აშშ-სა და უკრაინის მიერ წიაღისეულისა და საინვესტიციო ფონდის შექმნაზე ხელმოწერილ შეთანხმებას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში ეხმაურება.
ექსპერტის თქმითვე, თამამად შეიძლება იქვას, რომ ეს ხელშეკრულება უკრაინაში ომის დასრულების წინაპირობაა.
ქართველიშვილი 30 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას პაციფისტური შინაარსის ხელშეკრულებად მიიჩნევს.
„პირადად ჩემთვის მთავარი იყო იმის ცოდნა ეს ხელშეკრულება მილიტარისტული იყო თუ პაციფისტური. ხელშეკრულების გაცნობის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს არის პაციფისტური შინაარსის შეთანხმება, რომელიც დაფუძნებულია პოსტ-ომის მშვიდობიანი უკრაინის აღორძინებასა და აღმშენებლობისთვის და რომლისთვისაც უნდა შეიქმნას მძლავრი საინვესტიციო ფონდი. ამ ფონდმა უკრაინის დანგრეული ინფრასტრუქტურის ასაღორძინებლად უნდა მოიზიდოს ინვესტორები, რომლებიც, რა თქმა უნდა, საომარ პირობებში უკრაინაში არ ჩავლენ. აპრიორი ხელშეკრულება ითვალისწინებს მშვიდობის დამყარებას და ომის დასრულებას. ხელშეკრულებაში მკაფიოდ ითქვა, რომ საუბარი არ არის საკრედიტო ვალდებულებებზე იმ თანხების გამო, რომელსაც ამერიკის კონგრესი ბოლო სამი წლის განმავლობაში ახმარდა უკრაინას.
ყველა ის წიაღისეული და საწარმო, რომელიც იმუშავებს ამ საკითხზე რჩება უკრაინის სახელმწიფოს განკარგვაში და არ გადადის ამერიკელი ინვესტორების ხელში, უბრალოდ ფონდი, რომელმაც უნდა მოიტანოს მოგება უკრაინისთვის და ამერიკისთვის, იმუშავებს პარიტეტულ საწყისებზე 50/50-ზე, თუმცა ძირითადი მიმართულება ამ ფონდის და მოგების ჩადების იქნება მშვიდობიან უკრაინაში და მის აღორძინებაში. ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ უკვე მიღწეულია ის კონკრეტული შეთანხმება, რომლის დეტალები დღეს ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ხვალ ან ზეგ აუცილებლად გააჟღერებენ და რომელიც დიახაც, ითვალისწინებს ომის დასრულებას უკრაინაში, თუნდაც იმ პირობებზე, რომლებიც ყველა ასპექტით არც უკრაინის და არც რუსეთის ინტერესებშია. თუმცა ომი რომ უნდა დასრულდეს ამ ხელმოწერილი ხელშეკრულებით, ჩვენ ეს უკვე შევიტყვეთ,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.