საქართველოში ბიზნეს-გარემო დიდი ხანია გაუარესებულია, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები ამას ბოლო პერიოდში მიხვდნენ. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - ორგანიზაციებმა დაგვიანებული, მაგრამ სიტუაციის შესაფერისი კვლევები წარმოადგინეს. არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” მტკიცებით, ქვეყანაში ბიზნესგარემო გაუარესებულია. გამოცემა “ბლუმბერგის” რეიტინგით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით, მსოფლიოს 50 ქვეყნას შორის ვერ მოხვდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ბიზნეს-გარემო სავალალო მდგომარეობაშია და რეფორმების გატარებას დაუყონებლივ საჭიროებს. “მიგვაჩნია, რომ ბოლო დროს მსხვილი ბიზნესმენების მიერ მრავლად გაკეთებული განცხადებები, თითქოს საქართველოში ბიზნესის განვითარებას ხელს არაფერი უშლის, სიმართლესთან ახლოს არ არის. ამაზე მეტყველებს “ბლუმბერგის” მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი, რომელიც ბიზნესის კეთების სიმარტივის ეხება, რომელშიც საქართველო 50 ქვეყანას შორისაც კი ვერ მოხვდა. ბიზნეს-გარემოს მიმზიდველობა უცხოური ინვესტიციების შემოდინებას მნიშვნელოვნად განაპირობებს. ინვესტიციები კი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვინაიდან საქართველოს ინვესტიციების შიდა წყაროების დეფიციტი გააჩნია. ამ ფონზე ბიზნეს-გარემოს მიმზიდველობა და მისი სტაბილურობა საქართველოს ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. თუმცა, სამწუხაროა, რომ ხელისუფლება თავს მხოლოდ ბიზნეს-გარემოს მიმზიდველობის მხოლოდ ზედაპირული და ფასადური კომპონენტებით იწონებს და ძირეული პრობლემები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, სწორედ პოლიტიკურ ნებას უკავშირდება, კვლავ გადაუჭრელია”, - აცხადებენ აფბა-ში და ხელისუფლებას სისტემური და კომპლექსური რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდებენ. “მხოლოდ იმის მტკიცება, რომ ქვეყანა ბიზნესის კეთებისთვის ნამდვილ ოაზისს წარმოადგენს, ქვეყნისთვის არაფრის მომტანი არ არის და რაც მთავარია, საფუძველს მოკლებულია”, - აღნიშნავენ აფბა-ში. საქართველო ბოლო დროს საერთაშორისო რეიტინგები ხელში შემოადნა. ქვეყანა ერთბაშად ორ გავლენიან საერთაშორისო რეიტინგში ვერ მოხვდა. მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი მედიაჰოლდინგის “ბლუმბერგის” ანალიტიკოსებმა იმ 50 ქვეყნის რეიტინგი შეადგინეს, რომლებიც ბიზნესის კეთებისთვის საუკეთესოა, თუმცა საქართველო მათ ჩამონათვალში ვერ მოხვდა. რეიტინგის შედგენისას განმსაზღვრელი 6 ძირითადი კრიტერიუმი იყო: ეკონომიკური ინტეგრაციის ხარისხი, ბიზნესის წამოწყების ღირებულება, შრომისა და მასალების ფასი, საქონლის გადაადგილების ღირებულება, ნაკლები მატერიალური დანახარჯები და ადგილობრივი სამომხმარებლო ბაზრის მზადყოფნა. “ბლუმბერგის” ტოპხუთეულში მოხვდნენ ჰონგკონგი, ნიდერლანდები, ამერიკა, ბრიტანეთი და ავსტრალია. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რეიტინგში არიან ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, რუსეთი, უკრაინა. გარდა ამისა, საქართველოს დედაქალაქი მსოფლიო კონკურენტუნარიანი ქალაქების რეიტინგს მიღმა დარჩა. ECONOMIST INTELLIGENCE UNIT-მა და საფინანსო ჯგუფმა “სითიგრუპმა” მსოფლიოს 120 ქალაქი შეისწავლეს. როგორც რეიტინგის ავტორები აღნიშნავენ, მსოფლიო მოსახლოების ნახევარზე მეტი დღეს ქალაქებში ცხოვრობს, გლობალური ბიზნესიც სტრატეგიის შედგენას ქალაქისა და არა ქვეყნის პერსექტივის გათვალისწინებით იწყებს. რეიტინგში ქალაქები სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით გადანაწილდნენ: ეკონომიკური სიძლიერის მაჩვენებელი, ინსტიტუციური ეფექტურობა, სოციალური და კულტურული ნაწილი, გარემო და ბუნებრივი რისკები, საერთაშორისო მიმზიდველობა, ფინანსური მდგომარეობა. რეიტინგში პირველი ადგილი ნიუ იორკმა მოიპოვა. ხუთეულში ასევე არიან ლონდონი, სინგაპური, ჰონგ-კონგი და პარიზი. 120 ქალაქს შორის საქართველოს დედაქალაქი ვერ მოხვდა, ისევე როგორც საქართველო “ბლუმბერგის” რეიტინგში. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი რეიტინგების გამოქვეყნებისთანავე თავის მართლებას მოჰყვა. ქობალიამ რადიო” კომერსანტთან” საუბარისას განმარტა, რომ საქართველოს რეიტინგში მონაწილეობისთვის თხოვნა არ გაუგზავნია და მედიაჰოლდინგმა რეიტინგის შედგენისას ქვეყნის მაჩვენებლები ვერ გაითვალისწინა. მინისტრის მტკიცებით, დასახელებულ 6 კრიტერიუმში საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში უდავო ლიდერია და მომავალში “ბლუმბერგის” რეიტინგში მონაწილეობას მიიღებს. |