საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ასაფრენი ზოლი გახსნა .
პრეზიდენტის განცხადებით, თავად აეროპორტი უახლოეს კვირეებში გაიხსნება და შესრულდება რეისები: მოსკოვის, კიევის, ფრანკფურტის, ბრიუსელის, თელავივის და სხვა მიმართულებით.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, სიდიდით ეს აეროპორტი ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოში და გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იაფი ფრენები განხორციელდება.
მისივე თქმით, ეს ასაფრენი ზოლი რუსებმა ისე დაბომბეს, რომ როდესაც ის კეთდებოდა, ნაღმებს პოულობდნენ.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ქუთაისი გახდა საპარლამენტო ქალაქი და ტურიზმის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი აეროპორტი არსებობდეს.
"ჯერ გვინდოდა უსაფრთხოება, კრიმინალები რომ არ ყოფილიყვნენ. ამის გარეშე ვერაფერს განვავითარებდით და მათ ვერავინ მოიყვანს უკან. გეგმის მიხედვით მიდის ყველაფერი", - განაცხადა პრეზიდენტმა.