საფრანგეთი საფრთხეშია

საფრანგეთი საფრთხეშია

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ქვეყანაში სიტუაცია იძაბება. სამი ათწლეულის განმავლობაში მემარჯვენე და მემარცხენე ძალების ძალისხმევით ქვეყანა სრულიად შეუსაბამო მიზნებისაკენ ისწრაფვოდა. ახლა კი, სახელმწიფო ვალების გათვალისწინებით, რომელიც ადგილობრივ ეკონომიკასა და ბანკებზე მძიმე გავლენას ახდენს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მალე რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება.


ანალიტიკოსთა უმრავლესობა თვლის, რომ საფრანგეთის ეკონომიკური პრობლემების მიზეზი ევრო არ არის, მაგრამ ერთიანი ვალუტისადმი ქვეყნის პოლიტიკოსთა ერთგულების გამო ამ პრობლემების გადაჭრის გზაზე ბარიერები იქმნება. მთავარი პრობლემა კი ის გახლავთ, რომ ძლიერ ხელგაშლილი ეკონომიკური მოდელი - “საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო” ევროს ზრდას ხელს უშლის. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სახელმწიფო დანახარჯებმა საფრანგეთში შიდა პროდუქტის 57 პროცენტი შეადგინა. შედარებისათვის, ეს მაჩვენებელი გერმანიაში 48, ბრიტანეთში კი 51 პროცენტი იყო.


განსაკუთრებით სერიოზული სტრუქტურული ხარვეზები ეხება ხელფასზე არსებულ მაღალ გადასახადებს და შრომის ბაზრის რეგულირებას. ამასთან, საფრანგეთში უმუშევრობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. საერთოდ, ეს უკანასკნელი ქვეყანას კარგა ხანია აწუხებს. გასული წლის 70-იანი წლებიდან, როცა საფრანგეთს პრეზიდენტი დესტენი მართავდა, უმუშევრობა ყოველწლიურად, გამუდმებით იზრდებოდა და 1980 წლისათვის 6,3 პროცენტს მიაღწია.


1981 წელს ხელისუფლებაში ფრანსუა მიტერანი დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის დაპირებებით მოვიდა. მიტერანმა დაპირება შეასრულა, მაგრამ შემდეგ უმუშევრობა კვლავ გაიზარდა 1997 წელს 11,4 პროცენტს მიაღწია. მას შემდეგ უმუშევრობის მაჩვენებელი საფრანგეთში 8 პროცენტის ნიშნულს მხოლოდ ერთხელ, 2008 წელს ჩამოცდა.


უმუშევრობის მაღალმა დონემ და პროდუქციის ერთეულზე გათვლით სამუშაო ძალაზე მაღალმა დანახარჯებმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. ამას დაუმატეთ სამუშაო რესურსების არასაკმარისად გამოყენება. ყოველივე ამასთან ერთად სახელმწიფო სოცუზრუნველყოფის გამუდმებულმა ზრდამ ბიუჯეტის ქრონიკული დეფიციტი მოიტანა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელად საფრანგეთის ბიუჯეტი პროფიციტული 1974 წელს იყო.


ამჟამინდელი წინასაარჩევნო კამპანია საფრანგეთის ფინანსურ მდგომარეობას უკავშირდება. ყველა აცხადებს, რომ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება აუცილებელია, მაგრამ მისი გზები სხვადასხვაგვარად ესახებათ. სარკოზის წინადადება ეკონომიკური ზრდის ტემპის დამსაქმებელთა დაბეგვრის შემსუბუქებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის გაზრდის საშუალებით მიღწევაში მდგომარეობს. სარკოზის მთავარი მოწინააღმდეგე, სოციალისტთა ლიდერი ფრანსუა ჰოლანდი კი აპირებს მდიდარი ადამიანების, მსხვილი ბიზნესისა და ფინანსური სექტორის ბეგარა გაზარდოს.


ანალიტიკისობი კი თვლიან, რომ საფრანგეთს მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება სჭირდება. სახელმწიფო დანახარჯების მკვეთრი შემცირების გარეშე საფრანგეთის ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება თითქმის წარმოუდგენლად ჩანს.


მაგრამ ახლა, წინასაარჩევნო პერიოდში ძნელი წარმოსადგენია, მთავრობამ მკაცრი ეკონომიის პოლიტიკა გაატაროს, ან კიდევ მისი პროპაგანდა გაბედოს. ამგვარი ძალა მარცხისათვის იქნება განწირული. ასე რომ, გამოდის, ის, რაც საფრანგეთს ყველაზე მეტად სჭირდება, გარკვეული პერიოდის მანძილზე მაინც, განუხორციელებელია. ეს კი ნიშნავს, რომ ევროპის მეორე ეკონომიკა წელში კარგა ხანს ვერ გაიმართება, ბიუჯეტის დეფიციტიც შენარჩუნდება და უმუშევრობის მაღალი დონეც. ხოლო თუ ყოველივე ამას ფინანსურ სექტორში რყევა დაემატა, რისი მცირე ნიშნებიც შეინიშნება, მაშინ საფრანგეთი კარგა ხნით რეცესიისათვის იქნება განწირული.