თბილისში ავარიული შენობების საკითხი სულ უფრო მწვავდება. ასეთი დედაქალაქში ათასობითაა, ჩანაცვლების პროგრამა კი სათანადოდ ვერ მუშაობს. მიზეზი თითქმის ყოველთვის მესაკუთრეების უთანხმოებაა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით ისარგებლონ. როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მუნიციპალიტეტი იღებს პასუხისმგებლობას, რომ პროგრამის ფარგლებში, ახალი კორპუსების მშენებლობა ბოლომდე იქნება მიყვანილი.
„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა იმ ოჯახს, ადამიანს, ვინც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს - გამოიყენეთ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის მხრიდან. ჩვენ ისტორიული უბნებისთვის ასევე გვაქვს წარმოდგენილი პროგრამა, სადაც ინვესტორების ჩართულობით, იქ მცხოვრებ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მოხდეს იმ ავარიული საცხოვრებელი ფართების მოწესრიგება, განახლება-რეაბილიტაცია. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობები ჩვენთვის ძვირფასია“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების აღდგენა-რეაბილიტაციას „თბილისის განვითარების ფონდი“ ახორციელებს, რომელიც უახლოეს მომავალში, ინგოროყვასა და სულხან-საბას ქუჩების განახლებას დაიწყებს.
„გარდა ამისა, გვაქვს ჩანაცვლების პროგრამა და მოგიწოდებთ, გამოიყენეთ, ისარგებლეთ მისით. ჩვენ ცუდს არაფერს გთავაზობთ, ნუ გეშინიათ, ყველანაირად გვერდით გიდგავართ. მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო სტრუქტურები არის თქვენს უკან და ყველანაირ პასუხისმგებლობას იღებს, რომ ეს სამშენებლო სამუშაოები დასრულდება. თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა, უსაფრთხო პირობებში გააგრძელოთ ცხოვრება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ძალიან ხშირად ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, ვიდრე თავად ცხოვრობენ. მუნიციპალიტეტს ამის საშუალება არ აქვს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კახა კალაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მუნიციპალიტეტი თავდებში უდგება მესაკუთრეებს და მაქსიმუმ ორ წელში, ახალაშენებულ ბინებს ჩააბარებს.
„ძალიან ხშირად ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, ვიდრე თავად ცხოვრობენ. მუნიციპალიტეტს ამის საშუალება არ აქვს. ეს შეიძლება გააკეთოს ინვესტორმა, მაგრამ ჩვენ ამის უფლება არ გაგვაჩნია. მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც თავს იკავებს, ბევრს ეშინია, რადგან ისტორიას თუ გადავხედავთ, იყო ბევრი შემთხვევა, როცა მოსახლეობა ვერ დაკმაყოფილდა. სამშენებლო კომპანიებმა აიღეს ვალდებულება და ვერ შეასრულეს შეთანხმება. ასე მივიღეთ უამრავი დაუმთავრებელი მშენებლობა და გაუბედურებული, დაჩაგრული მოსახლეობა, რომელიც ათეული წლები ელოდა, როდის მიიღებდა კუთვნილ საცხოვრებელ ფართს.
სახელმწიფო სტრუქტურა გიდგებათ თავდებში და გეხმარებათ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსახლეობას გადასახდელი არაფერი ექნება, მერიას გაჰყავს ქირით და შემდეგ უკვე, დაახლოებით, წელიწადნახევარ-ორ წელში, ახალაშენებულ კორპუსში იმ ფართის ბინა გადაეცემათ, რაც ჰქონდათ. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ აღნიშნული პროგრამა გამოიყენონ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ვინც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა ისაუბრა ცრუ ინფორმაციებზე, რომელიც ბოლო დღეებში, აღნიშნული ფაქტის გარშემო გავრცელდა და განმარტა, რომ კანონის მიხედვით, მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის გარეშე, შეუძლებელია ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროექტის დაწყება.
„ბოლო დღეების განმავლობაში, ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს შესაძლებელია მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის გარეშე მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება.
აფრიალებდნენ დოკუმენტს და იყო მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ. ეს არის ტყუილი. კანონის მიხედვით, არავინ, მესაკუთრის გარდა, არ არის უფლებამოსილი, მართოს, განკარგოს, ან რამე ზემოქმედება მოახდინოს მის ქონებაზე. ამის უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ მესაკუთრეს აქვს.
რაც შეეხება საკრებულოს დადგენილებას, რაზეც „წარმატებით“ საუბრობდნენ და მოჰყავდათ „არგუმენტად“, კიდევ ერთხელ გავაკეთებ განმარტებას: ეს მხოლოდ და მხოლოდ ისეთ შემთხვევებს ეხება, როდესაც ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია, წარმოადგენს პრობლემას და ურბანულად არასწორია იქ რამე სახის სამუშაოს წარმოება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ 100%-იანი თანხმობის გარეშე, გვაქვს მხოლოდ იმის უფლება, რომ პროცესი დავიწყოთ. მაგალითად, პროექტის მომზადება და არა ხალხის გამოყვანა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ გადასადგმელია მტკიცე ნაბიჯები. კონკრეტულ შემთხვევაში კი, ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ იკვეთება. სწორედ ასეთი მოსაზრება აქვს ინჟინერ-მშენებელს, სამშენებლო მასალების ექსპერტს, გიორგი შვანგირაძეს.
„მოსახლეობის მიდგომა ასეთი საკითხებისადმი არის ყველაზე უგულისყურო და ბოროტი დამოკიდებულება, არა მხოლოდ თავისი თავისთვის, არამედ სხვა ადამიანების მიმართაც. რაც ორი დღის წინ მოხდა, ამით მარტო იქ მცხოვრებნი არ დაზარალებულან, არამედ იქვე, გარეთ მომუშავე ადამიანები. ეს არის მობინადრეების უყურადღებობისა და უპასუხისმგებლობის ბრალი. თავის დროზე, მოსახლეობა ამ შენობიდან რომ გამოსულიყო, არ მოხდებოდა ის, რაც მოხდა და არ დაიღუპებოდნენ ადამიანები, რომლებიც საერთოდ არაფერ შუაში იყვნენ იმ შენობასთან.
შარშან შეაფასეს შენობა და მესამე კატეგორია მიანიჭეს, შესაბამისად, ხალხს იქ აღარ უნდა ეცხოვრა, მაგრამ გამოსახლებაზე 100%-იანი თანხობა არ იყო. საქართველოში რომ იყოს დიქტატორული დამოკიდებულება, კი ბატონო, ძალით გამოასახლებდნენ იქ მაცხოვრებლებს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიაა, ამიტომ კანონის ძალა უფრო მაღლა დგას, ვიდრე სხვა საკითხები.
შენობიდან გამოსვლაზე უარის თქმის მიზეზი ყველამ ვიცით, ვისაც ასეთ შემთხვევებთან ჰქონია საქმე. ყველას მოთხოვნა და სურვილი აქვს, თუ, მაგალითად, ცხოვრობს 50 კვარდატულ მეტრში, სანაცვლოდ ითხოვს 100 კვადრატს, რაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. სახელმწიფომ რატომ, ან საიდან უნდა მისცეს ზედმეტი ფართი?
ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა ახლა ყველაზე დიდი დანაშაულია. სახელმწიფოს შენობიდან ხალხი ძალით რომ გამოესახლებინა, ატყდებოდა ერთი ამბავი. ასე რომ, ამ ყველაფერში დამნაშავეა ის ხალხი, ვინც თავის დროზე არ გამოვიდა შენობიდან. კერძო საკუთრებაა და სახელმწიფოს მხრიდან ვერ იქნება დაძალება, ძალით ვერავის მოსთხოვ, გამოვიდეს და დატოვოს შენობა.
ასეთ სიტუაციებში, გამოსავალი არის ის, რომ შენობას როდესაც დემონტაჟის აუცილებლობა დაუდგება და იქ ცხოვრება საფრთხის შემცველი იქნება, მოსახლეობასთან აუცილებლად უნდა მოხდეს შეთანხმება“, - განაცხადა გიორგი შვანგირაძემ.
მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ირაკლი როსტომაშვილის აზრით კი, დედაქალაქში არსებული ავარიული კორპუსების პრობლემის გადაჭრას, ხშირ შემთხვევაში, თავად მოსახლეობა აფერხებს.
„თბილისის მსგავსი ავარიული ქალაქი მე არც მინახავს. ეს არის კომუნისტებამდელი მემკვიდრეობა, რომელსაც მართვა სჭირდება. გასაკეთებელია ინვენტარიზაცია, ყველა შენობის ტექნიკური დათვალიერება. უდიდესი პრობლემაა, როცა მოსახლეობა არ თანხმდება გამოსვლაზე. მაგალითად, ფიროსმანის 39 ნომერში საშინელი მდგომარეობაა. ამ დროს, შეიძლება, ერთი ვინმე გამოდგეს, რომელიც არც ცხოვრობდეს საქართველოში და ელოდება ჯეკპოტის მოხსნას, რომ ვიღაც გამოჩნდეს და, ერთოთახიანის სანაცვლოდ, ათოთახიანი მისცეს.
ისტორიულ ზონებში არის მე-3, მე-4 კატეგორიის ავარიული შენობები, რომლებიც არის უფლებრივი საკუთრება და მესაკუთრეების თანხმობის გარეშე, იქ სამუშაოებს ვერც მერია და ვერც ინვესტორი ვერ აწარმოებს. როდესაც ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი, არ შეიძლება სენტიმენტები.
2002 წლის მიწისძვრის შემდეგ, პუშკინის პირველი ნომერი იყო დაზიანებული. იქ ქალბატონი ყიდდა მზესუმზირას და არ გამოდიოდა. პოლიციის უფროსი შევარდა, დაავლო ხელი მას და გამოიყვანა, რის შემდეგაც იქაურობა ჩამოინგრა. მანამდე ჟურნალისტებიც ამბობდნენ: აბა, რა ქნას ამ ქალმა, შვილებს რა აჭამოს?! როცა ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი, მსგავსი სენტიმენტები არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, იქ რომ შემოღობვა დაიწყოს, შეიკრიბება მოსახლეობა: აბა, ჩვენ რა ვქნათ და ა.შ. ამას უნდა ცივი გონება. მე რომ ვუყურებ ჟურნალისტებს, რატომ არ აშუქებთ იმას, რომ ეს კერძო საკუთრებაა?
უფრო მეტი პრობლემაა ისტორიულ ზონებში, სადაც კოეფიციენტს ვერ ვზრდით. ჩემი პოზიციაა, რომ დასაწყებია დაუყოვნებლივ ინვენტარიზაცია. ეს, დაახლოებით, იგივეა, როცა სახელმწიფომ დაიწყო ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, არაპოპულარული რაღაცებია გასაკეთებელი“, - აღნიშნა როსტომაშვილმა.