საქართველოში თხილის მოსავალი კარგია, ფასიც მაღლა მიიწევს, მაგრამ არის მოულოდნელი პრობლემაც. თხილის ბუჩქების უეცარმა ხმობამ ფერმერებს დიდი თავსატეხი გაუჩინა. დაავადების გამოვლენიდან რამდენიმე დღეში მცენარე მთლიანად ხმება. ვითარება განსაკუთრებით მწვავეა სამეგრელოში.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, თხილის ბუჩქების უეცარი ხმობის პრობლემამ პიკს მიაღწია და ზოგიერთ ბაღში ხმობის კოეფიციენტი 50%-საც აღწევს. გაერთიანება ფერმერებს მიმართავს და ხმობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს.
„ორი წელია თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრთან ერთად ვცდილობთ მიზეზის იდენტიფიცირებას და პრევენციის გზების პოვნას. პროცესში ჩართულები არიან იტალიელი და თურქი მეცნიერებიც. სამწუხაროდ, კონკრეტული მიზეზის იდენტიფიცირება მაინც ვერ მოხერხდა, თუმცა ამ მომენტისათვის ჩვენი საერთო ფოკუსი „ქსანტომონას“ ბაქტერიაა“, - აცხადებენ ასოციაციაში.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა ჯერჯერობით ზარალის მოცულობაზე ზუსტად ვერ საუბრობს.
„თხილის ნერგების ხმობასთან დაკავშირებით ვითარება ნელ-ნელა რთულდება და ყოველწლიურად უარესი შედეგი გვაქვს. თავიდან დაიწყო უცხოურ ჯიშებზე, შემდგომ გადავიდა ჩვენს ადგილობრივ ქართულ ჯიშებზეც. ორი წლის წინ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის და სურსათის უვნებლობის სააგენტოს მხარდაჭერით, ჩამოვიყვანეთ თურქი მკვლევრები, შარშან კი იტალიელი მეცნიერები, პროცესში ჩართული არიან ქართველი მეცნიერებიც. ლაბორატორიები იკვლევენ საკითხს, მაგრამ ძალიან კომპლექსური პრობლემაა. დაავადების პირველი ნიშნიდან დაახლოებით 10 დღეში მცენარე მთლიანად ხმება. ეს ძირითადად ივნისი-ივლისის პერიოდში ხდება. წელს ვითარება გამწვავდა განსაკუთრებით სამეგრელოში“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ ჭითანავამ.
რაც შეეხება თხილის მოსავალს, წელს, შარშანდელთან შედარებით, თხილის უფრო დიდ მოსავალს ელიან, ასევე პოზიტიური მოლოდინია ფასთან დაკავშირებითაც.
„მოსავლის მოლოდინი წელს ძალიან კარგი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ნალექიანი სეზონი გვქონდა. რაოდენობრივად ვფიქრობ, მოსავალი შარშანდელზე მეტია. ახლანდელი ვითარების გათვალისწინებით, ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 7-10%-ით მეტი იქნება, რაც ნიშნავს, რომ წელს თხილის მოსავალი 50 ათას ტონამდე გაიზრდება.
ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ წელს თხილის მოსავალი და თხილის რეალიზაციაც შარშანდელზე უფრო მაღალი ფასით დაიწყება, იმიტომ რომ ფასის მიმართულებით მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ კარგი ტენდენციაა. ამიტომ 2025 წლის მოსავალთან დაკავშირებით იმედიანად ვართ“, - აღნიშნა ჭითანავამ.
თხილის მოსავლის აღების პროცესი აგვისტოდან დაიწყება. თხილის გადამმუშავებელი და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ წელს რაოდენობრივად უფრო მეტი მოსავლის მოლოდინია, ვიდრე შარშან იყო. ლევან ქარდავას შეფასებით, წინასწარ ფასზე საუბარი რთულია, თუმცა გაზაფხულზე ყინვებიდან გამომდინარე თურქეთის თხილის ფასი 20-25%-ით გაზრდილია, რაც ქართული თხილისთვის კარგ წინაპირობას ქმნის.
„გაზაფხულზე ყინვებიდან გამომდინარე ფასი უკვე დაახლოებით 20-25%-ით გაიზარდა. ეს ფასი სავარაუდოდ. სეზონის დასაწყისში შენარჩუნდება და ვნახოთ, თურქეთზე იქნება დამოკიდებული კიდევ უფრო გაიზრდება თუ შემცირებისკენ წავა. მსოფლიოში თხილის ფასი ორ ძირითად ფაქტორზე არის დამოკიდებული, ეს არის თურქეთი, როგორც მიმწოდებელი და „ფერერო“, როგორც მყიდველი. მათ შორის, მოლაპარაკებებიდან დგინდება უკვე მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასი. შესაბამისად, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ფასთან მიმართებით დაახლოებით სექტემბერში გვეცოდინება. საქართველო და მსოფლიოს რამდენიმე რეგიონი ბაზარზე აგვისტოს დასაწყისში შედის ხოლმე, საქართველო, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე პირველია. ამიტომ ახალ სეზონზე, პრაქტიკულად, ძველი სეზონის ფასი გადადის ხოლმე“, - განაცხადა ქარდავამ.
თურქეთში ძლიერი ყინვების შედეგად თხილის საბითუმო ფასები, აპრილთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა.
თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის წლევანდელი პროგნოზით, თხილის წარმოება - 27.5%-ით, ხოლო ნიგვზის 27.7%-ით შემცირდება. თურქეთის მაღალმთიან რეგიონებში, რომლებსაც ყინვისგან ყველაზე დიდი ზიანი მიადგა, ფერმერებმა მოსავლის 50%-დან 100%-მდე დაკარგეს.
თურქეთიდან ექსპორტის ჩავარდნის შემთხვევაში ალტერნატიული მიმწოდებლები, როგორიც იტალია, აშშ და ჩილეა, გლობალური მოთხოვნის სრულად დაფარვას ვერ შეძლებენ.
თურქეთი მსოფლიოში თხილის უმსხვილესი მწარმოებელია, რომლის წილიც გლობალური ბაზრის 65%-ს შეადგენს. მოსავლის დაკარგვის მიუხედავად, ქვეყანამ მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ექსპორტზე 142.915 ტონა თხილი გაიტანა, რომლის ღირებულება, თითქმის, 1.2 მლრდ დოლარია.
აპრილის ყინვებისა და ცივი ამინდების გამო თურქეთის ძირითად მწარმოებელ რეგიონებში ხილის მოსავალიც განადგურდა. ქვეყანა ათწლეულების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სასოფლო-სამეურნეო კატასტროფის შედეგებს ებრძვის.