რატომ ამბობენ გლეხები უარს დასეტყვილი ყურძნის ჩაბარებაზე(VIDEO))

რატომ ამბობენ გლეხები უარს დასეტყვილი ყურძნის ჩაბარებაზე(VIDEO))

გურჯაანის რაიონის სოფლებში, გლეხების დიდი ნაწილი დასეტყვილი ყურძნის 35 თეთრად ქარხანაში ჩაბარებაზე უარს ამბობს, თუმცა რაიონის გამგეობაში საპირისპიროს ამტკიცებენ.

დასეტყვილი ყურძნის მიღება ქარხნებს კახეთში ჩასულმა პრეზიდენტმა პირადად დაავალა. გურჯაანის რაიონში ყურძნის მისაღებად სამი ქარხანაა მზად. 

დაზიანებული ყურძნის ფასი 35 თეთრია. საღ ყურძენს ქარხნები 1 ლარად ჩაიბარებენ, საიდანაც 35 თეთრს სახელმწიფო ვაუჩერი დაფარავს, ხოლო 65 თეთრს - ქარხანა. თუმცა როგორც ქარხანაში მომუშავე ადამიანები აცხადებენ, მათ გლეხებისგან ჯერ არც საღი და არც დასეტყვილი ყურძენი არ მიუღიათ:

“რქაწითელს 35 თეთრად ვიბარებთ, საფერავში 40 თეთრსაც ვიხდით, მაგრამ ჯერ ყურძენი არ მიგვიღია. ქარხანას საკუთარი ვენახი აქვს და იქ დაკრეფილ ყურძენს ვამუშავებთ”, – აცხადებს ვაჩნაძიანის ღვინის ქარხნის წარმომადგენელი. იგივეს ამბობენ დანარჩენ ორ ქარხანაში დასაქმებულებიც. ქარხნების დირექტორებმა ამ საკითხზე “ნეტგაზეთთან” საუბარი არ ისურვეს.

გლეხების განცხადებით, ყუძნის 35 თეთრად ჩაბარებას აზრი არ აქვს, რადგან ეს თანხა იმ მუშების დაქირავებასაც არ ეყოფა, რომლებიც ყურძნის დასაკრეფად უნდა დაიქირაონ. ამიტომ მათი უმეტესობა ამბობს, რომ ყურძენს სახლში დაწურავს, ან საერთოდ არ დაკრეფს.

საკუთარ ერთ ჰექტარ მიწაზე ყურძნის მოსავლის აღება, მეზობლების დახმარბით, დილით დაიწყო და საღამოს დაამთავრა სოფელ ჩუმლაყში მცხოვრებმა გიორგი მამალაშვილმა:

“ასეთი ცოტა მოსავალი არასოდეს ამიღია, ყურძენი ერთ ჰექტარზე მაქვს დათესილი, კარგად ვუვლიდი, რამდენჯერმე შევწამლე და წინა წლებში 17 ტონამდე მოსავალი ამიღია, ახლა 4 ტონაც არ იქნება, მეზობლები დავიხმარე და ერთ დღეში დავკრიფეთ. ამ ვენახში 2–3 წელი ნორმალური მოსავალი აღარ მოვა. ამის დაკრეფაც ძლივს მოვასწარი თორემ ხვალ–ზეგ ამჟავდებოდა”, – აცხადებს გიორგი მამალაშვილი, ყურძნის ჩაბარებას ის არ აპირებს:

“როგორმე ფული უნდა ვისესხო და შაქარი ვიყიდო, დავაყრი და ჭაჭას მაინც დავაყენებ, სახლში დავწურავ, ამის ქარხანაში 35 თეთრად ჩაბარებას აზრი არ აქვს”, – აღნიშნა მან.

ნათელა მირველაშვილი 84 წლისაა, ის სოფელ ჩუმლაყში შვილთან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს და თავს ყურძნის და გარგრის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით ირჩენს. სტიქიამ გარდა იმისა, რომ შემოსავლის გარეშე დატოვა, ოჯახის წევრიც დაუზიანა:

“როცა ქარი და სეტყვა დაიწყო, ფანჯრის დახურვა ვცადე, მაგრამ ვერ მოვერიე, უკან გადამაგდო, ჩემი შვილი მივარდა ფანჯარას, მაგრამ ამ დროს ქარმა მინა ჩამოაგდო და თავზე დაეცა. დღემდე გადახვევებს იკეთებს და რაც ფული გვაქვს, იმას ვახარჯავთ. ყურძნის ჩაბარებას კი არა, სახლისთვისაც ვერ ვკრეფთ, რაც დარჩა, ისიც ზედ შეახმება ალბათ ვენახს”, – ამბობს ნათელა მირველაშვილი.

თავად გამგებლის, დავით მესხიშვილის განცხადებით კი, გლეხები 35 თეთრად ყურძნის ჩაბარებით კმაყოფილები არიან:

“მე არ ვიცი, თქვენ ვის შეხვდით, მაგრამ ეს ორი დღე მე ვმოძრაობ სოფლებში, ვიყავი მისული, სადაც რთველი დაწყებული აქვთ იმ ვენახებში და მინდა გითხრათ, რომ ხალხი საკმაოდ კმაყოფილია. გურჯაანში საკმაოდ არის სოფლები, სადაც ყურძენი არ დაზარალდა, იმას ნუ ვიტყვით, რომ სტიქიამ სრულად გაანადგურა ვენახები, რა თქმა უნდა, ზიანი აღსანიშნავია, მაგრამ არის სოფლები, რომლებიც ფაქტიურად ძალიან უმნიშვნელოდ დაისეტყვა მთელი წლის განმავლობაში. ასე, რომ, მთლად მოსავლის გარეშეც არ დავრჩებით”, – განაცხადა გამგებელმა.

დავით მესხიშვილის თქმით, სტიქიის შედეგად გაცემული დახმარება ერთჯერადი არ არის და გლეხებს ისინი მომავალშიც დაეხმარებიან, თუმცა იმაზე საუბარი, რომ რამდენიმე წელი დასეტყვილ ვენახში კარგი მოსავალი არ მოვა, გამგებლის აზრით გადაჭარბებულია:

“ჩვენ ასეთი შემთხვევა უკვე წინა სტიქიისას ვაჩნაძიანში და კალაურში გვქონდა, როდესაც ვფიქრობდით, რომ ნარგავები და ხეები საერთოდ გახმებოდა, თუმცა მადლობა ღმერთს, დაახლოებით ორი–სამი კვირის შემდგომ ეს ხეები თითქოს თავიდან აყვავდა, ფოთლები თავიდან გამოიტანა, აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ამაზე წინასწარ მსჯელობა ვიდრე უფრო კონკრეტულად არ მივალთ საკითხთან ახლოს, უფრო რეალურად არ დავინახავთ შედეგს, ცოტა რთული იქნება”, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.

მას შემდეგ, რაც სეტყვამ ვენახი გაუნადგურა, გია ბაღაშვილმა თავის ძველ მანქანას ტაქსის ნიშანი დაადგა და გურჯაანიდან სოფლების მიმართულებით ხალხის გადაყვანა დაიწყო:

“დიდი ვენახი არ მაქვს, ნახევარი ჰექტარიც არ იქნება, მაგრამ წვიმამ ისე დასეტყვა, მეოთხედიც არ შერჩა ყურძენი, ისიც ჭაჭად თუ გამოდგება. ქარხანაში არ ჩავაბარებ, იცით რატომ? იმიტომ რომ მერე სააკაშვილი იტყვის ხალხს დავეხმარეო”, – აცხადებს გია ბაღაშვილი, მისი თქმით, ყურძნის ნაწილს ნათესავების დახმარებით დაკრეფს და ჭაჭას სახლში დააყენებს, მთელი წლის მანძილზე თავის რჩენას კი ტაქსაობით აპირებს:

“სხვა გზა არც მაქვს დილიდან საღამომდე საჭესთან უნდა ვიყო. ახლა მხოლოდ იმის მეშინია რომ ყველა ჩემნაირად მოიქცევა. ტაქსაობას დაიწყებენ და 2–3 ლარსაც ვერ გავაკეთებ”, – ამბობს გია ბაღაშვილი, რომელსაც ჩუმლაყიდან გურჯაანამდე ხალხი 50 თეთრად გადაჰყავს.

გლეხების უმეტესობა სხვა სამუშაოს მოძებნას მართლაც აპირებს. წინა წლებში თითო გლეხი დაახლოებით 10–15 ტონა ყურძენს აბარებდა, შარშან საღი ყურძნის ფასი 50 თეთრი იყო, ამიტომ გლეხი საშუალოდ 5–დან 7 ათასამდე ლარს იღებდა, ახლა კი მათ განადგურებული მოსავლის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 500–დან 1500 ლარამდე დახმარება მიიღეს.

გლეხებისთვის დახმარება სახელმწიფომ შემდეგი პრინციპით გამოყო. მათ, ვისი ვენახიც 100%–ით განადგურდა – 1500 ლარი მიიღეს, ვისაც ვენახის 70% დაუზიანდა – 1000 ლარი, ხოლო 50%–იანი ზარალის შემთხვევაში – 500 ლარი დარიგდა.

გლეხების განცხადებით, ეს თანხა მიზერულია და მიწის დასამუშავებლად გაწეულ თანხასაც ვერ ანაზღაურებს, ამიტომ მათ სხვა სამუშაოს მოძებნა უწევთ, რაც არც ისე იოლია:

“ვინც არ იტაქსავებს და ღონე შერჩა, სხვის მიწაზე მუშაობა მოუწევს, იქ დღეში 15–20 ლარს იხდიან, იქიდან ნაწილი საჭმელში იხარჯება, დანარჩენი რჩებათ, მაგრამ იქ როცა მუშაობ, საღამოს მკვდარი ხარ, ამიტომ ბევრი ვერ უძლებს”, – ამბობს გია ბაღაშვილი.

სტიქიამ კახეთი ორჯერ - ივლისის და აგვისტოს თვეში დააზარალა. ვენახის გარდა, მოსახლეობას ატმის, გარგრის და საზამთროს მოსავალიც გაუნადგურდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც, რომლის აღდგენითი სამუშაოებიც დღემდე მიმდინარეობს.

21 აგვისტოს პრეზიდენტი გურჯაანში ჩავიდა და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა:

“სტიქია მხოლოდ თქვენი უბედურება არ არის, ეს საერთო უბედურებაა, რომლის წინააღმდეგ საერთო ფრონტს გავაჩაღებთ. დღეიდან უნდა შევესიოთ ვენახებს, რომ ყურძენი არ გაგვიფუჭდეს. უკვე მობილიზებულია ყველა ქარხანა, ტრანსპორტიც ჩამოგვყავს და დღეიდან ვიწყებთ მისი ჩაბარების პროცესს”, – განაცხადა პრეზიდენტმა. მან აღნინა, რომ “რთველი 2012” განსაკუთრებით კარგად უნდა ჩატარდეს.