როგორც ჩანს, ოფიციალური მოსკოვი სოხუმთან მარტო სარკინიგზო მიმოსვლით არ იფარგლება და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში საჰაერო მიმოსვლის აღდგენასაც გეგმავს. სოხუმის რეჟიმის ლიდერის, სერგეი ბაღაფშის განცხადებით, ამჟამად სხვადასხვა საკითხის შემუშავება და აეროპორტის მომზადება მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, აფხაზეთის საჰაერო სივრცე საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციამ “იკაომ” დახურა, რის გამოც აფხაზეთის ტერიტორიაზე საჰაერო მიმოსვლას ვერც რუსეთი და ვერც სხვა სახელმწიფო დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს. რა სანქციები დაუწესდება რუსეთს და ემუქრება თუ არა რუსეთს ამ ორგანიზაციიდან გარიცხვა? ამ საკითხებთან დაკავშირებით “პრესა.გე” აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსს, ბესიკ სილაგაძეს ესაუბრა.
რა კავშირშია სოჭის ოლიმპიადასთან სოხუმსა და მოსკოვს შორის ფრენების აღდგენა?
ბესიკ სილაგაძე: რამდენიმე დღის წინათ, გამოქვეყნდა ოფიციალური რუქა, სადაც აღნიშნულია რამოდენიმე ადგილი ოლიმპიური კომიტეტის მიერ, სადაც ჩაიყვანენ ამ სპორტსმენებს და აცხოვრებენ. საუბარია აფხაზეთზე. ასეთი იდეა რუსეთში გაჩნდა.
შესაბამისად, თუ რუსეთის მმართველ წრეებში ასეთი იდეა აქვთ, იქ ბაღაფშის რამეს გადაწყვეტს თუ არა, ეს აბსოლუტურად არაფრის მომცემი არაა. იქ თავიდან ბოლომდე თავის პოლიტიკას წარმართავს რუსეთი. რუსეთი ცდილობს ეტაპობრივად მიაღწიოს აფხაზეთის ასიმილაციას რუსეთის ფედერაციის სივრცეში.
აეროპორტის ამუშავება იქნება თუ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული რამოდენიმე ობიექტის შეტანა მომსახურების სიაში, ეს თავიდან ბოლმდე არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა. იმ სამართლის ნორმების, რომელსაც თავის დროზე თვით საბჭოთა კავშირმა მოაწერა ხელი.
ამ შემთხვევაში რუსეთი გაითვალისწინებს ამ ხელშეკრულებას?
- “იკაო” გახლავთ ცენტრალური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც აეროპორტს უნდა მიანიჭოს კოდი. მისმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ასეთ ტერიტორიას არ ცნობს და, რომ აფხაზეთი არის საქართველოს ტერიტორია და ფრენები მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ საქართველოს მთავრობა იქნება თანახმა. მარტივი ლოგიკაა, იქ, სადაც რომელიმე ორგანიზაციაში გაწევრიანებული წევრი არღვევს იმ ორგანიზაციის კანონმდებლობას, წესდება სანქციები.
კონკრეტულად რა სანქციები წესდება?
- ნებისმიერი სანქცია ორიენტირებულია იმაზე, რომ დამრღვევი წევრი დააბრუნოს სამართლებლივ სივრცეში. ხარისხზეა საუბარი, შეიძლება იყოს სერიოზული სანქციები, შეიძლება იყოს ნაკლებად სერიოზული სანქციები. ეს მათი გადასაწყვეტია. წევრის ორგანიზაციიდან გარიცხვის სანქციაც კი შეიძლება ამოქმედდეს.
ანუ ფრენების განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელია, რუსეთი გაირიცხოს ამ ორგანიზაციიდან?
- რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია. თვითონ მათი წესდებისდა მიხედვით, ეს ესაც უნდა მოხდეს. სხვა საკითხია,როგორი იქნება მათი პოლიტიკური ნება და როგორ მიუდგებიან ამ საკითხს.
მაგრამ, ვფიქრობ, რომ “იკაოს” პრეზიდენტის განცხადება, რომ ის არ ცნობს ბაბუშერას აეროპორტს, როგორც ცალკე აღებულ ერთეულს და რუსების მხრიდან განხორციელებული ფრენები უკანონოა, ცხადყოფს, რომ პოლიტიკური ნება უკვე სავსებით გამოიხატა მის ამ განცხადებაში.
სავარაუდოდ, როდის მოხდება სანქციების დაწესება?
- სავსებით შესაძლებელია, რომ ეს მოხდეს უახლოეს პერიოდში. გამომდინარე იქედან, რომ სოჭის ოლიმპიადა ახლოვდება, ვფიქრობ, “იკაო” უკვე გადავა უფრო აქტიურ მოქმედებებზე. ბოლოსდაბოლოს უნდა აამოქმედოს ის წესდება, რომელსაც ეყრდნობა ეს ორგანიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დგება საკითხი, გაირკვეს, საერთოდ რა საჭიროა ისეთი ორგანიზაცია, რომელიც საკუთარ წესდებასაც კი ვერ ასრულებს.
თურქეთმა რამოდენიმეჯერ დაარღვია ჩრდილოეთ კვიპროსის საჰაერო სივრცე, ასევე აზერბაიჯანმაც. მაგრამ არავითარი სანქციები ამ ქვეყნების მიმართ არ გატარებულა...
- თურქეთი და საბერძნეთი არიან ნატო-ს წევრი ქვეყნები და, შესაბამისად, მათი იმავე კონტექსტში განხილვა ცოტა ძნელია. მანდ რომ ასეთი სერიოზული სანქციები ამოქმედდეს, შესაძლებელია, სერიოზული სკანდალი თვითონ ნატოს ბლოკში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მან უფრო სხვანაირი მიდგომა იქნება, რომელიც საბოლოო ჯამში დაარეგულირებს ამ პროცესს.
თურქულმა და ბერძნულმა მხარემ დაიწყეს მოლაპარაკებები. რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებაში, აქ მსოფლიო თანამეგობრობის აზრი არის ცალსახად დაფიქსირებული. “იკაო” არის ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ემყარება გაეროს პრინციპებს. ადრე თუ გვიან რუსეთს აუცილებლად დაუწესდება სანქციები.
თუ ჩააყენეთ საერთაშორისო ორგანიზაციები საქმის კურსში, რომ რუსეთის საჰაერო მიმოსვლის აღდგენას გეგმავს აფხაზეთში?
- რა თქმა უნდა. აფხაზეთის მთავრობამ და ზოგადად საქართველოს მთავრობამ, ყველა დონის შეხვედრაზე დავსვით ეს საკითხი. უნდა მოხდეს რეაგირება იმ სამართლებრივ დარღვევებზე, რასაც რუსეთი ჩადის აფხაზეთთან მიმართებაში (ნუსხა ძალიან დიდია). ამ ბრალდებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ის, რომ რუსეთი არის “იკაოს” პრინციპების დამრღვევი.
რამოდენიმე დღის წინ შამბამ გააკეთა განცხადება, რომ ჟენევის მოლაპარაკებებს არაფრის მოტანა არ შეუძლია, იქ ყველაფრის წარმართველი რუსეთიაო. რას ნიშნავდა მისი ეს განცხადება?
- ამ განცხადებას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. როგორც კი მოვუსმინე ამ განცხადებას, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს პიროვნება პირდაპირი გაგებით ვერაფერს ვერ იტყოდა, იმიტომ, რომ ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე დადგებოდა.
ერთის მხრივ, რუსული პოზიცია დააფიქსირა, მაგრამ მეორეს მხრივ
ამით მსოფლიო თანამეგობრობას დაუდასტურა ის, რასაც ამდენი ხანი
აფხაზეთის მთავრობა იძახის, რომ აფხაზეთში თავიდან ბოლომდე
ყველაფრის წარმართველი არის რუსეთი.
სხვათა შორის, ხაჯიმბამაც გააკეთა განცხადება, რუსიფიკაციის პრობლემის წინაშე დადგა აფხაზეთიო...
- ჩიკრიბამაც გააკეთა განცხადება, ჩვენ რად გვინდა ისეთი დამოუკიდებლობა, თუ ტერიტორიას დავკარგავთ და მთლიანად გადავშენდებითო. მაგრამ ეს ვითარებას არ ცვლის.
და ბოლოს, როგორც ირკვევა რუსეთი გეგმავს ხანძრის შედეგად დაზარალებული რუსების აფხაზეთში ჩასახლებას. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
- აფხაზეთში ისედაც მძიმე დემოგრაფიულ სურათს დაემატება დამატებით ათასობით ადამიანი, რომელიც უკვე რუსეთის სასარგებლოდ შეცვლის დემოგრაფიულ სურათს აფხაზეთში. ვფიქრობ, რომ სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ აფხაზები, თუ ვის ხელში არიან და რა ემუქრებათ მათ. ხვალ შეიძლება რუსეთში გრიგალი ამოვარდეს, ზეგ წყალდიდობამ წაიღოს იქაურობა და ასეთ შემთხვევაში აფხაზეთი არის საუკეთესო ადგილი იმ ხალხის ჩასახლებისთვის, ეს არის რუსეთის პოლიტიკა.
რამდენიმე წელიწადში აფხაზები უკვე სანთლით იქნებიან საძებნი აფხაზეთში. თუ ისინი ამისთვის იბრძოდნენ, მაშინ აბსოლუტურად გაუგებარია, რას მიაღწიეს. ვფიქრობ, სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ და შესაბამისი კონტრღონისძიებები გაატარონ.
აფხაზეთში შექმნილია ძალიან მძიმე სიტუაცია, დღის წესრიგში დგას აფხაზების რეალური გადაშენების საფრთხე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ისინი თუ მათ ხმას შემოუერთებენ ჩვენს ხმას და მსოფლიო თანამეგობრობას ეტყვიან, რომ ყველაფერი, რასაც ამდენი ხანი აფხაზეთის მთავრობა ამტკიცებს, რეალობაა, ვფიქრობ, მათი, როგორც ერის, გადარჩენა სავსებით რეალურია.