კახელები გვალვას ებრძვიან, ქართლელები - უფულობას

კახელები გვალვას ებრძვიან, ქართლელები - უფულობას

გაზაფხული ახლა დაიწყო და სოფლის მეურნეობის მიმართულებით რაგინდარა პრობლემებმა იჩინა თავი. ზოგი უამინდობას უკავშირდება, ზოგიც უფულობა-უსახსრობას.

ქიზიყში უკვე გვალვას უჩივიან. ადგილობრივების ინფორმაციით, მზიანი ამინდები თუ გაგრძელდა, ხორბლისა და ქერის მოსავლის დიდი ნაწილი დაიკარგება. “დედოფლისწყაროში რამდენჯერმე ძლიერი ქარის გამო ზოგიერთ ნაკვეთებში ყანები დაიქარა. ფესვებს მიწა აქვს გამოცლილი. თანაც გვალვა დაერთო. თუ წვიმა არ მოვიდა, დიდი რაოდენობით მოსავალი დაიკარგება.

მე ყანა სხვადასხვა ადგილებზე, 130 ჰექტარ ფართობზე მაქვს.  ზოგ ნაკვეთში 50%-ით არის ყანები დაქარული. იქ წვიმის შემთხვევაშიც არ მოვა უდანაკარგო მოსავალი”, - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ფერმერმა ბაჩუკი გონაშვილმა.

მისივე თქმით, 15-20 წელია ქარსაცავი ზოლები აღარ არის და ქარის გამო მოსავალი ზიანდება. “ნაქარალის გამო ვინმეს ყანები თუ დაუზიანდა, ჩვენთან განცხადებით არავინ შემოსულა. ქარმა რომ ჯეჯილს ძირი გამოუღო, იმ პერიოდში თოვლი მოვიდა და ყანა ისევ წამოვიდა.

ამ მხრივ სავალალო არაფერია, მაგრამ ახლა ყანებს გვალვა აწუხებს. თუ ასე გაგრძელდა, მოსავალს მინიმუმს ავიღებთ”, - აღნიშნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ სოფლის მეურნეობის დარგში რევაზ ქოქიაშვილმა.

დედოფლისწყაროში ხორბალი და ქერი 22 ათას ჰექტარზეა დათესილი. 1500 ჰექტარზეა დათესილი ხორბალი შირაქში, ახმეტის რაიონის კუთვნილ ტერიტორიაზე. ქარმა ელდარისა და სამუხის საძოვრების მიმდებარე ტერიტორიაზე ყანა 400 ჰექტარზე დააზიანა. სოფელ კასრისწყლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ზაზა გოჩილაიძის თქმით, უნალექო ამინდების გამო შეიძლება ნაქარალი ყანები გადასახნავი გახდეს.

კახეთში ის მაინც მოახერხეს, რომ ყანები დათესეს და ახლა თუ ბუნებაც ხელს შეუწყობს, ასე თუ ისე, მოსავალს მოიმკიან. შიდა ქართლში გლეხები ყანებამდე მისვლას ვერ ახერხებენ. მიზეზი კი უფულობაა.

მაგალითად, ქარელის მოსახლეობას მიწის მოხვნის საფასური გაუძვირეს. აქამდე ერთი მეასედი მიწის ნაკვეთის მოხვნის საფასური 80 თეთრიდან 1 ლარის ფარგლებში მერყეობდა და აღნიშნულ თანხაში საწვავის ღირებულებაც შედიოდა. წლეულს კი გლეხებს ერთი მეასედის მოხვნაში 2 ლარს სთხოვენ.

“იმის მიუხედავად, რომ შარშანდელთან შედარებით დიზელის ფასი მინიმალური ოდენობით - 5-10 თეთრით არის შეცვლილი, გაცილებით მეტად გაძვირდა ნაკვეთების მოხვნის ღირებულება.  ტრაქტორების მფლობელები მიწის ერთ მეასედს 1 ლარად მხოლოდ იმ პირობით გვიხნავენ თუკი საწვავს ჩვენ შევიძენთ. ეს საერთო ჯამში თითო მეასედზე 2 ლარი ჯდება ან საკუთარი საწვავით ხნავენ 2 ლარად”, - აცხადებენ ქარელელები.

მათივე ცნობით, მოხვნის საფასური თავდაპირველად “მთავრობის ტრაქტორებზე” გაიზარდა და შემდეგ 2-ლარიანი ტარიფი კერძო პირებმაც დააწესეს.

აღსანიშნავია, რომ ქარელის მოსახალეობა მიწის დამუშავების საფასურის გაძვირებას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის დარიგებულ 30-ლარიან ვაუჩერებს უკავშირებს და ეჭვობს, რომ მთავრობა ვაუჩერებით გაღებული თანხის უკან ამოღებას შესაძლოა, ამ მეთოდით ცდილობდეს.

მიწის დამუშავების საფასურის მომატებას ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი ადასტურებს, რომლის ინფორმაციით, მსგავსი პრობლემა არა მხოლოდ ქარელში, არამედ მთელ შიდა ქართლში, მათ შორის კასპსა და გორშიც დადგა. დეპუტატის მონაცემებით, შიდა ქართლში ერთი ჰექტარი მიწის დამუშავება წელს 200-250 ლარამდე გაძვირდა.

“ჩვენ დიდი ხანია, ვამბობთ, რომ ეს სამთავრობო ტრაქტორები, რომელიც სერვის-ცენტრებშია გადანაწილებული, გლეხებისთვის მიუწვდომელია და მხოლოდ პოდიუმზე სატარებლად გამოიყენება. შიდა ქართლის რეგიონში ჩვენი რაიონული ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სერვის-ცენტრებში გამოკრული ფასების მიხედვით, ერთი მეასედი მიწის ნაკვეთის მოხვნა წელს 1,30-1,40 ლარს შეადგენს.

ამასთან, ტრაქტორების ნაკვეთებამდე მისაყვანად გლეხებს დამატებით საწვავის ჩასხმასაც სთხოვენ, რაც ჯამში, მანძილის მიხედვით, ერთი მეასედი 2 ლარიც ჯდება და ზოგ შემთხვევაში უფრო მეტიც”, - განუცხადა სააგენტო “პირველს” ახვლედიანმა.

ქარელის მცხოვრებლებისა და პარლამენტის ერთ-ერთი ოპოზიციონერის ინფორმაციას, კატეგორიულად უარყოფს შპს “მექანიზატორის” ხელმძღვანელი ბესიკ თეთვაძე, რომლის მტკიცებით, მიწის მოხვნის საფასური 1 ჰექტარზე რეგიონების მიხედვით 110-140 ლარის ფარგლებშია და ამ ნიშნულს არსად არ აღემატება.

“თითო მეასედზე 2 ლარი, წარმოუდგენელი ფასია. შესაძლოა, ასე კერძო სექტორი მუშაობს, მაგრამ ჩვენთან არც ერთ რეგიონში ასეთი ფასი დაწესებული არ არის”, - ირწმუნება “მექანიზატორის” დირექტორი.