გააძლიერებს თუ არა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკას რუსეთის, ამერიკისა და იტალიის უმსხვილესი ნავთობ-კომპანიების მიერ მიღწეული შეთანხმება, რომელიც, სხვა მიზნებთან ერთად, შავი ზღვის მარაგების ათვისებას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ: მსოფლიოში უმსხვილესმა, ამერიკულმა ნავთობკომპანია ,,ექსონმობილმა” და რუსულმა ,,როსტნეფტმა” ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომლის თანახმადაც ,,როსნეფტი” ,,ექსონმობილის” მნიშვნელოვან პროექტებში 30%–ს მიიღებს, სანაცვლოდ კი, ამერიკულ კომპანიას რუსულ ნავთობბაზარზე შესვლის უფლება მიეცემა.
„როსნეფტმა“ შეთანხმებას მიაღწია იტალიურ Eni-სთანაც. შეთანხმება ბარენცის და შავი ზღვის ერთობლივ ათვისებას გულისხმობს.
ამ თემაზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ,,როსნეფტი” შავი ზღვის პროექტებში 55 მილიარდ დოლარს ჩადებს. ასევე შეგახსენებთ, რომ ორიოდე წლის წინ „როსნეფტმა“ სოხუმთან ხელი მოაწერა შეთანხმებას შავ ზღვაში „აფხაზეთის შელფის“ გეოლოგიური შესწავლის შესახებ, რომლის თანახმადაც რუსულ კომპანიას სამუშაოების ჩატარების უფლება მიეცა. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ავტოგასამართი კომპლექსების ქსელის განვითარებას. სოხუმში უკვე დაიწყო „როსნეფტის“ ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა.
როგორც საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსი ალექსანდრე თვალჭრელიძე ,,ინტერპრესნიუსთან” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რუსულ-ამერიკულ პროექტში აფხაზეთიც შედის. ალექსანდრე თვალჭრელიძის თქმით, შავ ზღვაში, იმ ტერიტორიებს შორის, რომლებსაც რუსეთი აკონტროლებს, აფხაზეთის გარდა, ნავთობი უბრალოდ არსად არ არის.
თვალჭრელიძის განცხადებით, არასასიამოვნო ფაქტია, რომ ამერიკული კომპანია აფხაზეთის ტერიტორიულ წყლებში ნავთობის მოპოვებაზე რუსეთის უფლებას დე ფაქტო ცნობს.
ენერგეტიკის ექსპერტის ლიანა ჯერვალიძის განცხადებით კი რუსეთი ნავთობის მოპოვებას შესაძლოა აზოვის ზღვაში აპირებდეს და არა აფხაზეთის ტერიტორიაზე. თუმცა, ჯერვალიძის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დროს ხშირად იყო საუბარი აფხაზეთში ნავთობსაბადოების შესაძლო არსებობაზე. ჯერ კიდევ 2010 წელს ,,რია ნოვოსტის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ,,როსნეფტმა” სამუშაოები უკვე „აფხაზურ შელფზე“ დაიწყო.
"ექსპერტთა კლუბის" წარმომადგენლის ირაკლი ცქიტიშვილის განცხადებით, აფხაზეთში "როსნეფტის" შესვლის ყველაზე გახმაურებული საბაბი გახდა საქართველოს ტერიტორიული წყლების აფხაზეთის აკვატორიაში არსებული ნავთობის მარაგების მოპოვება. მაგრამ, ცქიტიშვილის თქმით, ეს იმთავითვე დიდი ავანტიურა იყო, რადგანაც "როსნეფტის" მიზანს წარმოადგენს არა ნავთობის ძიება და მოპოვება, არამედ თავისი ბენზინგასამართი სადგურების ქსელის განვითარება ამ რეგიონში, საიდანაც მას შეუძლია რეალური ფული მიიღოს.
„რაც შეეხება მარაგებს – საბჭოთა დროს შავი ზღვის ფსკერზე მართლაც ხორციელდებოდა ნავთობსაძიებო სამუშაოები, თუმცა მათი შესწავლა მხოლოდ ზედაპირულად მოხდა. მეცნიერები მხოლოდ ვარაუდობდნენ ნავთობის არსებობას, მაგრამ ამის რაიმე დამადასტურებელი საბუთი მოპოვებული ვერ იქნა. აფხაზეთის აკვატორიის ქვეშ სიღრმის შესწავლისას იქნა მიგნებული გარკვეული ადგილები, რომელთაც ქვაბულის ფორმები გააჩნიათ, და სადაც სავარაუდოდ ნავთობი შესაძლოა იყოს. მათ ვარაუდებს ამყარებს ნავთობის გარკვეული მოცულობების არსებობა ტუაფსესა და ფოთის აკვატორიაში.
აქედან გამომდინარე, "როსნეფტს" ჯერ მოუწევს საძიებო და კვლევითი სამუშაოების წარმართვა, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თანაც ნავთობის პოვნის გარანტიას არავინ იძლევა. ამას, როგორც თავად რუსი მეცნიერები ამბობენ, არანაკლებ 10 წელი დასჭირდება. აღსანიშნავია, რომ რუსეთს ნავთობის ზღვის ფსკერიდან მოპოვების ტექნოლოგიურად გამართული სისტემა არ აქვს, ამიტომაც ამის სწავლაც მოუწევს. შესაძლოა ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს ახლახანს "Exxon Mobil"–სა და იტალიურ "ENI"-სთან გაფორმებული ხელშეკრულები წარმოადგენდეს,“ - ამბობს ცქიტიშვილი.
მისი თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთის დაზვერვის მთავარი ამოცანა დასავლური ტექნოლოგიების ხელში ჩაგდებაა. შესაბამისად, სავარაუდოდ, ამერიკული და იტალიური კომპანიების რუსულ პროექტებში ჩართვაც ამ მიზნითაა ნაკარნახევი. თუმცა, ცქიტიშვილის ვარაუდით, ერთობლივი პროექტები, პირველ რიგში, რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთის აკვატორიაში განხორციელდება, და თუ ამით რომელიმე მხარის ეკონომიკა გაძლიერდება, ეს მხოლოდ რუსული ეკონომიკა შეიძლება იყოს.
„რაც შეეხება აფხაზეთს – რუსეთი სულაც არ ზრუნავს აფხაზური ეკონომიკის გაძლიერებაზე. რა თქმა უნდა, გარკვეულ კომპენსაციას სოხუმი ალბათ მიიღებს, მაგრამ ეს შეიძლება იქნას გამოხატული დამატებითი "დახმარებით აფხაზეთის აღორძინების საქმეში". ეს თანხები კი - ყოველ შემთხვევაში აქამდე არსებული გამოცდილების მიხედვით - აფხაზური კლანების ხელმძღვანელების ჯიბეებში დაილექება,“ - ამბობს ირაკლი ცქიტიშვილი.
მისივე თქმით, აშშ და ევროპა ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ დაუშვებს ამერიკული კომპანიების, და მით უმეტეს ისეთი მსხვილი კომპანიის როგორიც "ექსონ მობილია", ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობას.