ქობულეთელები, ბანკებიდან აღებული სესხების დასაფარად, ვალის გადავადება-რესტრუქტურიზაციასა და ვალების დასაფარად დაბალპროცენტიან სესხს ითხოვენ. ქრისტიან-დემოკრატების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნიაზ ზოსიძის ინფორმაციით, 3 ათას ხელმოწერას დაბალპროცენტიანი სესხის გაცემის მოთხოვნით პარლამენტშიც შეიტანენ. “ხელისუფლების გადასაწყვეტია, როგორ მოხდება დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხებით მოსახლეობის პრობლემის მოგვარება. სამშაბათს საქართველოს პარლამენტში ქობულეთიდან 3 ათას ხელმოწერას წარვადგენთ, სადაც ისინი ითხოვენ, მათი გადახდის ვადა გახანგრძლივდეს და მათ მიეცეთ დაბალპროცენტიანი სესხი. ქობულეთში რაც ხდება, ეს ნიშნავს, ხალხს აუკრძალო სიცოცხლე და წაართვა ცხოვრების ნება. ისინი უბედურ დღეში არიან და სწორედ, ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა”, - აღნიშნა ნიაზ ზოსიძემ. უკვე ერთ კვირაზე მეტია ქობულეთში, სანაპირო ზოლზე,ბანკებიდან აღებული სესხის გადაუხდელობის გამო, აღსრულების სამსახური 271 ოჯახის გამოსახლებას ცდილობს. მათ ვალი, ძირითადად, ოჯახური ტიპის სასტუმროების მოსაწყობად აქვთ აღებული. რამდენიმე დღის წინათ მეგრელიძეების ოჯახის გამოსახლების დროს მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა.როგორც ქობულეთლები აცხადებენ, ისინი არ დათმობენ მათ კუთვნილ ტერიტორიას. “როცა გავიგებთ, რომელიმე ოჯახს ასახლებენო, ქუდზე კაცი გამოდის გარეთ. ვინ არის დღეს უწიგნური? ნებისმიერი ბიზნეს გეგმის უკან დგას ფორსმაჟორი, რომელიც ითვალისწინებს ეკოლოგიურ კატასტროფასა და ომს. ომი იყო, ეს ყველამ იცის. ამბობენ, თქვენს სახლებს ბომბი არ დასცემიაო. როცა ბანკებს მივმართეთ, მათ გვითხრეს, რომ სახელმწიფომ უნდა მოგვიხსნას პროცენტი. ასეთ დღეში ხალხი სახელმწიფომ ჩააგდო და მანვე უნდა გამოიყვანოს ჩიხიდან”, -აღნიშნავენ ქობულეთლები. საკურორტო ქალაქში მცხოვრებმა 271-მა ოჯახმა საფინანსო ორგანიზაციებიდან სესხი კერძო ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის განვითარების მიზნით 2006-08 წლებში აიღო. ხელშეკრულებით მხარეთა პირობები გულისხმობდა გრძელვადიან ურთიერთობას, თუმცა კერძო ბანკებმა და საფინანსო ორგანიზაციებმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, მათთვის საზიანო პირობები ისე აამოქმედეს, რომ ყველა კრედიტორი ფაქტის წინაშე აღმოჩნდა. მოსახლეობის მტკიცებით, ბანკებმა დაარღვიეს ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი პირობა. დღეს კი, მათი ინფორმაციით, ქობულეთელების კარმიდამოებს, აუქციონის წესით თურქეთის, სომხეთისა და ჩინეთის მოქალაქეები ეუფლებიან. კომერციული სტრუქტურების მიმართ არსებული დავალიანების გამო, საცხოვრებელი სახლებიდან ადამიანების გამოსახლების პროცესი წინა კვირას უნდა დაწყებულიყო. თუმცა, პროცესი რამდენიმე დღით გადავადდა. ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება არც კი აპირებს საკუთარი მოქალაქეებს ყური დაუგდოს და როგორმე ხელი შეუწყოს პრობლემების დაძლევაში. აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ ბანკებისა და ქობულეთელების დავაში ისინი არ ჩაერევიან. “საქმე ეხება კომერციული ბანკებისა და მოსახლეობის დავას, ამაში კი სახელმწიფო ვერ ჩაერევა. ჯერჯერობით არც კი განიხილება ამ საკითხში მთავრობის ჩართვის შესაძლებლობა”, - აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში. |