საბიუჯეტო ორგანიზაციების ყველა თანამშრომელს წინასაარჩევნოდ ხელფასს უზრდიან

საბიუჯეტო ორგანიზაციების ყველა თანამშრომელს წინასაარჩევნოდ ხელფასს უზრდიან

საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასების ზრდის მორიგი ეტაპი იწყება. ცნობილია, რომ თბილისის ანალოგიურად, მთელი საქართველოს მასშტაბით ხელფასის ზრდა მხოლოდ ქვედა რგოლის თანამდებობებზე მომუშავე პირებს შეეხებათ. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის თავმჯდომარე ნუგზარ ჭინჭარაული და აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტრო ამ საკითხზე უკვე მუშაობს. ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი აცხადებენ, რომ ხელფასების ზრდის შესახებ არაფერი იციან.

საბიუჯეტო სექტორში ხელფასების ზრდას მორალური თვალსაზრისით გამართლებულს, ხოლო ეკონომიკური თვალსაზრისით გაუმართლებელს უწოდებენ ექსპერტები. იმავე დროს მიაჩნიათ, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთათვის ხელფასის გაზრდა 2012 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

ცნობისათვის, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით (#12/52), 2012 წლის პირველი იანვრიდან შეიცვალა თბილისის მერიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები. სარგოები გაიზარდა 100-დან 200 ლარამდე ფარგლებში და ცვლილება შეეხო მხოლოდ თბილისის მერიისა და თბილისის რაიონის გამგეობების ქვედა რგოლის თანამდებობებს, დაწყებული დამხმარე მოსამსახურიდან, განყოფილების უფროსების, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილისა და რაიონის გამგეობის აპარატის უფროსის ჩათვლით.

ზემდგომი საჯარო მოსამსახურეების თანამდებობრივი სარგოები უცვლელი დარჩა და არ გაზრდილა.

საკრებულოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, 2012 წლის თბილისის ბიუჯეტში გაიზარდა სახელფასო ფონდიც. დედაქალაქის 648-მილიონიან ბიუჯეტში 26 175 700 ლარი ხელფასებზე მოდის, რაც გასული წლის მაჩვენებელს თითქმის 3 მილიონით აღემატება. 2011 წელს თბილისის ბიუჯეტიდან ხელფასებზე 23 250 000 ლარი დაიხარჯა.

მაშინ და დღესაც ამ ფაქტს დადებითად აფასებენ საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წევრები. თუმცა, მიაჩნიათ, რომ 2011 წელს მერიის სტრუქტურებიდან გათავისუფლებული ადამიანების ფონზე, დღეს თანამდებობრივი სარგოების გაზრდა პირდაპირ 2012 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

ახლა კი ირკვევა, რომ ხელფასები საბიუჯეტო ორგანიზაციაში მომუშავე ყველა დაბალი რგოლის თანამშრომელს ეზრდება. როგორც საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის თავმჯდომარე ნუგზარ ჭინჭარაული ამბობს, საუბარია მოხელეთა იმ 80%-ზე, ვისი ანაზღაურებაც, არსებული ინფლაციისა და მუდმივად მზარდი ფასების ფონზე, საარსებო მინიმუმს, ხშირად, ვერც აღწევს. ამ ცვლილების იმედს ნუგზარ ჭინჭარაულს აძლევს ის, რომ ფინანსთა სამინისტრო ამ საკითხზე უკვე მუშაობს.

"ჩვენი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრო უკვე მუშაობს საჯარო მოსამსახურეთა დაბალი რგოლების სახელფასო პოლიტიკაში ცვლილების მიმართულებით. იმედით, სახელმწიფო შეძლებს, ადეკვატური ანაზღაურებით დააკმაყოფილოს ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოს მნიშვნელოვან პოზიციებზე მუშაობენ. ამ იმედს გვიმყარებს ისიც, რომ ბიუჯეტმა უკვე გამონახა თანხები, სოფლის რწმუნებულების ხელფასები გაეზარდა", - ამბობს ჭინჭარაული.

საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთათვის თანამდებობრივი სარგოების შესაძლო ზრდაზე მეტყველებს 2012 წლის ბიუჯეტში სახელფასო ფონდისთვის გათვალისწინებული ხარჯები. მაგალითად, 2012 წლის 8-მილიარდიან ბიუჯეტში 1,133 მილიარდი ლარი შრომის ანაზღაურებაზე მოდის, რაც გასულ წელთან შედარებით 113 მლნ ლარით მეტია. შარშან ხელფასებზე ბიუჯეტიდან 1,020 მილიარდი დაიხარჯა, 2010 წელს - 993,483 მილიონი ლარი, ხოლო 2009 წელს - 941,632 მილიონი ლარი.

ამ ციფრებიდან ჩანს, რომ ხელისუფლებამ არჩევნებისთვის საბიუჯეტო რესურსების გამოყენება უკვე დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, როგორც ექსპერტები აცხადებენ, სახელფასო ფონდის გაზრდა თამამად შეიძლება ამის ერთ-ერთ მაგალითად ჩაითვალოს, რამდენადაც ბოლო წლების განმავლობაში ბიუჯეტში ხელფასების ანაზღაურებაზე გამოყოფილი თანხა არათუ იმატებდა, პირიქით, იკლებდა კიდეც.

"ცხადია, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავეთათვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდა უშუალოდ 2012 წელს, ანუ საარჩევნო წელს უკავშირდება. სხვა ახსნა მთავრობის ამ გადაწყვეტილებას არ აქვს. ძალიან კარგია, როცა ადამიანს დაბალი ხელფასი აქვს და მას უზრდიან, მაგრამ როდესაც ეს არჩევნების წელს ხდება, სერიოზულ ეჭვებს იწვევს.

თბილისის შემთხვევაში ეჭვს იწვევს ისიც, რომ 2010 წელს, მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, ქალაქის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან გაათავისულფლა რამდენიმე ასეული საკრებულოს, მერიისა და გამგეობების თანამშრომელი. რატომ? იმიტომ, რომ საარჩევნო წელი აღარ იყო და ამდენი ადამიანის შენახვა მათთვის ტვირთი გახდა. მიმდინარე წლის დასაწყისში კი შეცვალეს პოლიტიკა, გაზარდეს ხელფასები იმიტომ, რომ არჩევნების წელია.

საერთოდ, ბიუროკრატიაზე დიდი ფული არ უნდა იხარჯებოდეს. ამაზე ადრე თავად სააკაშვილიც საუბრობდა, თუმცა, როგორც ჩანს, სიტყვას არც ამჯერად ასრულებს. ხელისუფლება ცდილობს, რომ თავისი ადმინისტრაციული რესურსი საკუთარი შესაძლებლობების გასამყარებლად გამოიყენოს, რაც პრინციპულად მიუღებელია. მთავრობა ამით ცდილობს, რომ ვიღაცას ხელფასი მოუმატოს და ამით მყარი მხარდაჭერა მიიღოს", - აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ზვიად კანდელაკი.

საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავეთათვის ხელფასების ზრდას დადებითად აფასებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ავთანდილ სილაგაძე, თუმცა მიაჩნია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ასეთი გადაწყვეტილების მიღებით ხელისუფლება ამ ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს.

"ბოლო წლებში, გარდა მაღალი რანგის პირებისა, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებისთვის ხელფასი არ გაზრდილა. დღეს კი, როდესაც ინფლაციისა და კომუნალური გადასახადების ზრდის ფონზე ამ ადამიანებს ხელფასი ეზრდებათ, გამართლებულად მიმაჩნია. არსებობს ეჭვიც, რომ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით მიიღო. მთავრობას სურს, რომ ამ ადამიანების კეთილგანწყობა მოიპოვოს. ხელფასები რომ გასულ წელს გაზრდილიყო, ეს ეჭვი არ იარსებებდა, მაგრამ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ასეთი გადაწყვეტილების მიღება სწორედ ასეთი ეჭვის საფუძველს იძლევა", - აცხადება სილაგაძე.