როგორც ევროკავშირის ელჩმა, ისე საელჩოებმა, ორგანიზაციებმა, თუ პოლიტიკოსებმა თავი უნდა დაანებონ ქართველი ხალხისთვის ზემოდან ყურებას. დაბალი ღობე აქ არავინ არ არის, დემოკრატია არ გვესწავლება ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან, სადაც რეიტინგების მიხედვით სხვადასხვა მიმართულებით მათ საქართველო უსწრებს, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილს ჰკითხეს, რატომ არ რეგისტრირდება გამჭვირვალობის რეესტრში აქტივისტ ანანო ცინცაბაძის ორგანიზაცია „სოლიდარობის ფონდ პიელ საქართველო“, რომელსაც პოლონეთი აფინანსებს.
„რაც მედიიდან გაირკვა, ეს არის პოლონეთის მთავრობის ორგანიზაცია. ყველანაირად ჯდება იმ კრიტერიუმებში, რომელიც უნდა დარეგისტრირდეს. როდესაც უცხოური ორგანიზაციები ასე იქცევიან, პატივს არ სცემენ მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობას, გამაოგნებელია და გარკვეულ ტონსაც აძლევენ მათგან დაფინანსებულ ადგილობრივ ორგანიზაციებს. ამას უკვე პოლონეთის საელჩომ უნდა უპასუხოს. საქართველო არ არის დაბალი ღობე არავისთვის, მათ შორის არც ევროკავშირისთვის. თავისი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ რაიმე აღიზიანებს ქართველ ხალხს, აღიზიანებს როდესაც უყურებენ ზემოდან. როგორც ევროკავშირის ელჩმა, ისე საელჩოებმა, ორგანიზაციებმა, თუ პოლიტიკოსებმა თავი უნდა დაანებონ ქართველი ხალხისთვის ზემოდან ყურებას. დაბალი ღობე აქ არავინ არ არის, დემოკრატია არ გვესწავლება ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან, სადაც რეიტინგების მიხედვით სხვადასხვა მიმართულებით მათ საქართველო უსწრებს და არ გვესწავლება კანონის უზენაესობა. იმოქმედონ ქართველი ხალხის კანონმდებლობის შესაბამისად“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.