თვის ბოლომდე, მაქსიმუმ, 10 აგვისტომდე, ნებისმიერ მსხვილ კომპანიას 300 000-მდე, ხოლო დანარჩენებს _ მინიმუმ, 10 000 ლარი მაინც უნდათ შეეტანათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანგარიშზე, _ "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, რომელიც ასევე ერთ-ერთი ბიზნესკომპანიის წარმომადგენელია, ასეთი დავალება კომპანიებმა ხელისუფლებისგან ივლისის შუა რიცხვებში მიიღეს.
როგორც არ უნდა ამტკიცოს ნებისმიერი კომპანიის წარმომადგენელმა, რომ თანხის გადარიცხვა "ნაცმოძრაობის" ყულაბაში ნებაყოფლობით და საზეიმო ვითარებაში მოახდინეს, ფულის "შეწერის" ათასგვარი მეთოდის მომსწრე ქართული საზოგადოების მოტყუების მცდელობას აზრი არ აქვს.
ცივილიზებული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველო დღემდე მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც, როგორც წესი, წარმატებული ბიზნესი პოლიტიკასთან და მმართველ პარტიასთან მჭიდრო კავშირით კეთდება, ეკონომიკაში ე.წ. გავლენის სფეროების დამკვიდრება კი მხოლოდ პოლიტიკის აქტიური ჩარევით არის შესაძლებელი.
"გურია ნიუსი" ციკლიდან _ "ნაცმოძრაობის" ყველაზე გულუხვი შემომწირველები, წარმოგიდგენთ იმ კომპანიების მენეჯმენტსა და დამფუძნებლებს, რომლებმაც ერთგულად შეასრულეს ივლისის შუა რიცხვებში გაცემული ბრძანება და ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ასი ათასობით ლარი გადაურიცხეს.
ჩამონათვალი ასეთია: კომპანია "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია", "ვინგს ანდ ფრიმან კაპიტალ", "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ" იგივე "უნიქარდი", "ვი თი ბი ბანკი", კომპანია "ლოპალი", სადაზღვევო კომპანია "აისი ჯგუფი", "საქკაბელი" და უამრავი სხვა კომპანია.
VTB ბანკი
გრიგოლ ლომიძე _ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი _ 60 000 ლარი; არჩილ კონცელიძე _ გენერალური დირექტორი _ 60 000 ლარი; გიორგი რაზმაძე _ ვიცე პრეზიდენტი _ 52 000 ლარი.
საერთო ჯამში, 172 000 ლარი.
"ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯია"
აქციონერებისა და ტოპმენეჯმენტის მიერ "ნაცმოძრაობის" ყულაბაში გადარიცხული "შემწეობა" 2012 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით, ასე გამოიყურება: ლევან ფხაკაძე _ "ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიას" აქციონერი _ 60 000 ლარი; სამსონ (სოსო) ფხაკაძე _ "ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიას" აქციონერი _ 60 000 ლარი; ვასილ ხორავა _ "ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი _ 20 000 ლარი; ნუგზარ აბრამიშვილი _ "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილე ლოჯისტიკის დარგში _ 60 000 ლარი; ვახტანგ ედილაშვილი _ "ვისოლ სამტრედიას" დირექტორი _ 60 000 ლარი.
საერთო ჯამში, 2012 წლის 1 აგვისტოს, კომპანიამ მმართველ პარტიას 260 000 ლარი ჩაურიცხა.
"უნიქარდი" იგივე "უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ"
კომპანიის 6 მეწილედან (ერთი უცხოური კომპანიაა) 5 _ "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველია: ბესარიონ აბულაძე _ დირექტორი და მეწილე _ 2 000 ლარი; მიხეილ ბასილაძე _ მეწილე _ 2 000 ლარი; ოთარ ნაჭყებია _ მეწილე _ 2 000 ლარი; კარლო გოგინავა _ მეწილე _ 2 000 ლარი; ტარას კვარაცხელია _ მეწილე _ 2 000 ლარი.
საერთო ჯამში _ 10 000 ლარი
აი სი ჯგუფი (სადაზღვევო კომპანია)
თენგიზ მეზურნიშვილი _ გენერალური დირექტორი და მეწილე _ 60 000 ლარი.
შპს "ლოპა"
აღნიშნული კომპანიის მეპატრონეები, თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში რესტორანი "ღვინის სახლი", ე.წ. "ტყუპების მარანის" მფლობელებს, ძმებს, გელა და გია გამტკიცულაშვილებს ეკუთვნით.
გია გამტკიცულაშვილი _ 9 500 ლარი; გელა გამტკიცულაშვილი _ 7 000 ლარი; საერთო ჯამში _ 16 500 ლარი.
მხოლოდ 5 კომპანიის წარმომადგენლებისგან, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შემოწირულობის სახით, 506 000 ლარი მიიღო.
ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი შემწირველებისა, რაც "გურია ნიუსმა" მოიკვლია.
შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლი (ა-1) კრძალავს იურიდიული პირებისგან დაფინანსების მიღებას. ამ შემთხვევაში, რა აზრი ჰქონდა ამ კანონის ამოქმედებას, თუკი იურიდიული პირის ყველა დამფუძნებელი შემოწირულობას კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ გაიღებდა?
გაცხადებული, მაგრამ არაღიარებული რეკეტის ამგვარ ფორმას, ხელისუფლება ყველა არჩევნებზე მიმართავდა და სწორედ იმიტომ ამოქმედდა ვენეციის კომისიის მიერ მოწონებული 26-ე მუხლი, რომ ბიზნესკომპანიები დაცული ყოფილიყვნენ პოლიტიკისგან.
"გურია ნიუსი" "მოხალისე" შემომწირველთა შესახებ ექსპერტს საარჩევნო საკითხებში, ნინა ხატისკაცს ესაუბრა: "როდესაც ხდებოდა ამ კანონის მიღება, ვენეციის კომისიამ გააკეთა განმარტება, რომ ზოგადად მიესალმებოდა ხელისუფლების გადაწყვეტილებას ბიზნესსა და პოლიტიკას შორის უკანონო კავშირების შეზღუდვას.
ვენეციის კომისიის მაშინდელ დასკვნაში ნათქვამია ასეთი რამ: მთავარია, მიღწეული იქნეს ის მიზანი, რასაც უნდა ემსახურებოდეს ეს კანონი და სხვა შემოვლითი გზებით არ მივიდეს პოლიტიკა ისევ ბიზნესთან.
ეს იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ პირდაპირი იურიდიული პირისაგან აიკრძალა შემოსავლის პარტიებამდე მისვლა, არამედ არ უნდა ხდებოდეს ამ იურიდიულ პირში მომუშავე, ან მის მფლობელებზე ზეწოლა. თუ შევაჯამებთ, რეალურად აკრძალული არ არის შემოწირულობა. თუ ფიზიკური პირი საკუთარი ნებით, საკუთარი სურვილით აკეთებს ამას და ეს არის ამ ბიზნეს კომპანიის დამფუძნებლებზე იმგვარად ზეწოლა, როგორც ეს ადრე ხდებოდა.
ამ შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური უნდა იყოს სწორედ ის ორგანო, რომელიც გამოიძიებს თითოეულ ასეთ შემთხვევას. იმგვარი დამთხვევის შემთხვევებში, როდესაც არა ერთი და თითოეული დამფუძნებელია შემომწირველი, აუდიტის სამსახურისთვის ეს არის ერთგვარი ნიშანი, შეხვდეს ამ ადამიანებს, მოაწყოს გასაუბრება, რამდენად საკუთარი სურვილითა და საკუთარი თანხებით შეწირა, ეს ხომ არ იყო იურიდიული კომპანიაზე და მის მფლობელებზე ზეწოლა.
თუმცა, დღემდე გვაქვს პრაქტიკა, როცა ოპოზიციური კოალიციის შემომწირველები ხდებიან აქტიური დაკითხვების ობიექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ. არა მარტო ის ადამიანები უნდა იკითხებოდნენ, ვისაც არც ისე დიდი შემოსავალი აქვთ, არამედ შეძლებული ადამიანებიც, რომლებსაც გააჩნიათ იურიდიული ფირმები და ბიზნეს კომპანიები. ამ შემთხვევაში, უკანონო შემოწირულობასთან ერთად, შესაძლოა ადგილი გვქონდეს სხვა სისხლის სამართლის დანაშაულთან _ ზეწოლა ბიზნეს კომპანიებზე, სამსახურის ბოროტად გამოყენება. აქედან გამომდინარე, ამ ტიპის შემოწირულობები საინტერესო უნდა იყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის. თუმცა, კანონმა ერთი რამ გაითვალისწინა და თქვა, ერთი წყაროდან შემოწირულობა თუ გადააჭარბებს 500 000 ლარს, ამ შემთხვევაში, ამ თანხის ზემოთ შემოწირული თანხა უნდა დაუბრუნდეს შემომწირველებს. რეალურად, ეს იყო თავიდან აცილება აი ამგვარი შემთხვევებისა, ჩვენ რაზეც ვლაპარაკობთ, ოღონდ 500 000 ლარის ზევით.
ის ქმედებები, რომელსაც ძალიან ხშირად ახორციელებს კონტროლის პალატა და აჯარიმებს ოპოზიციური პარტიის შემომწირველებს, ბუნდოვანი და დაუდასტურებელია. რეალურად, ორმაგი მიდგომაა. დიდი ინტერესია ოპოზიციური პარტიის შემომწირველების მიმართ, თუმცა როგორც თქვენ ნახულობთ თქვენს გამოძიებაში საეჭვო ფაქტებს, ამ ფაქტების მიმართ არ ხდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან ადეკვატური რეაგირება, რომელიც შემდეგში უნდა იყოს გამოხატული კონკრეტულ გადაწყვეტილებაში ან განცხადებაში", _ უთხრა ნინა ხატისკაცმა "გურია ნიუსს".