თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ "კორტების სპეცოპერაციის" საქმეზე მოსამართლის განაჩენთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა ე.წ „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე, ბრალდებულების - ირაკლი ფირცხალავას, კახაბერ ნაკანის, ლევან ბეროძის, გიორგი ცააძის და ამჟამად ძებნაში მყოფ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ.
"საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით, რომელიც 2006 წლისათვის შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, დაგეგმეს ე.წ „სპეცოპერაცია“ ალექსანდრე ხუბულოვის წინააღმდეგ. ამ უკანასკნელის მიმართ, ი.ფირცხალავას პირადი შურისძიების სურვილი ამოძრავებდა, ამიტომ გადაწყვიტა ხუბულოვისა და მისი მეგობრების მიმართ განეხორციელებინა თვალთვალი. 2006 წლის 2 მაისს, ხუბულოვი შეხვდა ზურაბ ვაზაგაშვილსა და ბონდო ფუთურიძეს და ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავ/მანქანით გაემართნენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. ჩოგბურთის კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, ფირცხალავასაგან რადიოსიგნალით მიღებული ბრძანების შემდგომ, შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა, მოწოდებისა და გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე ცეცხლი გაუხსნეს ვაზაგაშვილის ავ/მანქანას. თავის მხრივ, ბრალდებულმა გიორგი ცააძემ, განახორციელა საკონტროლო გასროლა ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მისამართით, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალნენ. ბონდო ფუთურიძემ კი სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. ხსენებული სპეცოპერაცია ბრალდებულებმა შენიღბეს როგორც ყაჩაღური თავდასხმის აღკვეთა და შექმნეს ფალსიფიცირებული მტკიცებულებები, თითქოსდა ოპერაციის მონაწილენი თავდასხმისათვის ემზადებოდნენ. შედეგად, ვაზაგაშვილი, ხუბულოვი და ფუთურიძე გამოცხადდნენ ყაჩაღებად, ხოლო შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი დანაშაულთან ბრძოლის სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეში სამაგალითო უწყებად.
სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი და სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულები და დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2006 წლის 2 მაისს, კორტებთან ჩატარებული ღონისძიება სრულიად შეუსაბამო იყო დაკავების ღონისძიებისათვის გათვალისწინებულ სტანდარტებთან.
სასამართლოს განჩინებით, ბრალდებულები ი. ფირცხალავა და გ. ცააძე გამართლდნენ მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისათვის წარდგენილ ბრალდებებში (სსკ-ის 25, 369 მუხ. მე-3 ნაწ. და 369 მუხ. მე-3 ნაწ. 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია). ი.ფირცხალავა გამტყუნდა ორი პირის განზრახ მკვლელობისათვის ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ჩადენილი ჯგუფურად. (სსკ-ის 109 მუხ, „ა“, „ზ“, „თ“ ქ/პ, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია). გ. ცააძე გამტყუნდა ამავე ბრალდებაში, ხოლო გამართლდა ხსენებული მუხლის „ზ“ ქ/პ-ისათვის, რომელიც ითვალისწინებს განზრახ მკვლელობას ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ორივე მათგანს სასამართლომ 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, მათ საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რაც შეეხება, ბრალდებულ კ. ნაკანს, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება ორი პირის განზრახ მკვლელობისათვის, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ჯგუფურად - გადაკვალიფიცირდა იარაღის გამოყენებით, უფლებამოსილების გადამეტების მუხლზე ( სსკ-ის 333 მუხ.მე-3 ნაწ. „ბ“ ქ/პ, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია). ბრალდებული ლ. ბეროძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ მტკიცებულებების ფალსიფიცირებისათვის წარდგენილ ბრალდებაში. გრიგოლ კვინიკაძე კი, ცნობილ იქნა დამნაშავედ პირის განზრახ უკანონო დაკავებისათვის. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, კ. ნაკანს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით, ლ. ბეროძეს 3 წლით, ხოლო გ. კვინიკაძეს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
აღნიშული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო ამჟამად ძებნაში მყოფ გრიგოლ კვინიკაძის მიმართ, მისი სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ან დაპატიმრების მომენტიდან ერთი თვის ვადაში",- აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.