ცრუ ნარატივები, ფარატინა ფურცლები და აქტები გარკვეული დასავლური ძალების მხრიდან არაფერს ნიშნავს, რადგან შანტაჟს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არანაირი ეფექტი არ მოაქვს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა კითხვაზე როგორია მმართველი გუნდის პოზიცია დასავლეთიდან წამოსულ სხვადასხვა მანიპულაციურ ქმედებებსა თუ განცხადებებზე.
„ცრუ ნარატივები, რომლითაც სავსეა ეთერი და განსაკუთრებით იმ ძალებისგან, ვისთვისაც ჩვენი ქვეყნის პროგრესი, წინსვლა აშკარად არასასიამოვნო და არასასურველი შედეგია არაფერს ნიშნავს. ისედაც ჩვენ არაერთგზის გვინახავს და კიდევ ერთი ფარატინა ფურცლით მეტი იქნება თუ ნაკლები ამით, ბუნებრივია, არაფერი შეიცვლება. მთავარია რა წერია ამ ფურცელში და როდესაც ამ ფურცელში წერია ის, რომ მაგალითად სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და ქვეყანაში მიდის პოლიტიკური დევნა ვიღაცების მიმართ და ა.შ. არის სრულიად ამორფული, რეალობას მოწყვეტილი და ისეთი ფსევდო ფაქტებია მითითებული, რომლებისაც თვითონაც არ სჯერათ. რა ძალა უნდა ჰქონდეთ ასეთ დოკუმენტებს? - იქნება ეს ევროპის სახალხო პარტიიდან თუ რაღაც ე.წ. მეგობრობის სინამდვილეში კი ცინიზმის და მტრული განწყობის აქტიდან, რასაც ვუწოდებთ ჩვენ. ამ ყველაფერს საზოგადოება კარგად ხედავს, კარგად გრძნობს, რომ რეალურად არანაირ შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ, ეფექტი არ აქვს.
საზოგადოება, ქართველი ხალხი საკმაოდ შეგნებულად, გააზრებულად იგებს და იაზრებს იმას, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო და ამიტომ ის მხარდაჭერა, რომელიც 1 120 000 ადამიანის მხრიდან მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ნათელი და მკაფიო მესიჯია, რომელიც ჩვენი საზოგადოებისგან ჩვენ გვესმის. ეს ერთადერთ რამეზე მეტყველებს - ქვეყანა არის ერთიანი, ქვეყანა დგას ფეხზე და მას ასეთი შანტაჟებით და ფარატინა ქაღალდებით, ბუნებრივია, ვერ დააშინებენ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.