მრავალპოლარული ევროპის აჩრდილი

მრავალპოლარული ევროპის აჩრდილი

[მარკ ლეონარდისაერთაშორისო ურთიერთიერთობების ევროპული საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი; openDemokracy]

 

სარკოზი, მერკელი და მედვედევი გლობალური უსაფრთხოების ახალ ევროპულ კონცეფციას განიხილავენ. რადგან დღევანდელი წესრიგი არაეფექტური და არაადეკვატურია, რუსეთის დისკუსიაში ჩართვა აბსოლუტურად დროულია.

 

საფრანგეთის საზღვაო კურორტი დოვილი ცნობილი 19–ე საუკუნის ბოლოს გახდა – დიდი სასტუმროებისა და მდიდრული კაზინოების ეპოქაში. ეს ევროპის ეპოქა იყო, რომელსაც დიდი სახელმწიფოები ინაწილებდნენ, საკუთარ ტერიტორიებს ყურადღებით იცავდნენ და მათი გავლენის სფეროები ერთმანეთისას მუდმივად ეჯახებოდა. ამგვარად, დოვილი, სრულად შეესაბამება 18 ოქტომბრის სამიტს კონტინენტის უძველესი სახელმწიფოების (გერმანიის, რუსეთის და საფრანგეთის) მონაწილეობით, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ევროპა დღეს კვლავ მრავალპოლარული ხდება.   

 

ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი რუსეთთან ურთიერთობებს აგვარებენ, ვარაუდობენ რა, რომ ევროპული უსაფრთხოება მხოლოდ ნატოს ან ევროკავშირის პრობლემა აღარ არის. ამაში ისინი მართლები არიან. შეერთებულმა შტატებმა გასაგებად გამოხატა საკუთარი პოზიცია, რომ ის ახლა ნაკლებადაა დაინტერესებული ევროპის შიდა უსაფრთხოებით.

 

ამას ისიც მოწმობს, რომ პრეზიდენტმა ობამამ უარი თქვა ბერლინის კედლის დაცემის ოციწლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დასწრებოდა. გარდა ამისა, დღევანდელი წესრიგი უბრალოდ არაეფექტურია – მან ვერაფერი ვერ დაუპირისპირა ომებს კოსოვოსა და საქართველოში, ბოლოდროინდელ არეულობას ყირგიზეთში და კონტინენტზე მიმოფანტულ ე.წ. გაყინულ კონფლიქტებს.

 

შეფერხდა ასევე ევროპის კავშირის აღმოსავლეთით გაფათოების დიდი პროექტიც. ცხადია, რომ მაშინაც კი, როდესაც თურქეთი და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანდებიან (რასაც ჩვენ, საერთაშორისო ურთიერთობების ევროპულ საბჭოში ჯერ კიდევ ვიმედოვნებთ) ნატო და ევროკავშირი არ იქნებიან ევროპული უსაფრთხოების ის ძირითადი ინსტიტუტები, რომელიც ყველა ევროპულ ქვეყანას მოიცავს. ამიტომ აუცილებელია, ევროპელებმა ხელახლა გაიაზრონ საკუთარი უსაფრთხოების კონცეფცია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სამიტის დღის წესრიგი აბსოლუტურად მართებულია, მონაწილეთა შემადგენლობა არასწორია.     

 

რუსეთი მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა იჯდეს. მისთვის ყოველთვის მიუღებელი იყო ცივი ომის შემდეგ ჩამოყალიბებული წესრიგი და ახლა საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ მას ღიად დაუპირსპირდეს. იმავდროულად, ის საკმაოდ გახსნილია თანამშრომლობისთვის და რამდენიმე წლის წინ თავად მედვედევი გამოვიდა ინიციტივით დაწყებულიყო მუშაობა ევროპული უსაფრთხოების ახალ შეთანხმებაზე.

 

ამ მაგიდასთან ადგილი თურქეთსაც ეკუთვნის – ევროპული კონტინენტის ერთ–ერთ მომავალ პოლუსს. როგორც ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავითოღლუმ განაცხადა, ის პოლიტიკის სუბიექტია და არა ობიექტი. თურქეთის გავლენის სფერო იწყება შუა აზიაში და კავკასიის გავლით ახლო აღმოსავლეთსა და დასავლეთ ბალკანეთზე ვრცელდება. ევროპას, რომელსაც ამ სადაო რეგიონში ასევე აქვს გავლენა და ინტერესები, თურქეთს ან კონკურენცია უნდა გაუწიოს, ან ითანამშრომლოს მასთან. იგივე ხდება იმ რეგიონებთან მიმართებაშიც, რომლებსაც რუსეთი თავის „ახლო საზღვარგარეთს“ უწოდებს.

 

გარდა ამისა, მოლაპარაკებებში ევროკავშირიც უნდა მონაწილეობდეს, თუმცა მის ბევრ წევრს არ მოსწონს ის, რომ მათ ბერლინი და პარიზი წარმოადგენდეს. მათი მხრიდან უფრო გონივრული იქნებოდა, საკუთარ წარმომადგენლად ბარონესა ეშტონი აერჩიათ. ეს ლისაბონის შეთანხმების ლოგიკური შედეგი გახდებოდა, გარდა ამისა, ასეთი გადაწყვეტილება იმ არანორმალური სიტუაციის დასრულებას შეუწყობდა ხელს, როდესაც ევროკავშირი – ევროპული უსაფრთხოების ერთ–ერთი საკვანძო გარანტი – კონტინენტზე უსაფრთხოების არცერთ ინსტიტუტში წარმოდგენილი არ არის.

 

არსებული ინსტიტუტების შეკეთების ნაცვლად, საჭიროა მათთვის ახალი სულის ჩაბერვა. ნატოს შეუძლია რუსეთი ამერიკელების მიერ ინიცირებულ ანტისარაკეტო ფარის პროექტში ჩართოს, და ობამას მიერ დაწყებულ „გადატვირთვაზე“ დაყრდნობით, უსაფრთხოების  საერთოკონტინენტალური იდენტობა შექმნას, რომელიც ფოკუსირებულია ევროპის საგარეო საფრთხეებზე. თუმცა, გარდა ამისა, ევროკავშირმა შიდაევროპული უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში თავისი მეზობლები უნდა მოიზიდოს.

 

მან ნდობა უნდა მოიპოვოს ევროპულ სახელმწიფოებს შორის და უნდა უბიძგოს მათ სიმტკიცის დემონსტრირებისკენ – კერძოდ, მოიზიდოს რუსეთი ისეთი გაყინული კონფლიქტების გადაწყვეტაში, როგორებიცაა დნესტრისპირეთი, და მხარი დაუჭიროს თურქეთის მონაწილეობას ბოსნიის პრობლემების გადაწყვეტაში. აუციელებელია რეგულარული არაოფიციალური სამმხრივი დიალოგი ევროკავშირს, თურქეთს და რუსეთს შორის, რომელიც მათ ამ საკითხებზე მუშაობის საშუალებას სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოებთან ერთად მისცემს.

 

დოვილში შეხვედრა და ნატოს ნოემბრის სამიტი, რომელზეც ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის განხილვა იგეგემება, იმაზე მიუთითებს, რომ ევროპული უსაფრთხოების ხელახლა გააზრების დროა. ბოლო ათი წლის დიდი ნაწილი  ევროკავშირმა ისეთი ევროპული წესრიგის დაცვას მოახმარა, რომელიც აღარ მუშაობს.

 

ის მომავალში მრავალპოლარულ მსოფლიო წესრიგს იმედოვნებდა, რომელიც, როგორც ჩანს, არასდროს იქნება. ახლახანს საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში „მრავალპოლარული ევროპის აჩდილი“ ნათქვამია, რომ საწიროა შემოქმედებითი და გონივრული რეაგირება ცვალებად სიტუაციაზე და რუსეთის და თურქეთის მოთხოვნების გათვალისწინება, რომლებიც სრულფასოვანი მოთამაშეები არიან.

 

ლორდ ისმეის თუ დავესესხებით, შეიძლება ითქვას, რომ უასაფრთხოებისადმი ახალი მიდგომის ამოცანა ერთიანი  ევროპის, პოსტიმპერიული რუსეთის და ევროპული თურქეთის შენარჩუნება.

Foreignpress.ge