საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკა კარგა ხანია მსჯელობის საგანია. ანალიტიკოსთა ნაწილი მის შეხედულებებს იზიარებს, მეორე ნაწილი კი პირიქით, აკრიტიკებს. ამ უკანასკნელთა შორისაა ცნობილი ეკონომისტი, ლონდონის დედოფალ მარიას საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის უნივერსიტეტის პროფესორი ბრიჯიტ გრანვილი, რომელიც თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ ოლანდის პოლიტიკა საფრანგეთს ეკონომიკურ შოკამდე მიიყვანს.
პრეზიდენტმა ოლანდმა გარკვეულ პოლიტიკურ გამარჯვებებს უკვე მიაღწია, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი პოლიტიკური წარმატებების სანაცვლოდ საფრანგეთს ისედაც შერყეული ეკონომიკური კეთილდღეობით გადახდა მოუწევს. ჯერჯერობით ფრანგები ვერაფერს ხვდებიან და ძლიერ ეიმედებათ როგორც ელიტის ამბიციის, ასევე “ევროპის მშენებლობაში” მისი დიდი ღვაწლის.
ოლანდის წარმატება იმაში მდგომარეობს, რომ მან საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა და გერმანია ევროს ზონის ქვეყნების ვალებზე პასუხიმგებლობის ერთობლივ აღებაზე დაითანხმა. და სანამ ოლანდის მომხრეები მისი შესაძლებლობებით აღტაცებული არიან, საფრანგეთის საქმიან და ეკონომიკურ წრეებში უბედურების წინათგრძნობა ჩნდება.
საფრთხე პრეზიდენტის პირად პოლიტიკურ შეცდომებში, თუნდაც სერიოზულში, კი არ მდგომარეობს, არამედ მის მიდგომაში რთული პრობლემების მიმართ, როგორიცაა ფრანგული ეკონომიკის დისბალანსი და ევროს ზონის კრიზისი. ცალკეულ ფრონტზე მას იქნებ რამე მოეხერხებინა, მაგრამ ერთად აღებული ეს პრობლემები საფრანგეთს კატასტროფას – კონკურენტუნარიანობის დაკარგვას უქადის.
კონკურენტუნარიანობის კლებაზე ყველაზე კარგად მიუთითებს სამუშაო ძალაზე ერთეული ხარჯები. სავალუტო კავშირში ხელფასის ზრდასა და წარმოების მატებას შორის განსხვავებას, ანუ სამუშაო ძალაზე ერთეული ხარჯების ბალანსის დარღვევას ჭარბი სავაჭრო ბალანსის, ან დეფიციტის ქრონიკული დაგროვება მოჰყვება.
მაგალითად, ევროსტატის მონაცემებით, საფრანგეთში საათობრივი ანაზღაურება საშუალოდ 34,2 ევროა (გერმანიაში 30,1 ევრო), რაც ევროს ზონის საშუალო მაჩვენებელზე – 27,6 ევრო, 20 პროცენტით მეტია. საფრანგეთის მიმდინარე ბალანსის დეფიციტი კი 2 პროცენტით გაიზარდა, არადა, მისი ეკონომიკური ზრდა თანდათანობით მცირდება.
საქმე იმაში კი არ არის, რომ ფრანგი ხელზე ბევრ თანხას იღებს. მაღალი ხარჯები აიხსნება სახელფასო ფონდზე არსებული დიდი გადასახადით, რასაც დამსაქმებელი იხდის. საფრანგეთის პოლიტიკური ელიტა ამაყობს სამუშაო ძალის ამგვარი დაბეგვრით სოციალური უზრუნველყოფის სისტემის დაფინანსებისათვის. ამგვარი სისტემა მემარცხენეთათვის დამახასიათებელი უაზრო მიდგომაა, თითქოს კომპანიის (“კაპიტალის”) დაბეგვრა უბრალო ადამიანს იცავს.
არადა, ამგვარი მიდგომა პირდაპირ აისახება უბრალო ადამიანებზე და მათ ოჯახებზე: იზრდება ფასები და უმუშევრობა. მაღალი გადასახადების გამო კომპანიები ცდილობენ ცოტა მუშახელი დაიქირავონ. შედეგად, საფრანგეთში უმუშევრობა იზრდება, რომელიც 2013 წლისათვის 10,5 პროცენტს მიაღწევს.
ოლანდის წინამორბედი ნიკოლა სარკოზი ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობდა. მან ნებაყოფლობითი ზეგანაკვეთური სამუშაო გადაახადისაგან გაანთავისუფლა და სამუშაო ძალიდან მოხმარებაზე გადაიტანა, გაზარდა რა დამატებითი ღირებულების გადასახადი. მაგრამ ოლანდმა ორივე რეფორმა გააუქმა.
ნებაყოფლობითი ზეგანაკვეთური სამუშაოს გადასახადიდან განთავისუფლების გაუქმება სოციალისტების დიდი ეკონომიკური შეცდომაა. სოციალისტთა ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველია 2000 წელს შემოღებული 35 საათიანი სამუშაო კვირა. ისინი თვლიან, რომ სამუშაო ძალაზე მოთხოვნილება მუდმივი სიდიდეა და ამგვარი ფიქსირება რატომღაც უმუშევრობას შეამცირებს.
სამუშაო საათების გამონთავისუფლების გზით სამუშაო ადგილების შექმნის მცდელობა უკეთეს შემთხვევაში უაზრობა, უარესში კი დამღუპველია. როგორ შეიძლება ხელი შეუშალო მეწარმეს, რომლის საქმიანობაზე დამოკიდებულია სამუშაო ადგილების შექმნა. საგადასახადო-საბიუჯეტო და მარეგულირებელი ზეწოლა ფრანგულ ფირმებს აიძულებს უცხოეთში ინვესტირებაზე იფიქრონ.
ოლანდის მომხრეები მას ქვეყნის სტრუქტურული პრობლემების გადაჭრის გამო აქებენ და მიდგომის მის თანდათანობით სტილს აღნიშნავენ. მაგრამ ევროს ზონაში არსებული კრიზისის გამო საფრანგეთს “თანდათანობით მიდგომის” დრო არ ექნება.
ცხადია, ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდი საფრანგეთის მიერ ევროზე უარის თქმა და ნაციონალური ვალუტის დევალვაციის გზით კონკურენტუნარიანობის აღდგენა იქნებოდა. მაგრამ, ცხადია, “ევროპული პროექტის” ერთგული ფრანგი პოლიტიკოსები ამაზე არასოდეს წავლენ.
არსებობს ლოგიკური ალტერნატივა: სრულფასოვანი ევროპული პოლიტიკური კავშირისაკენ სწრაფვა, რასაც სავალუტო სუვერენიტეტის და ნორმალური ცენტრალური ბანკის შექმნა მოჰყვება. მაგრამ ესეც ფრანგი სოციალისტებისათვის მიუღებელია, რადგან ევროკავშირის ფედერალური მთავრობის მხარდაჭერად და “ფრანგული იდეისადმი” ზურგის შექცევად მიიჩნევენ.
თქმა არ უნდა, ევროს ზონაში არსებული ურთულესი კრიზისის ფონზე ეკონომიკური რეფორმების თანდათანობით გატარებას მასშტაბური შოკი მოჰყვება. სავალუტო კავშირში გაცილებით კონკურენტუნარიან გერმანულ ეკონომიკასთან ერთად ყოფნა ურთულესი რეფორმების სწრაფად გატარებას მოითხოვს. მაგრამ რას იზამს ოლანდი? ჯერჯერობით მისი “თანდათანობითობა” საფრანგეთს საფლავისაკენ უბიძგებს.