რა გამოხმაურება მოჰყვა პატრიარქის სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის ინიციატივებს? საღდგომო თუ საშობაო ეპისტოლეებში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ხშირად ამახვილებს ყურადღებას ქვეყნისა და საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხების შესახებ, მაგრამ ხელისუფლება მხოლოდ უმნიშვნელო მათგანზე თუ რეაგირებს.
პარლამეტის ჯანდაცვისა და სოციალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი გოდაბრელიძის ინფორმაციით, დეკრეტული შვებულების გახანგრძლივების და პატრიარქის სხვა ინიციატივის განხორციელება მთავრობის დადგენილებაზეა დამოკიდებული. საპარლამენტო კომიტეტს მსგავსი ინიციატივის განხილვა ჯერ არ დაუწყია და ნებისმიერი წინადადება, რომელიც საბიუჯეტო ხარჯების ზრდასთანაა დაკავშირებული, მთავრობის დონეზე წყდება.
„დეკრეტული შევბულების გაზრდის გადაწყვეტილებაც სწორედ მთავრობამ უნდა მიიღოს“, - აცხადებს გოდაბრელიძე.
პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში რამდენიმე სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის ინიციატივით გამოვიდა. ერთ-ერთი მათგანი გადასახადების შემცირებას და დეკრეტული შვებულებების ზრდას ეხება.
„დაბალია ეროვნული წარმოებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მაჩვენებელი; ბაზარზე დომინირებს იმპორტული საქონელი; არარეალურადაა გაზრდილი გადასახადები, მათ შორის კომუნალური, შემოსავლის წყარო კი დაბალანაზღაურებადია. საჭიროა ისეთი კანონების მიღება, რომლებიც შეამცირებს გადასახადებს, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობის სფეროში, რათა იგი გახდეს დაინტერესების საგანი.
სასურველია, დახმარება გაეწიოს გლეხურ მეურნეობას, რომ მათ შეძლონ მიწის დამუშავება, თესლის, სასუქისა და სხვა შესაწამლი საშუალებების შეძენა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანა და გადამუშავება. სარეალიზაციო ბაზრის მოპოვება კი, ვფიქრობთ, სახელმწიფოს არ გაუჭირდება, მასზე მსოფლიოში მოთხოვნა დიდია“, - აღნიშნავს უწმინდესი.
პატრიარქის აზრით, თუ ეს განხორციელდა, მოკლე დროში შესამჩნევი იქნება წინსვლა და ხალხს შრომის სურვილი დაუბრუნდება.
უწმინდესის აზრით, საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს ქვეყანაში შემოტანილი თუ ადგილობრივი წარმოების პრეპარატის ხარისხს.
„სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა გახდეს ჩვილობის ასაკში ბავშვისა და დედის ერთად ყოფნის ხელშეწყობა და დედისთვის ხელფასიანი შვებულების თუნდაც ექვს თვემდე გაზრდა. დღეს სერიოზულად ზრუნავენ დაავადებათა პროფილაქტიკასა და მათ ადრეულ გამოვლენაზე, რაც ძალიან სწორია და აუცილებელი“, - აღნიშნავს უწმინდესი.
გარდა ამისა, პატრიარქი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სფეროსა და ეკლესიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა უნდა გაგრძელდეს.
საქართველოს კანონმდებლობით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო აღებული ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების მოცულობა 126 დღეს შეადგენს.
ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტის პაატა შეშელიძის განცხადებით, დეკრეტულ შვებულებას მთავრობა ანაზღაურებს და 6 თვემდე ამ ვადის მოცულობის გაზრდა დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოში ფულის წვიმები მოდის, ძალიან ცდება“, - აღნიშავს რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას შეშელიძე. მისი თქმით, კერძო კომპანიები დეკრეტული შვებულების შესახებ გადაწყვეტილებებს თავად იღებენ, ეს საკითხი ხშირ შემთხვევაში ინდივიდუალურ დონეზე წყდება და მასში ვინმეს მხრიდან ჩარევა გაუმართლებელია.