მორიგი „საჯარიმო დარტყმა“ მთავრობისგან

მორიგი „საჯარიმო დარტყმა“ მთავრობისგან

ხელისუფლებას იმდენად აფიქრებს ბიუჯეტის შევსების საკითხი, რომ აღარც არჩევნებს ერიდება და მოქალაქეებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ საკითხს მიადგა. საქმე ეხება ჯარიმების გაზრდა-გამკაცრებას, უფრო სწორად კი, გაორმაგებას. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირებაც პარლამენტში სამშაბათს განხორციელდა.

ძირითადი დარტყმა ავტომლობელებზეა. მათთვის მოძრაობის წესების დარღვევა უკვე უზარმაზარ თანხებთან ასოცირდება. საჭის ოდნავი შეთამაშება ან უადგილო ადგილას მანქანის გაჩერება და მძღოლს სამნიშნა ციფრით გამოსახულ ქვითრს მიართმევენ. კანონპროექტის ავტორია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ინიციატორი კი - მთავრობა.

ერთი სიტყვით, თუ მძღოლი სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესებს დაარღვევს 50 ლარით დაჯარიმდება. აქამდე აღნიშნული ქმედებისთვის ჯარიმა საერთოდაც განსაზღვრული არ იყო. 

ამავე კანონპროექტის მიხედვით, ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის ჯარიმა ორმაგდება და მიდგომა მკაცრდება.  აქამდე, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა მხოლოდ 50 ლარით ჯარიმდებოდა.  კანონპროექტით კი, ჯარიმა 100 ლარამდე იზრდება.

დგინდება ახალი რეგულაცია ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე.  კერძოდ, თუ პირი ღერძულა ხაზს წელიწადში მეორედ გადაკვეთს, მას მეორე შემთხვევაზე უკვე 200 ლარით დააჯარიმებენ. რატომ 200 ლარით? ამაზე კომენტარს არ აკეთებენ. ეს საერთოდაც კაზუსია, რადან ერთი და იგივე დარღვევისათვის არ შეიძლება მიდგომა განსხვავებული იყოს.

ხელისუფლებამ ავტომფლობელები მიზანში მაშინ ამოიღო, როდესაც მათ ღვედების გაკეთება დაავალდებულა. შემდეგ კი საჯარიმო სანქციები ავტომანქანის დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის გაამკაცრა. ახლა კი სხვა მეთოდებით დაიხვეწა.

უკეთეს დღეში არც ფეხოსანი მოქალაქაეები ჩაცვივდებიან.  გარდა მძღოლებისა, უახლოეს მომავალში ახალი საჯარიმო სანქცია მატარებელში წესების დარღვევისთვისაც ამოქმედდება. ამ შემთხვევაში კანონპროექტის ავტორი შპს „საქართველოს რკინიგზაა“.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მოქმედი რედაქციით, სატვირთო მატარებლით თვითნებური მგზავრობა, მატარებელში სვლის დროს ჩაჯდომა და გადმოსვლა, ვაგონების საფეხურებსა და სახურავებზე მგზავრობა, მატარებლის თვითნებური, საჭიროების გარეშე გაჩერება, შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე ჯარიმდება. კანონპროექტის მიხედვით კი, აღნიშნული ქმედებები 40 ლარით დაჯარიმდება.

გარდა ამისა, მოქმედი ნორმით, სამგზავრო ვაგონის შიდა მოწყობილობის, ლოკომოტივისა და ვაგონის მინის დაზიანება, ასევე შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე ჯარიმდება. კანონპროექტით კი, აღნიშნული ქმედებებიც და ბილეთის საფასურის გადახდის ავტომატური საშუალების თუ ვაგონის სხვა შიდა მოწყობილობის დაზიანება, ასევე 40 ლარით დაჯარიმდება.

რაც შეეხება მატარებლის ვაგონების ფანჯრებიდან და კარებიდან ნაგვისა და სხვა საგნების გადაყრა, ეს აქამდე გაფრთხილებას ან შრომის ანაზღაურების ნახევარი მინიმალურ ოდენობამდე დაჯარიმებას იწვევდა. კანონპროექტით კი, ეს ქმედება ასევე გაფრთხილებით ან 20 ლარით დაჯარიმდება.

20-ლარიანი ჯარიმა ან გაფრთხილება ელით ასევე იმ პირებს, ვინც ვაგონში ნებადაურთველ ადგილებში მოწევენ. აქამდე აკრძალულ ადგილებში მოწევა, გაფრთხილებით ან ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე ჯარიმით ისჯებოდა.