ახალი მინისტრი ჯანდაცვაში ახალი წესებით მოდის. ზურაბ ჭიაბერაშვილი სადაზღვეო კომპანიას, სამედიცინო დაწესებულებასა და პაციენტს შორის წარმოქმნილ პრობლემებს სისტემაში ე.წ. პროტოკოლების დანერგვით გადაწყვეტს. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, თამაშის ახალი წესები უკვე შემუშავებულია.
„დოკუმენტი არეგულირებს მხოლოდ იმ სფეროს, სადაც სახელმწიფო ფული იხარჯება. საუბარია იმ პროგრამებზე, სადაც სახელმწიფო დებს თანხებს. ჩვენი დოკუმეტის ძირითადი ამოცანაა, მოსწესრიგდეს სამართლებლივი ურთიერთობები სადაზღვეო კომპანიასა და სამედიცინო დაწესებულებას შორის იმგვარად, რომ ფინასური დავალიანებები აღარ წარმოიქმნას.
ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ კლინიკებში სამედიცინო მომსახურეობის სტანდარტების დანერგვაზე.
საუბარია ე.წ. გაიდლაინებზე და პროტოკოლებზე. პროტოკოლი არის პროცედურა: როდესაც ადამიანი შეაღებს საავადმყოფოს კარს, რა ოპერაციები უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობა მივიღოთ. ესაა ის, რის მიხედვითაც მოქმედებს ექიმი.
პროტოკოლების დანერგვა ყველა მხარისთვის მომგებიანია და პირველ რიგში, პაციენტისთვის. მაგალითად, თუ პაციენტმა იცის, რომ მას საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით მკურნალობენ, ის უკვე დარწმუნებულია, რომ მისთვის კეთდება ყველაფერი.
ეს კარგია ექიმებისთვისაც, რადგანაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტს უჩნდება პრეტენზია სამედიცინო პერსონალთან, გვაქვს იმის საშუალება, რომ შევამოწმოთ, რამდენად სამართლიანია პაციენტის პრეტენზია, ანუ შემოწმდება ის მკურნალობა, რომელიც ექიმმა ჩაატარა. პროტოკოლის დანერგვა ექმისთვისაც თავდაცვის საშულებაა, რომ არ იყოს უსაფუძვლო ბრალდებები“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
მისი განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, ბევრია შემთხვევა, როდესაც სადაზღვეო კომპანია და სამედიცინო დაწესებულება არკვევენ, უნდა დაფაროს თუ არა სადაზღვევო კომპანიამ იმ მომსახურეობის საფასური, რომელიც პაციენტს გაეწია.
„ეს დავა რომ უსასრულო არ იყოს, აუცილებელია, პროტოკოლი არსებობდეს, ავტომატურად ურთიერთჩათვლა მოხდეს და მათ შორის ადვილი იქნება ფინანსური ანგარიშსწორებაც“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
გარდა პროტოკოლისა აუცილებელი გამართული სამსახურის მუშაობა, რომელიც დაზღვეულის უფლებებს დაიცავს. წესით და რიგი ასეთი მედიაციის სამსახური უნდა იყოს, მაგრამ არ არის. უკვე 2 წელია, ამ სტრუქტურის ჩამოყალიბება და ამოქმედება ვერ მოხერხდა.
დაზღვევის მედიაციის სამსახურმა სამი ხელმძღვანელი უკვე გამოიცვალა და სამივე შემთხვევაში შეცვლის მიზეზად სამსახურის გაძლიერება დასახელდა. სინამდვილეში კი პირიქით მოხდა. უწყება იმდენად დასუსტდა, რომ სარეთოდ ვეღარაფერს აკეთებს.
აგერ ახლაც ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ვაკანსია გამოაცხადა. როგორც წინა ცვლილებებისას, ამჯერადაც, მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა - მედიაციის სამსახურის გაძლიერებაა.
ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ წლის ბოლოსთვის სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რაოდენობა 2 მილიონს გადააჭარბებს და „გამართული“ სამსახურის არსებობა, რომელიც მომხმარებლის უფლებებს დაიცავს აუცილებელია. ჭიაბერაშვილის თქმით, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების პრობლემა არც ერთ დაზღვეულს არ უნდა შეექმნას, ვინაიდან ხშირია შემთხვევები, როდესაც სადაზღვევო კომპანიას და საავადმყოფოს უჭირთ ერთმანეთთან ისე მოაგვარონ ურთიერთობები, რომ სწრაფად მოხდეს ფინანსური ანგარიშსწორება.
დაზღვევის ექსპერტის ლევან კალანდაძის განცხადებით, მედიაციის სამსახურის გაძლიერება და სადაზღვევო სისტემის გაჯანსაღება ნიშნავს იმას, რომ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა ყველა ადამიანს ჰქონდეს.
„მოქალაქეები მედიაციის სამსახურის მომსახურებას აქტიურად ვერ იყენებენ. ამის მიზეზი არის ის, რომ პროგრამის ოპტიმიზაციის კუთხით მთავრობას შესაბამისი კამპანია არ უწარმოებია. მოქალაქეებმა არათუ არ იციან სადაზღვევო პოლისით განსაზღვრულ სახელმწიფო პროგრამებით რა ეკუთვნით, არამედ წარმოდგენაც კი არ აქვთ პრობლემის შემთხვევაში, ვის უნდა მიმართონ”, - აცხადებს კალანდაძე.