ეგვიპტის ეკონომიკა პირამიდაში ბრუნდება

ეგვიპტის ეკონომიკა პირამიდაში ბრუნდება

გასულ წელს ეგვიპტის პრეზიდენტის ხოსნი მუბარაკის რეჟიმის დამხობის შემდეგ ქვეყნის სათავეში ახლადმოსულმა პოლიტიკოსებმა ხალხის გულის მოსაგებად და საკუთარი პოზიციების გასამყარებლად რამდენიმე პოპულისტურ ნაბიჯს მიმართეს. ამან ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და მკვეთრი ვარდნის ეტაპი დადგა. ასე რომ, საფრთხის წინაშე აღმოჩნდა რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი – ეგვიპტელთა კეთილდღეობის გაუმჯობესება.


ახალმა მთავრობამ გადაწყვიტა მუბარაკის დროს გატარებული ეკონომიკური რეფორმები გააუქმოს. როგორც ცნობილია, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ნაზიფმა 2004 წელს რეფორმების მასშტაბური პროგრამის გატარება დაიწყო. მისი მიზანი იყო ფინანსურ სექტორში ბიუროკრატული წინააღმდეგობების აღმოფხვრა, შიდა ვაჭრობის ლიბერალიზაცია და ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შემცირება. გარდა ამისა, თანდათანობით მოხსნეს უცხოურ ვალუტასთან წვდომაზე შეზღუდვები, შეამცირეს იმპორტზე გადასახადები და გააუმჯობესეს საინვესტიციო გარემო.


ყოველივე ამის წყალობით 2004-დან 2008 წლამდე ეგვიპტის ეკონომიკის ზრდის ტემპი 4,1-დან 7,2 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო 2009-2010 წლებში, გლობალური რეცესიის მიუხედავად, 5 პროცენტის ფარგლებში შენარჩუნდა. ყველაფერ ამას ხელი უცხოური კაპიტალის დიდი რაოდენობით მოდინებამ შეუწყო. 2011 წელს მდგომარეობა რადიკალურად გაუარესდა, ეკონომიკური ზრდის ტემპი 0,5 პროცენტამდე შემცირდა, ინფლაცია კი სარეკორდოდ გაიზარდა. ძლიერ მოიმატა უმუშევრობის მაჩვენებელმაც. ქვეყანამ დაკარგა ძალიან ბევრი ტურისტი, ბიუჯეტის დეფიციტმა შიდა პროდუქტის 10 პროცენტს მიაღწია, სახელმწიფო ვალმა კი შიდა პროდუქტის 76 პროცენტს.


ყველაზე ცუდი კი ის გახლდათ, რომ ძლიერ შემცირდა უცხოურ ვალუტაში არსებული რეზერვები. ამის მიზეზი ეგვიპტიდან უცხოური ინვესტორების გაქცევა და მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუარესება გახლდათ.


შიდა დისბალანსის მკვეთრი ზრდის პირობებში ეგვიპტის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის პირობებში ეგვიპტური ფუნტი დაეცვა. კერძოდ, გაცვლით კურსს, რომელიც ფორმალურად განისაზღვრებოდა როგორც “მართვადი დინება”, ნება მისცა მხოლოდ 3 პროცენტით დაცემულიყო. თანაც ამას მეტი მნიშვნელობა მიენიჭა, ვიდრე სავალუტო რეზერვების დაკარგვას.


დღეს ეგვიპტეს აწუხებს არა მარტო არასტაბილური შიდა პოლიტიკური სიტუაცია და რეზერვების კიდევ უფრო კლება, არამედ ქვეყანას სავალუტო კრიზისის საფრთხე ემუქრება. გასული წლის ნოემბრიდან ქვეყნის ეკონომიკაში სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვისაგან 3,5 მილიარდი დოლარი შევიდა. გარდა ამისა, ეგვიპტელმა სამხედროებმა მთავრობას 1 მილიარდის ოდენობის კრედიტი მისცეს, კიდევ 1 მილიარდი კი გრანტის სახით საუდის არაბეთისა და ყატარისაგან მიიღეს. შედეგად, გასული წლის ბოლოსთვის რეზერვების კლებამ 22 მილიარდ დოლარს მიაღწია. ქვეყნის შემოსავლის მთავარმა წყარომ, ტურიზმმა მხოლოდ 8 მილიარდი დოლარი მოიტანა. ეგვიპტური იმპორტი ექსპორტს ორჯერ აჭარბებს, რის გამოც 2011 წლის ბოლოს სავაჭრო დეფიციტმა 10 მილიარდი დოლარი შეადგინა.


ეგვიპტეს ფინანსური დახმარება ძალიან სჭირდება. ქვეყანამ სასწრაფოდ 14-15 მილიარდი დოლარი უნდა მიიღოს, რომ ამ ეტაპზე ფინანსირების დეფიციტი აღმოფხვრას. ეს დამოკიდებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის რეალიზაციაზე, რომელიც 3,2 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. თუ პროგრამა შედგა, მაშინ შემდეგი პაკეტების სხვადასხვა ორგანიზაციისაგან გამოყოფაც იქნება შესაძლებელი.


თუ დახმარება მოვა, მაშინ ეგვიპტე თავისი პრობლემების ნაწილის გადაჭრას შეუდგება. მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი ამოსუნთქვის ტოლფასი იქნება, ქვეყანას ეკონომიკის სტიმულირების გრძელვადიანი სტრატეგია სჭირდება. ყველა ზემოთჩამოთვლილი პრობლემა კვლავინდებურად გადაუჭრელია. ეგვიპტე თვალნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ეკონომიკურ განვითარებაზე. და თუ ეკონომიკური პრობლემები არ მოგვარდა, ეგზომ დიდი შრომით მოპოვებული პოლიტიკური მიღწევები წყალში ჩაიყრება.