"დაუშვებელია უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ერეოდეს და არეულობას გეგმავდეს"

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადება გააკეთა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

მარგველაშვილის თქმით, ის, ვინც რევოლუციური სცენარის გზით გეგმავს პროცესებს, საზოგადოებას და პოლიტიკურ რეალობას, მთლიანად მოწყვეტილია.

"მინდა ყველას შეგახსენოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართველი ხალხის მიღწევაა არჩევნების გზით ხელისუფლებების ცვლა და ეს კურსი შეუქცევადია. რევოლუციური სცენარების ეპოქა საქართველოში დამთავრდა, ხოლო ის, ვინც ამ გზით გეგმავს პროცესებს, მთლიანად მოწყვეტილია საზოგადოებას და პოლიტიკურ რეალობას. არაერთხელ მითქვამს და სამწუხაროდ მიწევს გავიმეორო, რომ დაუშვებელია უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ერეოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და რაიმე ტიპის არეულობას გეგმავდეს. შევახსენებ პოლიტიკოსებს, რომ ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, უზენაესი ღირებულებაა და ამით თამაში, დაუშვებელია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ, დარჩნენ კონსტიტუციურ ფარგლებში და არ აყვნენ ავანტიურებს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ვრჩები კონსტიტუციური წესრიგის, ადამიანის უფლებების და მედიის დამოუკიდებლობის გარანტად",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.