ნიუ-იორკის ბირჟა Nasdaq-ზე ვაჭრობისას კომპანია Apple-ის აქციების ფასი ახალ სარეკორდო ნიშნულს - 660 დოლარს ასცდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 623 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამგვარად, Apple-მა 1999 წელს Microsoft-ის მიერ დამყარებული რეკორდი მოხსნა და ყველა დროის უძვირესი კომპანიის ტიტული დაისაკუთრა.
13 წლის წინ Microsoft-ის, რომელიც დღეს 257 მილიარდი დოლარი ღირს და ამ მხრივ მეოთხეა, საბაზრო კაპიტალიზაცია 620,58 მილიარდი დოლარი გახლდათ და ძნელად და თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ამ რეკორდს უახლოესი ათწლეულების განმავლობაში რომელიმე კომპანია დაამხობდა. მაგრამ ეს განთქმულმა Apple-მა შეძლო. თუმცა, მიმომხილველები იმასაც აღნიშნავენ, რომ ინფლაციის გათვალისწინებით Microsoft-ის 13 წლის წინანდელი ღირებულება დღეს 850 მილიარდ დოლარად უნდა ჩაითვალოს და ყველა დროის რეკორდსმენი კვლავ იგია.
თუმცა, ერთია ინფლაციის მიხედვით დათვლილი და მეორე რეალური. Apple-ის შედეგი მართლაც ფანტასტიკურია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საბაზრო კაპიტალიზაციის მხრივ მეორე ადგილზე მყოფი Exxon Mobil მხოლოდ 405,97 მილიარდი დოლარი ღირს და Apple-ს ერთობ სოლიდურად ჩამორჩება.
ექსპერტთა აზრით, Apple-ის აქციების ასე ძალიან გაძვირება დაკავშირებულია სექტემბერში დაგეგმილი ახალი iPhone-ის და შედარებით მოგვიანებით იაფასიანი iPad-ის გამოშვების მოლოდინთან. გარდა ამისა, 2013 წლის დასაწყისში ბაზარზე უნდა გამოჩნდეს ტელეპროგრამების საყურებელი ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტა. სწორედ ამ სიახლეთა შესახებ გავრცელებული ინფორმაციების ფონზე, მიმდინარე წელს Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ თანდათანობით გადალახა 400, 500 და 600 მილიარდიანი ნიშნულები. მთლიანობაში კი კომპანიის აქციების ფასმა 64 პროცენტით მოიმატა.
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი თვლის, რომ წარმოუდგენელია წლის ბოლომდე Apple-ის აქციების ფასმა ამგვარი მატება გააგრძელოს. საქმე იმაშია, რომ კომპანიის პროდუქციას თანდათანობით სულ უფრო მეტი ღირსეული კონკურენტი უჩნდება და სიახლეების გამო ატეხილი აჟიოტაჟიც თანდათანობით ჩაცხრება. ექსპერტთა აზრით, Apple-ის აქციების შემდგომი ზრდის პოტენციალი 3-5 პროცენტს არ აღემატება. ყველაფერთან ერთად გასათვალისწინებელია ისიც, რომ გლობალური ეკონომიკის ერთობ რთული ვითარების გამო ინვესტორები ეგზომ ძვირი ფასიანი ქაღალდების შეძენას ერიდებიან.
მაგრამ არსებობს მიმომხილველთა მეორე ნაწილი, რომლებიც Apple-ის ქაღალდების ფასის მატებას კომპანია Cisco Systems-ის აქციების ეპოქალურ გაძვირებას ადარებს. როცა კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 5 წელში 2-დან 80 დოლარამდე მოიმატა. მაშინ Cisco Systems-ის აქციებს შეუჩერებლად ყიდულობდნენ, მოთხოვნა სულ უფრო მატულობდა და მათი ფასი გამუდმებით იზრდებოდა.
მიმომხილველთა ამ ნაწილის აზრით, თუ ამერიკული საფონდო ინდექსები წლის ბოლომდე გაიზრდება, მაშინ Apple-ის აქციების შემდგომ გაძვირებას წინ ვერაფერი დაუდგება. ამ შემთხვევაში, კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ, შესაძლოა, 700 დოლარიანი ნიშნულიც კი გადალახოს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ დროისათვის კაპიტალიზაციის მიხედვით მსოფლიოს ლიდერი და რეკორდსმენი კომპანია Apple-ია 623 მილიარდი დოლარით, მეორე Exxon Mobil გახლავთ 405,97 მილიარდით, მესამე კი ჩინური ნავთობგიგანტი PetroChina არის 294,7 მილიარდ დოლარიანი კაპიტალიზაციით. მეოთხე ადგილზე, როგორც ასევე აღვნიშნეთ არის Microsoft-ს 257 მილიარდით, მეხუთე კი IBM-ია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 238,7 მილიარდ დოლარს შეადგენს.