პრემიერი ბიზნესმენებს მეორეჯერ შეხვდა და ამჯერად მთავრობისა და ბიზნესის პოზიციები უფრო დაახლოვდა. ურთიერთობა საქმიან ფორმატში გადავიდა, პოლიტიკამ უკანა პლანზე გადაიწია, ხოლო რადიკალიზმი საერთოდაც გაქრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პარასკევს ესაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციებსა და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპზე, რომლითაც საქართველო ფართო რეგიონსა და ევროპაში პირველ ადგილზეა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანია მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პოზიციების გასამყარებლად და ამ მიმართულებას მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.
„მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისა და დასაქმების ზრდის კუთხით არსებულ პოზიტიურ მაჩვენებლებზე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გასულ წელს 68 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაშიც დიდია ბიზნესის წვლილი, ვინაიდან სწორედ ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს და ბიზნესმენებს მადლობა გადაუხადა.
პრემიერი ასევე შეეხო ფისკალური კუთხით არსებულ დადებით მაჩვენებლებს, დაბალ ინფლაციას, ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას და განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დასაჩქარებლად მთავრობა აქტიურად მუშაობს.
ბიზნესთან შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა კორუფციის მაქსიმალურად შემცირების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის საკადრო გადაწყვეტილებებზე. აღინიშნა, რომ კორუფცია აფერხებს ეკონომიკის განვითარებას და ყველაფერი გაკეთდება კორუფციის დონის მაქსიმალურად შესამცირებლად. პრემიერის თქმით, ეს პოლიტიკური ნება არსებობს და საკადრო ცვლილებებშიც უპირატესობა კეთილსინდისიერებას ენიჭება.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში გადაიდგა, მათ შორის - მთავრობის ყველა სამართლებრივი აქტის გამჭვირვალობა, უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკის აღკვეთა, აგრეთვე მსხვილი შესყიდვების დეტალური კონტროლი, რასაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ახორციელებს.
პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრემიერთან შეხვედრის შემდეგ კმაყოფილნი ჩანდნენ ბიზნესმენები და ისინიც, ვინც აქამდე ეჭვის თვალით უცქერდა მთავრობის პოზიციას და მიღებულ გადაწყვეტილებებს. „კატევე ჯგუფის“ დამფუძნებლის ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, პრეზენტაცია იყო ზოგადი, რომელიც შეეხებოდა ენერგეტიკას, დემოგრაფიას, ქვეყნის განვითარებასა და ქვეყნის კურსს.
„ყველაფერი კარგად იქნება. არის გამოწვევები და ეს გეგმა, რომელიც მან წარმოადგინა, განსხვავდება წინა პერიოდის გეგმებისგან, მხედველობაში მაქვს ეკონომიკის განვითარება და ზოგადად, ქვეყნის გამოწვევა. სად არის კრიზისი, მე ვერავითარ ნიშნებს ვერ ვამჩნევ“, - განუცხადა ბიზნესმენმა ჟურნალისტებს.
იგივე პოზიცია დააფიქსირა „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ, როდესაც ოპოზიციური ტელეკომპანიების წარმომადგენლებმა შეკითხვით მიმართეს.
„რას ნიშნავს ეკონომიკური კრიზისი? ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რითაც იზომება ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არის ეკონომიკური ზრდის პარამეტრი. ამით საქართველო ევროპაშიც ლიდერია და მსოფლიოშიც ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ბევრი საინტერესო საკითხი იყო, რაზეც აზრები გავცვალეთ პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკის მინისტრთან. საკმაოდ ბევრი ახალი ინიციატივაც გაჩნდა, რაც სასიამოვნოა. მიხარია, ის რომ დღევანდელ რეალობაში შეგვიძლია ეკონომიკის კიდევ უფრო ზრდასა და წახალისებაზე ვისაუბროთ. ინიციატივები იყო ძალიან ბევრ სეგმენტში, ჯანდაცვის სექტორში, დეველოპმენტის, ტრანსპორტის სექტორში, მომსახურების სფეროში. საკმაოდ ბევრია და ცალკეულად საუბარი გამიჭირდება. პირველი თემა ეს იყო წახალისების მიზნით გარკვეული სტიმულაციების გაკეთება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომ უფრო მეტი სტიმული ჰქონდეთ ინვესტიციების შემოტანისთვის ქვეყანაში,“ - აღნიშნა კვერღელიძემ.
საკმაოდ ზომიერი შეფასება გააკეთა შეხვედრიდან გამოსულმა თემურ ჭყონიამ, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესმენია და არ ერიდება მკვეთრი განცხადებების გაკეთებას. მისი თქმის, პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილა.
„არც არავის დაუსვამს ეს საკითხი. ძირითადად ბიზნესზე იყო საუბარი. როგორ გავახმაურო არ ვიცი, ვინმესთვის შეიძლება უხერხულია, მაგრამ ითქვა, რომ ოპტიმიზაცია იქნება, უსაქმურების შემცირება იქნება სახელმწიფოში. თურმე ქვეყანაში ბევრი უსაქმური ყოფილა, ეს ვიცოდით.
პროგრამული თემები არ ყოფილა... გადასახადების სწორ გადახდაში, ბიუჯეტის შევსებისთვის გადაგვიხადა მადლობა, სხვათა შორის პირველად, რაც ჩემი თავი მახსოვს. კარგი და ინფორმაციაული შეხვედრა იყო“, - განაცხადა ჭყონიამ და დასძინა, რომ ასეთ შეხვედრებზე გეგმებსა და სტრატეგიებზე არ საუბრობენ, ეს იყო უბრალოდ შეხვედრა, რაც ბიზნესს მოტივაციას აძლევს.
„აპარტ ჯგუფის“ დამფუძნებელმა ბექა ხოფერიამ კი აღნიშნა, რომ სამშენებლო სექტორში განსაკუთრებული გამოწვევები არაა. „განსაკუთრებული არაფერი. იყო რაღაც პატარა კრიზისები, მაგრამ გადაიარა. სამშენებლო ბიზნესში სიმშვიდეა“, - განაცხადა ხოფერიამ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ ბიზნესმენებთან მსგავსი შეხვედრა 2024 წლის დეკემბრის ბოლოსაც გამართა. უნდა ითქვას, რომ მაშინ შეხვედრაზე ოპოზიციურად განწყობილი ბიზნესი თითქმის არ იყოს წარმოდგენილი. ამჯერად ვითარება შეიცვალა და მთავრობასა და ბიზნესმენებს შორის გაცილებით კონსტრუქციული ურთიერთობა ყალიბდება.