კახა ბენდუქიძე ოპოზიციური პარტიების ეკონომიკურ ხედვებში ვერცერთ რეალისტურ ინიციატივას ვერ ხედავს

კახა ბენდუქიძე ოპოზიციური პარტიების ეკონომიკურ ხედვებში ვერცერთ რეალისტურ ინიციატივას ვერ ხედავს

ქართული ოპოზიციური სპექტრის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკურ პროგრამებსა და ინიციატივებს შორის არცერთი არ არის მეტ–ნაკლებად რეალისტური და ბიზნესისთვის სასარგებლო, – ასეთი კომენტარით შემოიფარგლა კახა ბენდუქიძე commersant.ge–სთან საუბარში ოპოზიციური პარტიების ეკონომიკურ ხედვების შეფასებისას.

ამასთან, მისი თქმით, ეკონომიკური პროგრამები ამჟამად არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა და დისკუსიას სხვა საკითხები უფრო იმსახურებს.რაც შეეხება სამთავრობო პროგრამისადმი ბენდუქიძის დამოკიდებულებას, ამასთან დაკავშირებით მან საკუთარი პოზიცია ტელეკომპანია „პიკის“ ეთერში გამოთქვა.

კერძოდ, ბენდუქიძის განცხადებით, ახალი სამთავრობო პროგრამა ანტილიბერალური არ არის.

„მასში არის შემოსავლების გადანაწილების გაძლიერებული ელემენტები, რაც მე მეჩვენება არაეფექტურად და შეიძლება გაკეთდეს სხვანაირად, თუმცა მე ამას სოციალიზმს არ დავარქმევდი,“ – აღნიშნა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელმა.

მისი თქმით, ის მშვიდად მაშინ იქნება, როდესაც პოლიტიკურ სისტემაში იქნებიან პარტიები, რომლებიც გაუწევენ ერთმანეთს ოპონირებას, მაგრამ თავში არ მოუვათ, დათმონ ქვეყნის ინტერესები.

წინასაარჩევნო პერიოდში ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის ეკონომიკური და სოციალური ინიციატივებით აქტიური შეჯიბრი მიმდინარეობს.

ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და დასაქმება ის ძირითადი სფეროებია, რომლებზეც პარტიების პროგრამებია აგებული.

ხელისუფლებამ დასაქმების პრობლემის მოგვარების მიზნით დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიც კი შექმნა. სახელისუფლებო პარტია პირობას დებს, რომ უახლოეს 4 წელიწადში 273 ათას სამუშაო ადგილს შექმნის, მოიზიდავს 4 მილიარდი დოლარის პირდაპირ ინვესტიციას, ტურისტების რაოდენობას 7 მილიონამდე გაზრდის, თითოეულ მოქალაქეს 4 წლის განმავლობაში 1000–ლარიან ვაუჩერს დაურიგებს და ა.შ.

„ქართული ოცნების“ ეკონომიკურ და სოციალურ იდეებს შორის ყველაზე გამორჩეულია 1 მილიარდი დოლარის ჩადება სოფლის მეურნეობაში, მთელი მოსახლეობის უფასო სადაზღვევო პაკეტით უზრუნველყოფა, პენსიების და საარსებო მინიმუმის გაზრდა და სხვა.
ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ ეკონომიკის ექსპერტების ყურადღება ენერგოკომპანიების ნაციონალიზაციის იდეით მიიპყრო, რაც, მათი თქმით, „სამართლიანი ტარიფების“ მიღწევის გზაა.

ისინი ბიუჯეტის 10 მილიარდამდე გაზრდის, ახალგაზრდებისთვის დასაქმების ხელშეწყობის და სხვა მიმზიდველ დაპირებებს აძლევენ მოსახლეობას.

“ახალი მემარჯვენეების“ „ნოუ ჰაუდ“ შეგვიძლია მივიჩნიოთ იდეა ფართის სანაცვლოდ სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უმოქმედო საწარმოების ფართის სიმბოლურ ფასად (1 კვ. მეტრი 1 ლარად) გადაცემას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც აიღებენ ვალდებულებას ყოველ ასეთ 10 კვადრატულ მეტრზე დაასაქმონ მინიმუმ ერთი ადამიანი.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ახალგაზრდა ოჯახების ხელშეწყობა,“ კამპანია – არა მონოპოლიებს, მოგების და საშემოსავლო გადასახადების 50%–ის ადგილობრივი თვითმართველობებისთვის დატოვება, – ეს ინიციატივებიც „ახალ მემარჯვენეებს“ ეკუთვნის.

„ლეიბორისტები“ გამოირჩნენ სლოგანით „მდიდარს წავართმევთ, ღარიბს დავუბრუნებთ“. ამ „არსენას მიზნის“ მიღწევას „შრომის პარტია“ მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდის გზით გეგმავს.