სახელისუფლებო შაჰიდიზმი სამზარეულოებში შესული პოლიტიკისა და ქმედუუნარო ოპოზიციის აკომპანიმენტით

სახელისუფლებო შაჰიდიზმი სამზარეულოებში შესული პოლიტიკისა და ქმედუუნარო ოპოზიციის აკომპანიმენტით

ფაქტია, დღეს პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანაში მხოლოდ ხელისუფლება წარმართავს, ოპოზიცია კი, მარტო ტელედებატებში ან საგაზეთო პუბლიკაციებში აქტიურობს. ოპოზიციური სპექტრის ქმედებებიდან გამომდინარე, ჩნდება განცდა, რომ ამ ქვეყანას პრობლემები აღარ აქვს, ხელისუფლება იდეალურად ართმევს თავს დაკისრებულ სახელმწიფო ამოცანებს, ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, უფრო სწორად კი, ალბათ პოლიტიკურ დაჯგუფებებს საკეთებელი და შესაცვლელი, არაფერი აქვთ.

 

“ოპოზიცია ხელისუფლების კრიტიკის ნაცვლად, ერთმანეთს აკრიტიკებს. ქვეყანაში არ მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, ეს კი რევოლუციამდე მიგვიყვანს”, - აცხადებს პრესა.გე-სთან საუბარში ექსპერტი გია ხუხაშვილი.

 

გუშინ ერთის მხრივ, პრესკონფერენციაზე, ირაკლი ალასანიას დაჯგუფება აკრიტიკებდა ხელისუფლების ბიუჯეტს და ოპოზიციონერი ოქრუაშვილის პარტიას, ამ პოლიტიკურ ძალაში ვერვითარ ძალას ვერ ვხედავ, რაიმე შეცვალოს, რევოლუციების დრო საქართველოში დამთავრდაო. მეორეს მხრივ პრეზიდენტი სააკაშვილი ყვარლელ გლეხებს მოძღვრავდა, დღეს ყველას გამდიდრება მოუნდა, აგერ თესლი მოგეცით, თქვენც გაანძრიეთ ხელი და დათესეთო. “პირველი მე ვარ, ვინც ჩემი მთავრობის მოქმედებით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ყველამ ჩვენს გულში ჩავიხედოთ”, - თქვა პრეზიდენტმა.

 

პრეზიდენტის, მთავრობისა და ოპოზიციური დაჯგუფებებით უკმაყოფილო ამ ქვეყანაში ბევრია, მაგრამ როგორც ხუხაშვილი ამბობს, დღეს პოლიტიკური გარჩევები სამზარეულოებში მიმდინარეობს და სოციალურ პრობლემებზე უკმაყოფილების კონსოლიდაცია არ ხდება. უფრო მეტიც – არც ის ძალა ჩანს, რომელიც ხელისუფლებასთან დაპირისპირების რეჟიმს პოლიტიკური პროცესის ფორმას მისცემს.

 

დაუჯდება თუ არა ეს ყველაფერი ქვეყანას ძვირად, სწორედ ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ ინტერვიუს გია ხუხაშვილთან.

 

ძალიან მინელდა პოლიტიკური პროცესები. კონსტიტუციაში ცვლილებები შევიტანეთ, ოპოზიცია აღარ აქტიურობსრა ხდება – “კალაპოტშიჩადგა ცხოვრება, თუ ინტერესი დაკარგა პოლიტიკურმა პროცესებმა?

 

– მოდით, ასე ვთქვათ: ქვეყანა არის ღრმა კრიზისში. კრიზისს აქვს რამდენიმე გამოვლინება. ერთ-ერთი ისაა, რომ ჩვენ გვაქვს მთლიანად პოლიტიკური ელიტის კრიზისი. გარკვეული ტექნოლოგიით მოხდა ოპოზიციის დანაწევრება-დაქსაქსვა და ოპოზიცია დღეს თავის თავს ძალიან დაბალ ფასად აფასებს. თვლის, რომ ხელისუფლება სხვა ლიგაში თამაშობს, თვითონ, ასე რომ ვთქვათ  -“მეორე ლიგის” მოთამაშეა.

 

არ თვლის თავის თავს ხელისუფლების კონკურენტად. ისინი კონკურენეტებად ერთმანეთს აღიქვამენ. ძირითადად იმით არიან დაკავებულები, რომ ერთმანეთს აკრიტიკებენ. ლენინის ცნობილი გამოთქმაა “ჩვენ წავალთ სხვა გზით”. ეს ფრაზა ქართულ ოპოზიციაში ძალიან პოპულარული გახდა. ძირითადად, ოპოზიციის საქმიანობა გამოიხატება იმაში, რომ რომელიმე ერთი პარტია რაღაც გზას რომ გამოაცხადებს, ყველა სხვა თავს ვალდებულად თვლის, გამოვიდეს და თქვას: ეს კი არ არის სწორი გზა, აი, მე ვიცი ჭეშმარიტი გზა.

 

სულ ახლახანს, “ეროვნულმა ფორუმმაპარლამენტში პროცედურების დარღვევით შეიტანა 8 პარტიის მიერ მომზადებული საარჩევნო გარემოს ცვლილების შესახებ დოკუმენტი. “ნაციონალურმა მოძრაობამაც”, აბსოლუტურად სწორად, უარი თქვა მათ ამ ინიციატივის მიღებაზე. შემდეგ ალასანიასთავისუფალი დემოკრატებიდანერთ-ერთმა განმიცხადა, მაგათ მარტო თვითონ უნდათ აკეთონ ყველაფერიო. როცა ვკითხე, რატომ არ აუხსენით, მცდარ ნაბიჯს რომ დგამდნენ-მეთქი, მიპასუხა, თვითონ არ მკითხესო. ასეთ დონეზეა დასული ამ 8 პარტიას შორის თანამშრომლობაც

- კი, რა თქმა უნდა. რა არის იცით, საერთოდ გვაქვს ასეთი ტიპის პრობლემა. ოპოზიცია გრძნობს თავის სისუსტეს. ამ სისუსტის პირდაპირი გამოვლინებაა, რომ ძირითადად, დღეს ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმში არცერთი პარტია არ არის. ისინი დაკავებულები არიან ურთიერთბრალდებებით და კრიტიკით. არ ვიცი, რას მიაღწევენ ამით. ჯერ ცხელ ზაფხულს გვპირდებოდნენ, ახლა – შემოდგომას გვპირდებიან, მერე რას დაგვპირდებიან – არ ვიცი... ამ მხრივ ღრმა კრიზისში ვართ.

 

ძნელი სათქმელია, ეს ყველაფერი მთლიანად ხელისუფლების ნამოქმედარია, თუ თავად ოპოზიციაშიც გამოვლინდა ქრონიკული ხარვეზები. ფაქტია, რომ დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა საზოგადოებაში ნდობის დაბრუნება უნდა იყოს, რაც 2008-2009 წლებში დაკარგეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ნდობის აღდგენა ვერ ხერხდება, იმიტომ, რომ პოლიტიკური პროცესის დაძვრას ვერავინ ახერხებს. ხელისუფლება ოლიმპიდან მართავს ქვეყანას და ეს მისი სტილია, რომ არც ოპოზიციასთან და არც საზოგადოებასთან არ აქვს ნორმალური დიალოგის რეჟიმი.

 

ამით, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო ინტერესები ზარალდება, რადგან ქართული სახელმწიფოს ინტერესებშია, რაღაც პოლიტიკური ბალანსი მაინც გაჩნდეს ქვეყანაში. თუ ეს პოლიტიკური ბალანსი არ გაჩნდა, მაშინ ქვეყანაში პროცესები სტიქიურად და დრამატულად განვითარდება. დღეს თუ რამე ცუდი ხდება, ამ ყველაფერზე ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციასაც აკისრია პასუხისმგებლობა.

 

დრამატულს რას ეძახით? დააკონკრეტეთ

- საქმე ისაა, რომ ფაქტია, გარდაუვალია ქვეყანაში სერიოზული ცვლილებები, რადგან პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვაქვს – ეს იქნება ეკონომიკა, ეს იქნება სოციალური სფერო, ეს იქნება საგარეო პოლიტიკური რისკები და რაც მთავარია – რუსეთი.

 

2012 წლის თებერვალში რუსეთში არჩევნებია, გარკვეული ლოკალური გამარჯვება სჭირდებათ იმ რუს ლიდერებს, რომლებსაც თეთრ ცხენზე ამხედრებულებს უნდათ “რომში” შესვლა – თებერვალში. შესაბამისად, 2011 წელი რუსეთში წინასაარჩევნო წელია. ეს პერიოდი იქნება გამოყენებული, საქართველოს საკითხის საბოლოოდ გადასაწყვეტად. ზუსტად ეს გახდება თეთრი ცხენი პუტინისთვის, კრემლში მორიგი შესეირნება რომ განახორციელოს. შეიძლება, მეორე თეთრ ცხენად ბელორუსია მოგვევლინოს.

 

ეს სცენარი დრამატული იქნება ზუსტად იმიტომ, რომ ქვეყანაში არ აღმოჩნდება პოლიტიკური რესურსი, რომელიც მოახერხებს იმ დარტყმების შერბილებას, რაც რუსეთის მხრიდან შეიძლება განხორციელდეს. ეს პოლიტიკური რესურსი კი გახლავთ – შიდა პოლიტიკური სპექტრის მოქნილობა. დღეს, ფაქტობრივად, ჩვენ მივიღეთ უნიტარული მმართველობა, რაც გარდაუვალს ხდის რუსეთის მხრიდან ძალიან უხეში სცენარების განვითარებას.

 

რადგან რუსეთსნაციონალური მოძრაობისხელისუფლებასთან ლაპარაკი არ სურს..

- ამაშია ზუსტად პრობლემა, როდესაც ხელისუფლება მთლიანად იგნორირებულია რუსეთის მხრიდან და ხელისუფლების თუნდაც ნაწილიც კი არ არსებობს ისეთი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა ამგვარი დამოკიდებულების შერბილება. ეს, რა თქმა უნდა, აათმაგებს, იმ რისკებს, რის წინაშეც დგას ქვეყანა. ამაზე მხოლოდ ხელისუფლება არ იქნება პასუხისმგებელი, ამაზე პასუხს აგებს ის ოპოზიციაც, რომელიც ხან გვპირდება, რომ რეგიონებში გავლენ და ხალხს დაელაპარაკებიან, ხან - აი, დღეს თუ არა, ხვალ რაღაცას  გააკეთებენ და სინამდვილეში არაფერს აკეთებენ. ჩვენ გვყავს ტელეხელისუფლება ნაციონალურ არხებზე და ტელეოპოზიცია ლოკალურ არხებზე. ამით შემოიფარგლება პოლიტიკური აქტივობა.

 

ამ ბოლო დროს, რჩება შთაბეჭდილება, რომ პარტიები კი არ არიან ამ ქვეყანაში, არამედ, რაღაც პოლიტიკური დაჯგუფებები, მაგალითად ალასანიას პოლიტიკური დაჯგუფება, ოქრუაშვილის პოლიტიკური დაჯგუფება, ბურჯანაძის დაჯგუფება, თარგამაძის დაჯგუფება და ..

- კი, ასეა. რა არის იცით, ესეც ოჯახია რა, ანუ პარტიებს დასასახელებებით კი არავინ იხსენიებს, არამედ ასე – ალასანიას პარტია, ოქრუაშვილის პარტია, ნოღაიდელის პარტია. პერსონიფიცირება ხდება ამ პარტიების და მათი დასახელებები არავის აინტერესებს. სამწუხაროდ, ეს პერსონები ვერ არიან მაინცდამაინც ავტორიტეტულები საზოგადოებაში და არც დიდი ნდობით გამოირჩევიან.

 

თუმცა, ალასანიას დაჯგუფების აქტიურობა იმაში გამოიხატა, რომ, როგორც იქნა, ორი პარტიული ორგანიზაცია დაარსა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, 8 პარტიის შემუშავებულ საარჩევნო ცვლილებებში მიიღო მონაწილეობაიქნებ სამუშაო პროცესში არიან, რათა პარტია გაძლიერონ და ამიტომ არ აქტიურობენ, თუ რა ხდება?

- ალასანიასთან მე ბევრი პრეტენზია არ მაქვს, რადგან მან თავიდანვე გამოაცხადა, რომ ის 2012-2013 წლის არჩევნებისთვის ემზადება. ალასანია არასდროს ყოფილა ის პოლიტიკოსი, რომელიც რაღაც ზეიმედებს შექმნიდა და საზოგადოებას მიიყვანდა ამ იმედების მსხვრევამდე. ეს პასუხისმგებლობა მასზე არ ვრცელდება. მისი პოლიტიკური გზა ასეთი გახლავთ: მას, თავისი მიამიტობის, თუ პოლიტიკური პრაგმატიზმის გამო (ამას ისტორია აჩვენებს), რაღაცნაირად უნდა, რომ საარჩევნო ციკლში ჩაეწეროს და ამ ციკლის მიხედვით იაროს წინ და უკან, როგორც გამოუვა. სხვებთან სერიოზული პრობლემა გვაქვს ამ მხრივ. რაც შეეხება ალასანაის, ის არსად ჩქარობს და ამას ყველა თავის გამოსვლაში ამბობს.

 

ვისთან გვაქვს სერიოზული პრობლემებიოქრუაშვილის თუ ბურჯანაძის დაჯგუფებასთან?

- იცით, რა პრობლემები საერთოდ არ გვაქვს და არც არავისთან გვაქვს. პრობლემა რომ იყოს, ამისთვის უნდა არსებობდეს რაღაც ავტორიტეტი, თუნდაც უარყოფითი ხომ? დღეს, ფაქტობრივად, პრობლემა არ არსებობს, არა?

 

ხელისუფლებაც აღარ არის პრობლემა?

- პრობლემა გახლავთ სწორედ ის, რომ პრობლემა არ არის. პრობლემების უქონლობა დღეს არის ქვეყანაში ნომერ პირველი პრობლემა. დღევანდელი პოლიტიკური პროცესებიდან ასე გამოდის, რომ ხელისუფლებაც აღარ არის პრობლემა.

 

ანუ, ხელისუფლება კი ქმნის პრობლემებს და პრობლემებიც თავზე საყრელი გვაქვს, მაგრამ ვინც ამ ყველაფერს შეეწინააღმდეგება და პრობლემების შემქმნელებს თავადვე გაუჩენს პრობლემას, ასეთ ძალას ვერ ხედავთ?

- რა თქმა უნდა, ვერ ვხედავ პრობლემების გამხმოვანებელ და მაკონსოლიდირებელ ელემენტს. არ ვიცი, გააქტიურებს თუ არა ოპოზიციას საარჩევნო გარემოზე მუშაობა, ამას კი გვპირდებიან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ - სიტყვიერი დაპირებების საზოგადოებას აღარ სჯერა.

 

ოქრუაშვილის მხარესაც, ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ გაერთანებაში მოიაზრება, ქარიზმატულია, საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველას სერიოზული როლი აქვს ნათამაშევი, მაგრამ აქ ერთი პრობლემაა, ერთი ადამიანის გარდა, ყველა ჯერ დიდი მინუსებიდან უნდა გამოვიდეს. ეს არის პრობლემა, როგორ მოახერხებენ ისინი ამას, აქ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მე მაინც მიმაჩნია, რომ დრამატული მოვლენების თვალსაზრისით, გადამწყვეტ როლს, მაინც რუსული ფაქტორი ითამაშებს.

 

საზღვრების გახსნა ჩრდილოეთ კავკასიასთან, ირანთან დამეგობრება და უვიზო რეჟიმის შემოღება, ეს რა ფაქტორებია?

- ეს არის ცეცხლზე ნავთის დასხმა. გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ შემთხვევაში, გარკვეულწილად, ვიზიარებ რუსულ პოზიციას, რომ ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია, მაგრამ არა რუსეთთან, არამედ ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებაში. იმიტომ, რომ თუ ვინმე შეიძლება ამით დაზარალდეს, ეს ჩვენ ვართ, რუსეთი ამით არ დაზარალდება. ეს არის მორიგი ავანტიურა, რომელიც შეიძლება ჩვენთვის ძალიან ცუდად დამთავრდეს.

 

ირანთან უვიზო რეჟიმი, არ ვიცი შემდეგი ნაბიჯი რა იქნება, მაგრამ ასეთი ქმედებები მაღალი რისკის შემცველია. ქართული ხელისუფლება ნებისმიერი, თუნდაც პოლიტიკური შახიდიზმის გზით, ცდილობს, თავი გადაირჩინოს. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ მზად ვართ თავი ავიფეთქოთ და ჩვენ ირგვლივ ვინც არის, ისინიც ავაფეთქოთ. ეს წმინდა წყლის პოლიტიკური შახიდიზმია.

 

და ამ პრობელემებს არავინ ეწინააღმდეგება საქართველოში..

- დიახ, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი არ მიდის. ეს მაქვს მხედველობაში, როცა პრობლემების არარსებობაზე ვსაუბრობ. ძალიან შემაშფოთებელი რაღაცეები ხდება ქვეყანაში და არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ყველაფრის რეალურად შემაკავებელ ფუნქციას აიღებდა თავისთავზე. ეს არის ჩვენი პრობლემა. ნახევარი თბილისი რომ დაიჭირონ, მე მგონი, ხმის ამომღები არავინაა.

 

არასოდეს ხდება ხალხის გამოსვლა ქუჩაში სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით და მაინცდამაინცმიშა გადადექიუნდა ვიყვიროთ მიტინგებზე, თუმცა, ჯერ ვერავინდაამთავრამიშა... შესაბამისად, არ იდება შედეგიც. იციან, საერთოდ, ქართველმა ოპოზიციონერებმა რა არის პოლიტიკური საქმიანობა, ანუ შედეგიანი პოლიტიკა და შედეგის მომტანი პოლიტიკური ქმედებები?

- ეს არ არის მარტო პოლიტიკური პარტიების პრობლემა, ზოგადად საზოგადოების პრობლემასაც შეეხეთ. პროტესტის კონსოლიდაცია არც პოლიტიკურ და არც საზოგადოებრივ დონეზე არ ხდება. დათითოკაცებულები ვართ. თუ რამე პროტესტი გვაქვს, სამზარეულოებშია შესული და ყველა თავის ინეტერსს უყურებს, სხვისი ტკივილი არ აინტერესებს, ანუ დღეს საზოგადოებრივი ტკივილი არ არსებობს. ეს პოლიტიკის შედეგია, თუ თავისთავადი პროცესია, ამის თქმა გამიჭირდება.

 

პარტიებს რაც შეეხება… პარტიებმა შეიძლება, თეორიულად იციან, რა არის პოლიტიკა, მაგრამ პრაქტიკულ შედეგებს ვერ იღებენ, ესეც ფაქტია. რა თქმა უნდა, ქმედებაა პოლიტიკაში მთავარი, თორემ მარტო ლაპარაკი არ არის პოლიტიკოსების საქმე, ლაპარაკი შეიძლება ჩემი საქმე იყოს, როგორც ექსპერტის. მაგათი მთავარი საქმე - ქმედებაა.

 

დღეს მე ვერ ვხედავ რაიმე განსაკუთრებულ საფუძველს, რომ ვთქვა, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები გააქტიურდება, მაგრამ რაღაცა აუცილებლად მოხდება, ეს გარდაუვალია. რამდენადაც გასაკვირად არ უნდა მოგეჩვენოთ, პოლიტიკური პროცესის არარსებობა ზუსტად რევოლუციური განვითარების შანსებს ზრდის და არა – პირიქით.