კრემლის მოსკოვური პრობლემის არსი

კრემლის მოსკოვური პრობლემის არსი

საწყალი იური ლუჟკოვი… ის უბრალოდ ენას ვერ აჩერებს. ის იყო ჩადგა ქარიშხალი, რომელიც სექტემბერში მერის პოსტიდან მისი მოულოდნელი გადაყენების გამო ამოვარდა, რომ ლუჟკოვმა CNN-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ხელახლა დაესხა თავს რუსეთის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევს – კაცს, რომელმაც ის თანამდებობიდან გაათავისუფლა: „სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ჩვენ მედვედევის მმართველობის დროს ქვეყანაში ვხედავთ მთელ რიგ უსიამოვნო მოვლენებს – კატასტროფებს, ტერაქტებს, მოსავლის არ არსებობას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არ იძლევა პრეზიდენტის პოსტზე მისი მუშაობის ხელშესახებ შედეგებს“.

რა თქმა უნდა, ლუჟკოვს უკმაყოფილების უფლება აქვს. 18 წელი ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ ის მოხსნეს. ოფიციალური ვერსიის თანახმად – „რუსეთის პრეზიდენტის  ნდობის დაკარგვის გამო“ (რუსეთის ფედერაციაში რეგიონების გუბერნატორები, მათ შორის მოსკოვის მერი უშუალოდ პრეზიდენტის მიერ ინიშნება და პირადად მას ემორჩილება). ცხადია, რომ ლუჟკოვის გადადგომა პროვოცირებული იყო მისი ღია და ხმამაღალი კრიტიკით კრემლის მიმართ, მაგრამ როგორც რუსი ჟურნალისტი ევგენია ალბაცი აღნიშნავს, „არც ერთი გამარტება არ თქმულა არც პრეზიდენტის, არც პრემიერ-მინისტრ პუტინის მხრიდან იმის თაობაზე, თუ რა ჩაიდინა მან ისეთი, რის გამოც ნდობა დაკარგა“.

ალბაცმა, რომელიც ყოველკვირეული ჟურნალის New Times-ის მთავარი რედაქტორია ლუჟკოვთან სამსაათიანი ინტერვიუ ჩაწერა, რომლის დროსაც მოსკოვის ყოფილმა მერმა მას უამბო, რომ ტრადიციული პრაქტიკის საპირისპიროდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მისთვის არანაირი ალტერნატიული თანამდებობა არ შეუთავაზებია, რაც მის პრესტიჟს გადაარჩენდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა ლუჟკოვს უბრალოდ უთხრა, რომ ის მშვიდად უნდა წავიდეს. თუკი ის ამას არ გააკეთებს, მასსა და მის მეუღლეზე (სამშენებლო ინდუსტრიის მაგნატსა და მილიარდერ ელენა ბატურინაზე) ნადირობა დაიწყება. ასევე არ არის გამორიცხული, რომ მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით საქმე აღიძვრებოდა.

რატომ მოექცა ასე უხეშად რუსეთის პრეზიდენტი ლუჟკოვს? 10–მილიონიანი ქალაქის მერის პოსტზე საქმიანობის შემაშფოთებელი შედეგების გამო? ახლახანს ლუჟკოვის მმართველობაზე დამოუკიდებელი ანგარიში გამოქვეყნდა,  სათაურით „ლუჟკოვი, შედეგები – 2“. დოკუმენტი იძლევა შესაძლებლობას მისი საქმიანობა შიგნიდან შევაფასოთ. დასკვნის ავტორების, ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერების ბორის ნემცოვის და ვლადიმერ მილოვის თქმით, „მოსკოვში კორუფციამ ცხოვრებისა და საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში შეაღწია, დაწყებული მაღალჩინოსნებისთვის ქრთამების გადახდით, დასრულებული მილიციონერების მხრიდან გამოძალვითა და მექრთამეობით ბავშვების საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში მოწყობისა და პოლიკლინიკებსა და საავადმყოფოებში მკურნალობისთვის“.

ავტორების მტკიცებით, ასეთი კორუფციის ყველაზე ნათელი მაგალითი თავად ლუჟკოვია: „ბოლო ათი წლის განმავლობაში ლუჟკოვმა ხელი მოაწერა ათობით ბრძანებულებას, რომელმაც მის მეუღლეს მოსკოვის მიწებზე მშენებლობის უფლება მისცა“. გარდა ამისა, გარიგებამ, რომლითაც ბატურინამ წარსულში შეიძინა სახელმწიფო ბინათმშენებლობის კომბინატი, მას საშუალება მისცა „საყოფაცხოვრებო სამშენებლო ბაზრის 20%-ზე კონტროლი დაემყარებინა“, რამაც ეს ოჯახური წყვილი მილიარდერებად აქცია.

ასეთმა მოქმედებებმა, მოსკოვში ცხოვრების დონეზე დამანგრევლი გავლენა იქონია. ნემცოვი და მილოვი აღნიშნავენ, რომ მოსკოვში მკვლელობათა რიცხვი ხუთჯერ მაღალია, ვიდრე ევროპის სხვა ქალაქებში, რომ ჰაერის დაბინძურებას, რასაც დამატებით ამძიმებს მოსკოვის საშინელი საგზაო მოძრაობა და საცობები, ასევე – ონკოლოგიური და რესპირატორული დაავადებების ზრდა მოჰყვა და მათი დონეც სამნახევარჯერ მაღალია, ვიდრე რუსეთის სხვა რეგიონებში.

როგორც ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, ბრიტანეთის სარეიტინგო სააგენტო Mercer-მა 2008 წელს მოსკოვს მსოფლიოში ყველაზე ძვირი ქალაქის წოდება მიანიჭა (2010 წელს ის სიძვირით მეოთხე ადგილზე ჩამოვიდა). სხვაობა ყველაზე მდიდარი ადამიანების შემოსავლებს და ყველაზე ღარიბი ადამიანების შოკისმომგვრელია. Mercer-მა მოსკოვს 171-ე ადგილი მიუჩინა  ცხოვრების დონისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის დონის მიხედვით და ამით რუსეთის დედაქალაქი ჰარარესა და ლაგოსის გვერდით დააყენა (2010 წელს ის ოდნავ ამაღლდა და 166-ე ადგილი დაიკავა).

ნემცოვი და მილოვი ერთადერთნი არ არიან, ვინც განგაშის ზარს სცემს ამ ცნობილი წყვილის საქმიანობის ირგვლივ – ოჯახს დიდი სასახლე აქვს ავსტრიის კიტცბიულეში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და იმავე ქვეყანაში გოლფის სათამაშო მოედანი, დიდი მამული ლონდონში და მდიდრული ავტომანქანების მთელი პარკი, რომელიც არ ჩამოუვარდება ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის (კრემლის კიდევ ერთი კადრი) კოლექციას. სინამდვილეში „ლევადა-ცენტრის“ მიერ 2009 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსკოვის მცხოვრებლების 50%-ს მიაჩნია, რომ კორუფციის გამო ლუჟკოვის მოხსნა და მის წინააღმდეგ საქმის გამოძიება აუცილებელია.

თუმცა, როგორც ჩანს, ლუჟკოვის გადაყენება არ უკავშირდება მის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტებსა და ცუდ მმართველობას, რადგან მრავალი წლის განმავლობაში კრემლი ამაზე თვალს ხუჭავდა. მართალია კორუფციასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა კრემლს ხელთ გარკვეული ბერკეტები მისცა, თუმცა ლუჟკოვის მოხსნის უფრო რეალური მიზეზი, როგორც ჩანს მისი გადაწყვეტილება გახდა დაეკავებინა ერთ-ერთი მხარე მედვედევის და პუტინის ბანაკებს შორის უკვე აშკარად დაწყებულ ბრძოლაში იმის ირგვლივ, თუ ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი 2012 წლის არჩევნებში. (როგორც ეს ბევრმა აღნიშნა, პუტინი არ გამორიცხავს იმას, რომ კიდევ ერთხელ მიიღებს მონაწილობას საპრეზიდენტო არჩევნებში. რაც საეჭვოს ხდის იმას, რომ იგი მხარს დაუჭერს მედვედევის ხელახლა მონაწილეობას არჩევნებში). ბოლო თვეებში მედვედევის მხარდამჭერები პრეზიდენტს ამხნევებენ და მოუწოდებენ მას, გასცდეს ფრთხილ განცხადებებს „მოდერნიზაციის“ შესახებ და გამოწვევა გაუგზავნოს მისი დამრიგებელის პუტინის სურვილს შეინარჩუნოს არსებული სიტუაცია. ამ სტრატეგიის ნაწილია ძველი გვარდიის ჩინოვნიკების (მათ შორის რუსეთის ზოგიერთი რეგიონის გუბერნატორის) მოხსნა, რომლებმაც კარიერა ჯერ კიდევ ელცინის ეპოქაში გაიკეთეს.

მოსკოველი ანალიტიკოსების თქმით, ლუჟკოვს როგორც ამ ძველი გვარდიის წევრს, მედვედევის გადაწყვეტილება არ მოსწონდა და ზაფხულის ბოლოს თამამი ნაბიჯი გადადგა, როდესაც პრეზიდენტი ღიად გააკრიტიკა. ეს საბედისწერო შეცდომა იყო. მან მედვედევის და მისი მოკავშირეების (რომლებმაც ლუჟკოვის და მისი მეუღლის წინააღმდეგ მასშტაბური მედია-კამპანია გააჩაღეს და მერი კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს, რითაც მის მოხსნას გზა გაუხსნეს) გადაწყვეტილების სიმტკიცე საკმარისად ვერ შეაფასა. CNN-თან ინტერვიუში, კითხვაზე გული ხომ არ დაწყდა, რომ პუტინი არ ჩაერია და მას მხარი არ დაუჭირა, ლუჟკოვმა აღიარა: „მე გაკვირვებული დავრჩი“.

მედვედევს რომ ლუჟკოვის მოხსნის პოლიტიკური ნება არ გამოეჩინა, ის 2012 წელს ხელახალი არჩევის ყველა შანსს დაკარგავდა. ხისტი და მტკიცე პუტინისთვის ღირსეული ალტერნატივის შესაქმნელად ის უნდა გამკლავებოდა ურჩ ლუჟკოვთან ბრძოლას. ახლა მას გამარჯვების შანსი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი საკმარისად ძლიერი და გავლენიანია იმისთვის, რომ ყოფილი მერის წინააღმდეგ სამართალდამცავებმა საქმე აღძრან. მას ალბათ ამის გაკეთება არც სურს, მიუხედავად იმისა რომ ლუჟკოვი დღემდე არ ჩერდება. როგორც მაიკლ ბომმა  Moscow Times-ში აღნიშნა, პუტინს და მედვედევს ყველაზე ნაკლებად სურთ ის, რომ „ლუჟკოვმა ფარდა ახადოს კორუფციის რეალურ მასშტაბებს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში. ლუჟკოვი მიხვდა, რომ ამ მხრივ ტანდემი ჩიხში მოაქცია და სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის სიმტკიცე და ქედმაღლობა, რომლითაც ის გამოირჩეოდა მთელი ამ კამპანიის განმავლობაში მისი მოხსნის პერიოდის ჩათვლით და მისი ღია დაპირისპირება მედვედევთან“.

პარტია „ერთიანი რუსეთის“ (მოსკოვის სახელმწიფო დუმას უმრავლესობა და პარტია, რომელმაც გუშინდელ არჩევნებში რუსეთის მთელ რიგ რეგიონებში დამაჯერებლად გაიმარჯვა) მოსკოვის განყოფილების ხელმძღვანელებმა პრეზიდენტ მედვედევს განსახილველად გადასცეს სია, სადაც ლუჟკოვის შესაძლო შემცვლელის ოთხი კანდიდატურაა ჩამოთვლილი. ყველაზე რეალური კანდიდატურა – პრემიერ-მინისტრის მოადგილე სერგეი სობიანინია. ის პუტინზე მუშაობს და ბევრი ანალიტიკოსი მას პუტინის მიმდევრად მიიჩნევს, თუმცა სობიანინს კარგი ურთიერთობა აქვს მედვედევთანაც, რომელმაც 2007 წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს ის საკუთარი საარჩევნო შტაბის უფროსად დანიშნა. ამიტომ, საეჭვოა პუტინი-მედვედევის კონკურენციის დროს მან რომელიმეს მხარე დაიკავოს. ეს კონკურენცია კი როგორც ჩანს საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად გამწვავდება.

ვინც არ უნდა გახდეს ახალი მერი, კრემლის ხელმძღვანელობა მას გაცილებით მტკიცედ გააკონტროლებს, ვიდრე ამას  დამოუკიდებელ ლუჟკოვთან დაკავშირებით აკეთებდა და ეს პრეზიდენტ მედვედევისთვის დიდი პლუსია. ლუჟკოვს ბევრ რამეს პატიობდნენ, დიდწილად იმის გამო, რომ ის პუტინის პარტიისთვის „ერთიანი რუსეთი“ უზარმაზარ ელექტორატს უზრუნველყოფდა, მიმართავდა რა ზოგჯერ გაყალბებას და თაღლითობას არჩევნებზე, თუმცა ასეთი პრაქტიკა მთელს რუსეთში ფართოდაა გავრცელებული (მედვედევი ფორმალურად „ერთიანი რუსეთის“ წევრი არ არის, თუმცა პარტიამ მას 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭირა).

ახლა მოსკოვში „ერთიანი რუსეთის“ რიგებში  განხეთქილებასა და იმაზეც კი საუბრობენ, რომ მედვედევმა შეიძლება საკუთარი პოლიტიკური მოძრაობა შექმნას, მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ საუბრებია, ჭორებიც კი, თუმცა კრემლის ჩაკეტილ სამყაროში, რომელიც საკუთარ ლეგიტიმურობას იმის წყალობით ინარჩუნებს, რომ საჯაროდ არ საუბრობს მის რიგებში არსებულ პოლიტიკურ უთანხმოებებზე, ეს უკვე დიდი ცვლილებაა და ამისთვის ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ იური ლუჟკოვს და მის ენას, რომელსაც ის არ აჩერებს.

[foreignpress.ge]