ეგვიპტეში ჩამოვარდნილი რუსული სამგზავრო თვითმფრინავი მთლიანად არის განადგურებული, მგზავრთა უმრავლესობა სავარაუდოდ, დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ეგვიპტის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
ავიაკატასტროფის მომენტში ბორტზე 224 ადამიანი - 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. მგზავრთა შორის 17 ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი რუსეთის მოქალაქეა.
რუსული ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus А-321 შარმ ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. სააგენტო "როიტერი" ეგვიპტის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ავიალანერის ჩამოგდების ვერსია გამორიცხულია. სააგენტო "რია ნოვოსტი" კი წერს, რომ აფრენის შემდეგ ლაინერის მფრინავი დისპეტჩერს დაუკავშირდა და ტექნიკური ხარვეზების შესახებ აცნობა. მფრინავმა ასევე, მარშრუტის შეცვლა და ქაიროს აეროპორტში დაშვება ითხოვა, რის შემდეგაც კავშირი თვითმფრინავთან შეწყდა.
ეგვიპტური მედია წერს, რომ ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა შარიფ ისმაილმა ავიაკატასტროფის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა და დღეს დაგეგმილი ყველა ღონისძიება გააუქმა.