უკვე კარგა ხანია მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ ევროს ზონაში არსებული პრობლემების დასაძლევად საბანკო კავშირი უნდა შეიქმნას. თავის სტატიაში ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბარუზო გვიამბობს, თუ რა პრონციპებზე უნდა შეიქმნას ევროპული საბანკო კავშირი.
ევროპაში არსებული ეკონომიკური კრიზისის შედეგები ძალიან კარგად შეინიშნება ევროკავშირის სახელმწიფოთა უმრავლესობაში. განსაკუთრებით დაზარალებული ქვეყნები ერთდროულად ცდილობენ როგორც ეკონომიკის სტაბილიზირებას, ასევე მისთვის განვითარების სტიმულის მიცემას. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიუხედავად, კიდევ უფრო მეტი ცვლილებებია საჭირო.
რეფორმირებისა და გაუმჯობესების ზომები მთელს ევროკავშირში ტარდება. შემოღებულ იქნა ერთობლივი ფინანსური უზრუნველყოფა, ევროპის ცენტრალური ბანკი კი გამუდმებით ამტკიცებს, რომ ის ევროს აუცილებლად მხარს დაუჭერს. მაგრამ ექსპერტები და პარტნიორები ამ მცდელობებს ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ.
ყველა აქამდე გატარებული ზომა მიმართული იყო ევროპული ინტეგრაციის განსამტკიცებლად. ჩვენს დემოკრატიულ სისტემაში გადაწყვეტილების მისაღებად ზოგჯერ გარკვეული დროა საჭირო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არასწორები დასკვნები უნდა იქნას გამოტანილი. ევროკავშირს საკმარისი პოლიტიკური ნება გააჩნია იმისათვის, რომ გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭირო იქნება ევროს დასაცავად. რადგან ერთიანი ვალუტის მომავალი ევროპული ინტეგრაციის მომავალს განსაზღვრავს.
ევროკავშირისათვის აუცილებელი დამატებითი ზომები მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული ინტეგრაციის გაღრმავებასთან. დიდმა სუვერენული ვალებმა და ფინანსურ სექტორში არსებულმა პრობლემებმა ევროს ზონაში კრიზისი გააღრმავა და ნდობის საკითხები წამოჭრა, რომლებსაც პასუხი სისტემურად უნდა გაეცეს.
ამიტომ, უნდა დავასრულოთ დაწყებული საქმე – შევქმნათ სავალუტო-ეკონომიკური კავშირი. ამიტომაც კარგა ხანია ვაცხადებთ, რომ დასახული მიზნის მისაღწევად აუცილებელია საბანკო კავშირის შექმნა. ეს ეკონომიკური, საგადასახადო-საბიუჯეტო და პოლიტიკური კავშირის ზოგადი სტრატეგიის ნაწილი გახლავთ.
კრიზისმა ნათლად აჩვენა, რომ ბანკების მოღვაწეობის კონტროლში სერიოზული ხარვეზები არსებობს. ჩვენ მხოლოდ თანამშრომლობით არ უნდა შემოვიფარგლოთ, აუცილებლად უნდა შეიქმნას საერთოევროპული ზედამხედველობის ორგანო, განსაკუთრებით ევროს ზონაში. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაწყდეს კავშირი საბანკო და სუვერენულ ვალებს შორის. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ გადასახადების გადამხდელთა თანხების ბანკების გადასარჩენად გამოყენება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტების დასუსტება მოჰყვება. ამ დროს კი ბანკები ცდილობენ რისკებს გაექცნენ და ბიზნესის კრედიტირებას წყვეტენ, რაც ეკონომიკას უფრო ცუდ დღეში აგდებს.
ევროკავშირს ეს პრობლემა შეუძლია გადაჭრას. ინერგება ერთიანი ბაზრის ფინანსური მომსახურების ერთიანი ხელმძღვანელობა, რომლის საფუძველზე ბანკების მოღვაწეობის ზედამხედველობის ერთიანი ორგანო გზას გაუხსნის ბანკების პირდაპირ რეკაპიტალიზაციას ევროპის სტაბილურობის ფონდის მეშვეობით, საბანკო დანაზოგების დაზღვევის და ბანკების პრობლემების დარეგულირების ერთიან სისტემებს.
12 სექტემბერს ევროკომისია წარმოადგენს თავის წინადადებებს ბანკების მოღვაწეობის ერთიანი ზედამხედველობის სისტემის თაობაზე. იგი დაფუძნებული იქნება სამ ძირითად პრინციპზე:
ზედამხედველობის ერთიანი წესები – ევროს ზონის შიგნით ნაციონალური მაკონტროლებელი ორგანოების შეთანხმებული მუშაობა უკვე საკმარისი აღარაა. ერთ ქვეყანაში წარმოქმნილმა რისკებმა, შესაძლოა, მთელი სავალუტო ზონა დააზარალოს. ბანკების მუშაობის ზედამხედველობის ერთიანი წესები აუცილებელია საერთო ფინანსური უზრუნველყოფის მქონე ქვეყნებს შორის ნდობის განსამტკიცებლად.
ავტორიტეტულობა – ბანკების მუშაობის ზედამხედველობის ახალ მექანიზმს სათავეში ჩაუდგება ევროპის ცენრტალური ბანკი. მისი მაკონტროლებელი ფუნქცია სრულად იქნება განცალკევებული ფულად-საკრედიტო საქმიანობისაგან. ბანკების მუშაობის კონტროლის სამსახური შეიმუშავებს ერთიან წესებს ერთიანი ბაზრისათვის და მჭიდროდ ითანამშრომლებს ნაციონალურ მაკონტროლებლებთან.
მოქმედების არეალი - ბანკების მუშაობის ზედამხედველობის სისტემა ევროს ზონის ყველა ბანკს მოიცავს. გამორიცხული არ არის ამ მექანიზმში ჩართვა სავალუტო კავშირის მიღმა დარჩენილმა ევროკავშირის წევრებმაც მოინდომონ.
არჩეული გზა საშუალებას მოგვცემს სწრაფად ვიმოქმედოთ. ბანკების მუშაობის ზედამხედველობის სისტემა 2013 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. ერთიანი და უფრო ინტეგრირებული ზედამხედველობა საბანკო კავშირის შექმნისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. შემდეგი ნაბიჯი საბანკო პრობლემების მოგვარების ერთიანი ფონდის და ორგანოს შექმნა იქნება.
ცხადია, საბანკო კავშირის შექმნა ევროკავშირისათვის არ იქნება ჯადოსნური ჯოხი, რომლითაც ეკონომიკური კრიზისი დაუყოვნებლივ მოგვარდება. მაგრამ ეს იქნება ჩვენი მოქალაქეების, უცხოელი პარტნიორების და ინვესტორების ნდობის დაბრუნებისაკენ გადადგმული დიდი და პრინციპული ნაბიჯი. საბანკო კავშირის შექმნა უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას, გაზრდის გამჭვირვალობას, საბანკო სექტორს ანგარიშვალდებულს გახდის და გადასახადების გადამხდელთა ფულს დაიცავს.
მეტიც, ეს რაღაც გაცილებით დიდის დასაწყისია. უნდა აღინიშნოს, რომ ევროს ზონა წარსულის შეცდომებზე სწავლობს და მომავლისაკენ გზას იკვალავს. ეს კარგი სიახლეა არა მარტო ევროსათვის, არამედ მთელი მსოფლიოს ეკონომიკისათვის.