრამაში შეტანის საკითხი. ამგვარად, რესპუბლიკელები თავიანთ პროგრამაში რადიკალური და არასტანდარტული ზომების შეტანას აპირებენ. აღსანიშნავია, რომ უკვე ცნობილი გახდა, რომ რომნი არ აპირებს ფედერალური სარეზერვო ფონდის თავკაცი ბენ ბერნანკე თანამდებობაზე მესამე ვადით წარადგინოს და რესპუბლიკელთა გამარჯვების შემთხვევაში გადაყენებას უპირებს.

ოქროს სტანდარტის დაბრუნების იდეა რესპუბლიკელებს შემთხვევით არ მოსვლიათ. უკვე კარგა ხანია ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ ძალიან რბილი ფულადი პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ფედერალური სარეზერვო ფონდი ბოლო 5 წელია ატარებს. ისინი თვლიან, რომ კარგა ხანია ყველასათვის ცნობილი გახდა, რომ ამერიკას უბრალოდ არ შეუძლია კეთილდღეობისაკენ გზა დაბეჭდოს და სხვა მეთოდების გამოყენებაა საჭირო.

უნდა ითქვას, რომ ოქროს სტანდარტის ახალი ვერსიის შესახებ საუბარი კარგა ხანია მიმდინარეობს. საკმარისია გავიხსენოთ მსოფლიო ბანკის თავკაცის რობერტ ზელიკის მიერ 2010 წლის ნოემბერში Financial Times-ში გამოქვეყნებული გახმაურებული სტატია, რომელშიც იგი აცხადებდა, რომ მრავალპოლარული ფინანსური სისტემა ხუთი ვალუტის – დოლარის, ევროს, ფუნტი სტერლინგის, იენის და კონვერტირებადი იუანის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს. ხოლო ცენტრალური ბანკებისა და ბაზრის მოთამაშეების მთავარი ორიენტირი ოქრო უნდა იყოს.

ზელიკი მაშინ აცხადებდა, რომ ოქრო ბაზრებისათვის “ალტერნატიულ ვალუტად” რჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისებისას იგი არ გაძვირდებოდა.

პირველად “ოქროს” კომისია 1981 წელს, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის დროს შეიქმნა. ანუ, 10 წლის შემდეგ, რაც აშშ-ს ერთ-ერთმა ყველაზე ოდიოზურმა პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა 1971 წლის სანავთობე კრიზისისას ოქროს სტანდარტი გააუქმა.

1980 და 1984 წლებში რესპუბლიკური პარტიის ლოზუნგი ოქროს სტანდარტის დაბრუნება იყო, მაგრამ მას შემდეგ მათ ეს საკითხი წინასაარჩევნოდ აღარ გამოუყენებიათ. რბილი ფულადი პოლიტიკის მიუხედავად, ფედერალური სარეზერვო ფონდი ინფლაციას აკონტროლებს, ხოლო სხვადასხვა განაკვეთების რეგულირება ფონდს ქვეყნის ეკონომიკის გარე შოკებისაგან დაცვის საშუალებას აძლევს.

ექსპერტებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ კლასიკური ოქროს სტანდარტის დაბრუნება შეუძლებელი იქნება. იგი სხვადასხვა ქვეყანაში 1914 წლამდე არსებობდა, როცა ფულადი ემისია მკაცრად იყო მიბმული ცენტრალურ ბანკში შენახულ ოქროს ზოდებზე. ამგვარი ოქროს სტანდარტი თანამედროვე ეკონომიკას უბრალოდ გაგუდავს: სახელმწიფოს ზემკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება და ეკონომიკური ზრდის დავიწყება მოუწევს.

ეკონომისტები თვლიან, რომ ოქროს სტანდარტის შემოღება მხოლოდ ისეთი საშინელი კრახის შემდეგ იქნება გამართლებული, რომელიც გლობალურ ეკონომიკას ასი წლით უკან გადაისვრის. ამიტომაც, ბევრი ექსპერტი რესპუბლიკელთა განცხადებას წმინდა წყლის პოპულიზმად მიიჩნევს.

საერთოდ, ამერიკაში ოქროს სტანდარტი იმიტომ გააუქმეს, რომ ქვეყანას არ შეეძლო ოქროს იმ ფასად გაყიდვის უზრუნველყოფა, რომლის ვალდებულებას იღებდა. ახლა კი ქაღალდის ფული და ვალდებულებები მეტია და აშშ-ს არ შეუძლია ოქროს სტანდარტი ფორტ-ნოქსში (სამხედრო ბაზა, სადაც 1936 წლიდან მდებარეობს აშშ-ს ოქროს მარაგის საცავი) არსებული რეზერვებით უზრუნველყოს.

ოფიციალურად აშშ-ს 8 ათას ტონაზე ოდნავ მეტი ოქრო აქვს, რაც მიმდინარე ფასებით 436 მილიარდი დოლარია. ეს შიდა პროდუქტის მოცულობის 3 პროცენტი და იმ სტიმულების ნახევარზე ცოტათი მეტია, რაც 2008 წლის შემდეგ ფინანსურ სისტემაზე გაიცა.

მართალია, აშშ-ს დიდძალი ვალები აქვს, რაც დოლარს, როგორც წამყვან ვალუტას საფრთხეს უქმნის, მაგრამ ოქროს სტანდარტის შემოღება მაინც პოპულიზმად და უტოპიად ჩანს. თუმცა, რესპუბლიკელები ფარ-ხმალს არ ყრიან და აცხადებენ, რომ ისინი ოქროს სტანდარტის ახალი, მოდერნიზებული სისტემის შექმნას აპირებენ.