"თქვენ თუ ხმაურს შეწყვიტავთ ნახავთ, რომ რეალურად არაფერი ხდება"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა დღეს არცერთ მედიასაშუალებას არ აკონტროლებს.

როგორც ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა მთავრობა აბსოლუტურად ღია არის.

"კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ, რომ ყოველთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს მედიის და სიტყვის თავისუფლება. ის დრო, რაც სამი წლის წინ იყო, არასოდეს დაბრუნდება. ის კრიტიკა და აჟიოტაჟი, რაც ატეხილია, ჩაწყნარდება და გაივლის, თქვენ თუ ხმაურს შეწყვიტავთ ნახავთ, რომ რეალურად არაფერი ხდება. მთავრობა საერთოდ არ ერევა სასამართლოს საქმეში, ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის, თქვენ ნახეთ, რომ თქვენი კომპანია, სააკაშვილის მიერ, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება, ის უშუალოდ აძლევს ინსტრუქცებს ტელეკომპანიის დირექტორს და ინფორმაციულ ბადეს მართავს. ჩვენი მთავრობა დაგიცავთ თქვენ - ჟურნალისტებს და ყველას ვინც მხარს უჭერს მედიათავისუფლებას. მთავარი არის ის, რომ მედია პოლიტიკისგან თავისულალი იყოს. ჩვენ მთავრობას შეუძლია ამაყად თქვას, რომ დღეს არცერთ მედიასაშუალებას არ ვაკონტროლებთ, ეს უპრეცედენტო ფაქტია, ამას დაფასება უნდა. ჩვენ არცერთ ტელევიზიას არ ვაკონტროლებთ და ამის სურვილი არც გვაქვს. "მაესტროც" კრიტიკულია, "იმედიც", ხანდახან პირველი არხი. ეს კარგია, მოსახლეობამ უნდა გაიგოს სიმართლე, მაგრამ კრიტიკა არ უნდა იყოს ზღვარგადასული. ეს არის ჩვენი მთავერობის პოზიცია, გთხოვთ სიმშვიდე შევინარჩუნოთ, სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.