სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, სსსკ-ის 315-ე მუხლით გამოძიება არა უკრაინულ ვებ-გვერდზე ატვირთული მასალების, არამედ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ამის შესახებ იზორიამ "მაესტროს ფაქტორში" სტუმრობისას განაცხადა.
"გამოძიებას საფუძვლად არ ედო ის ჩანაწერები, რომლებიც აიტვირთა უკრაინულ ვებ-გვერდზე, არამედ გამოძიებას საფუძვლად ედო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის დეტალებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, თუმცა საჯაროდ ამის შესახებ განცხადება გაკეთდა. რაც შეეხება შემდგომ, ამ დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა სწორედ ამ ჩანაწერების უკრაინულ ვებ-გვერდზე ატვირთვა, რაც დამატებითი საფუძველი გახდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისთვის სწორედ იმ დაწყებული გამოძიების ფარგლებში. გამოძიების პროცესი დღესაც გრძელდება. ამაზე ახლო წარსულში ამერიკის ელჩმაც გააკეთა განცხადება და მან პირდაპირ თქვა, რომ ყველანაირი ძალადობის შემცველი მოწოდებები უნდა იყოს დაგმობილი და გაამართლა სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მოქმედება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ პროცესუალურადაც ვალდებულები ვართ, გამოძიება დავიწყოთ", - განაცხადა იზორიამ.
ამასთან, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, იზორიამ უარი განაცხადა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დეტალების გახმაურებისგან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე არც იმას ამბობს, როგორ დასრულდა იმავე მუხლით ჯერ კიდევ ალექსანდრე ჭიკაიძის შს მინისტრობის დროს დაწყებული პირველი გამოძიება.