ჩინეთში საბანკო სისტემის ლიბერალიზაცია იწყება

ჩინეთში საბანკო სისტემის ლიბერალიზაცია იწყება

ჩინეთის მსხვილი სახელმწიფო ბანკები მონოპოლიას წარმოადგენენ, რომელიც უნდა დაინგრეს, თვლის ქვეყნის მთავრობის თავმჯდომარე ვენ ძიაბაო. მისი თქმით, სახელმწიფოსაგან კონტროლირებადი საბანკო სისტემა უნდა შეიცვალოს, ჩინური ბანკები ძალზე იოლად იღებენ მოგებას, რადგან მსხვილი ბანკების მცირე რაოდენობას მონოპოლია აქვს. სიტუაციის შესაცვლელად ჩინეთის მთავრობა აპირებს ფინანსურ სექტორში უცხოური კაპიტალის შედინებას მწვანე შუქი აუნთოს.


საბანკო სექტორის რეფორმირების შესახებ ჩინეთის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული ეს განცხადება ეკონომიკის განვითარების ახალი მოდელის შექმნის ერთ-ერთი ნაწილია. ცვლილებების გატარების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყნის ეკონომიკა კარგა ხნის მანძილზე მაღალი ტემპით იზრდებოდა, მაგრამ 2011 წელს ზრდის მაჩვენებელი 9,2 პროცენტამდე შემცირდა, წელს კი, როგორც ვარაუდობენ, 7,5 პროცენტი იქნება.


ვენის, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე პოსტს დატოვებს და ჩინეთს სათავეში მმართველთა მეხუთე თაობა ჩაუდგება, განცხადება ქვეყნის კაპიტალის ბაზარზე უცხოელი ინვისტორების დაშვების ლიბერალიზაციას ნიშნავს. ამგვარად მოიზიდება უცხოური სახსრები, შემცირდება კაპიტალის მოძრაობაზე მკაცრი კონტროლი და სტიმული მიეცემა იუანის ინტერნაციონალიზაციას.


როცა 1996 წელს ჩინეთმა იუანი მიმდინარე ოპერაციების ანგარიშზე კონვერტირებულად აქცია, იქვე აღინიშნა, რომ 10 წლის შემდეგ კაპიტალის მოძრაობის ლიბერალიზაცია განხორციელდებოდა. მაგრამ ეს არ მოხდა, რადგან პეკინს სურდა იუანის კურსი ეკონტროლებინა და თავისი ფინანსური სისტემა გარე შოკისაგან დაეცვა. თანაც, ამგვარად გიგანტური სავალუტო რეზერვების დაგროვება და ფინანსური დისბალანსის ფორმირება მოხდა.


როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩინური კომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, ამიერიდან უცხოურ კვალიფიციურ ფინანსურ ინსტიტუტს მატერიკული ჩინეთის კაპიტალის ბაზარზე 80 მილიარდი დოლარის დაბანდება შეეძლება. აქამდე ლიმიტი 30 მილიარდი დოლარი იყო. ამგვარად, უცხოელ ინვესტორებს საშუალება ექნებათ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ.


საინტერესოა, რომ ოთხმა ჩინურმა უმსხვილესმა სახელმწიფო ბანკმა - Industrial & Commercial Bank of China-მ, Bank of China-მ, Agricultural Bank of China-მ და China Construction Bank-მა გასულ წელს, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების მიუხედავად, სარეკორდო მოგება - მთლიანობაში 99 მილიარდი დოლარი მიიღეს. ამ ფინანსურ ინსტიტუტებზე მოდის ჩინური ბანკების მიერ გაცემული კრედიტების ნახევარზე მეტი.


ჩინეთის ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ეკონომიკას რეფორმირება და საფინანსო მომსახურების სექტორში კერძო კომპანიების მოსვლა სჭირდებოდა. გარდა ამისა, ანალიტიკოსთა აზრით, პეკინმა უნდა განახორციელოს მომხმარებლებთან ფულის გადაქაჩვა და მომსახურების სფეროს სტიმულირება. ყველა თანხმდება, რომ “დიდი ოთხეულის” ბანკები ძალიან გაიზარდნენ და თავიანთი მოღვაწეობის ოპტიმიზაციას და განვითარებას აღარ ახორციელებენ. ისინი, ფაქტობრივად, გარანტირებული შემოსავლით დალხენილ ცხოვრებას შეეჩვივნენ. 

დაგეგმილი რეფორმები ჩინეთის ეკონომიკას უდავოდ ძალიან წაადგება. მთავარია, ქვეყნის ხელისუფლებამ მათი გატარება არ გადადოს, როგორც ეს რამდენჯერმე უკვე მოხდა. ჩინეთის ხელისუფლება ბოლო მომენტში ეკონომიკის კონტროლზე უარს ვეღარ ამბობდა და ამა თუ იმ რეფორმის გატარებას გაურკვეველი ვადით გადადებდა ხოლმე.


ხოლო თუ რეფორმების განხორციელება დაიწყება, ჩინეთის ისედაც ძალზე სწრაფად მზარდ ეკონომიკას ძალიან წაადგება. ანალიტიკოსთა აზრით, ფინანსურ სფეროში უცხოური ინვესტიციების გაზრდის შემთხვევაში, მომავალ წელს ჩინეთის ეკონომიკა უკვე არა ნავარაუდევი 7,5 პროცენტი, არამედ 10 პროცენტზე მეტი იქნება.