აშშ ლათინურ ამერიკას ემსგავსება

აშშ ლათინურ ამერიკას ემსგავსება

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. განსაკუთრებით წარმატებულმა ამერიკელთა 20 პროცენტმა გასულ წელს ქვეყნის მთელი შემოსავლის თითქმის ნახევარი ჩაიჯიბა, რაც 14,5 პროცენტით მეტია, ვიდრე განსაკუთრებით ღარიბი 20 პროცენტის შემოსავალი. ამერიკული საზოგადოების ამგვარი დაყოფის მცირე ნიშნები ბოლო 30 წლის განმავლობაში სტაბილურად არსებობდა, მაგრამ კრიზისმა პროცესი დააჩქარა – მდიდრები სწრაფად მდიდრებიან, ღარიბები კი ღატაკდებიან.

 

თავისუფალი ბაზრის იდეოლოგიის ქვეყანაში მოსახლეობის ფენებად დაყოფის ტენდენცია განსაკუთრებით გასული საუკუნის 30-იან წლებამდე შეინიშნებოდა. მაგრამ დიდი დეპრესიის შემდეგ სახელმწიფომ შემოსავლის დაყოფის მიმართ თავისი დამოკიდებულების გადახედვა გადაწყვიტა. შედეგად, 30-იანი წლების შუიდან განსხვავება თანდათანანობით შემცირდა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-მ Welfare state-ის (კეთილდღეობის სახელმწიფო) ეპოქაში შეაბიჯა. იგი განსაკუთრებით გამოირჩეოდა უმუშევრობის მცირე მაჩვენებლით და შუა კლასის დიდი წილით.

 

ამერიკელთა შემოსავალი თანდათანობით გათანაბრდა, მაგრამ 80-იან წლებში სიტუაცია შეიცვალა, როცა ეკონომიკაში ნეოლიბერალიზმი გამეფდა და აშშ-მ იგი პრაქტიკაში ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა. გაჩნდა ტერმინი „რეიგანომიკა“ (რონალდ რეიგანის სახელის მიხედვით), რომლის არსი გადასახადების შემცირებაში, საგარეო ვაჭრობის დიდ თავისუფლებასა და სახელმწიფო ვალდებულებების შემცირებაში მდგომარეობდა. მართალია, 90-იან წლებში დემოკრატი ბილ კლინტონის ადმინისტრაცია ხშირად თანასწორობის ლოზუნგით გამოდიოდა, მაგრამ ტენდენცია არ შეცვლილა.

 

ყველაფერი უცვლელი დარჩა ჯორჯ ბუშ უმცროსის პერიოდში. მეტიც, მან მდიდარი ამერიკელებისათვის საგადასახადო პრეფერენციები შემოიღო. შედეგად, 2000-იანი წლების დასაწყისის ეკონომიკური ზრდიდან განსაკუთრებით მდიდრებმა იხეირეს. ბევრი ელოდა, რომ 2007-2009 წლების კრიზისისაგან მაღალანაზღაურებადი ფენა დაზარალდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, მდიდრები პრობლემებს მალე გაუმკლავდნენ, აშშ-ს მოქალაქეთა დიდი ნაწილი კი ცხოვრების კრიზისამდელ დონეს ვერ დაუბრუნდა, თანაც, უმუშევრობამ 10 პროცენტიან ზღვარს მიუკაკუნა.

 

ძალიან ძნელია რაიმე ერთი მიზეზის გამოყოფა, თუ როგორ მოხდა, რომ Welfare state-ად აღიარებული ქვეყანა მოსახლეობის ფენებად დაყოფის მიხედვით ლამის არგენტინის დონეზე დაეცა. ექსპერტები მიზეზთა მთელ კომპლექსზე საუბრობენ. თავისი როლი ითამაშა გადასახადების შემცირებამ, განვითარებად ქვეყნებში წარმოების მასიურმა გადატანამ და ფინანსური კაპიტალის როლის გაძლიერებამ. უნდა აღინიშნოს ემიგრანტთა მასიური ზრდაც, რაც ამერიკელთა დაბალი ფენის რიცხვს მნიშვნელოვნად ზრდის.

 

შემოსავლის გარდა კიდევ უფრო თვალში საცემია არსებული ქონების მხრივ განსხვავება. დღეს განსაკუთრებით მდიდარი ამერიკელების 1 პროცენტი ქვეყნის დოვლათის თითქმის 35 პროცენტს ფლობს. 1975 წელსკი ეს მაჩვენებელი 20 პროცენტი იყო. ხოლო მოსახლეობის მდიდარ მეხუთედზე სულაც 85 პროცენტი მოდის. კრიზისმა განსაკუთრებით ახალგაზრდები დააზარალა. საქმე ისაა, რომ კომპანიები შტატების შემცირებისას ცდილობდნენ გამოცდილი კადრები შეენარჩუნებინათ.

 

მთლიანობაში სიღარიბის ზღვარს მიღმა ამერიკელთა 6,3 პროცენტი იმყოფება, რაც ერთი წლის წინანდელთან შედარებით 0,6 პროცენტით მეტია. 50 მილიონ იანკს სამედიცინო დაზღვევა არ აქვს, ხოლო 45 მილიონი საკვების ტალონებით საზრდოობს.

 

ობამას ადმინისტრაცია ცდილობს ამ პრობლემას ებრძოლოს, მაგრამ უმუშევრობის დახმარების გახანგრძლივების და გაზრდის გარდა თითქმის ვერაფერს ახერხებს. პრეზიდენტის ბოლო ინიციატივას, რომელიც მდიდართა მიმართ არსებული საგადასახადო შეღავათების გაუქმებას ისახავდა მიზნად, ამერიკული ისტებლიშმენტის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა და ჩავარდა. მართალია, ამერიკის 44-ე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი სწორედ მოსახლეობის ფენებად დაყოფის წინააღმდეგ ბრძოლაა, მაგრამ, ძნელი სათქმელია, რა გამოუვა.

 

უნდა ითქვას, რომ მოსახლეობის ფენებად დაყოფის ტენდენცია გლობალური პრობლემაა, რომელიც გვარიანად აწუხებს ევროპას, აზიას და საერთოდ, მთელს მსოფლიოს. ამ მხრივ კარგი ვითარება არსად არ არის. მაგრამ წინა პლანზე მაინც აშშ არის წამოწეული, რადგან უძლირესი ეკონომიკის ქვეყანა ყველასთვის სამაგალითოა. იგი ხომ ადრე Welfare state-ად იყო აღიარებული.