"ჩვენი ამოცანაა, დღეს საუბარი იყოს არა ბარიკადებზე და გადატრიალებაზე, არამედ გაჩერებულ პენსიებზე"

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს პარტიის სახელით განცხადება გააკეთა.

დავით ბაქრაძის თქმით, ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ მთავრობამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ხელში ჩაიგდოს.

"პირველ რიგში კითხვა, რომელიც უნდა დაისვას - რატომ მივიდა ქვეყანა აქამდე, რატომ შეიქმნა ეს დაძაბული ვითარება, რატომ ვიმყოფებით იმ კრიზისში, რომელშიც ვართ? პასუხი არის ერთადერთი და მარტივი - ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ დღეს, ჩვენს თვალწინ მთავრობა ცდილობს ხელში ჩაიგდოს "რუსთავი 2", ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ სრულიად ნათელია, მთავრობა ქიბარ ხალვაშის და მოსამართლე ურთმელიძის ხელით, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას ებრძვის და ამ ყველაფერმა ქვეყანა დაპირისპირების სერიოზული საფრთხის წინაშე მიიყვანა. რაც შეეხება ძალადობას, მინდა კატეგორიულად განვაცხადო, ჩვენ არ ვგეგმავდით, არ ვგეგმავთ და არ დავგეგმავთ არანაირ ძალადობას. ჩვენი ბრძოლა არის მხოლოდ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა წინა კვირის მოვლენებმა, როდესაც მთავრობის პირდაპირი დავალებით, ჩვენი 30-ზე მეტი ოფისი დაარბიეს რაიონებში, არცერთ ჩვენს აქტივისტს, საპასუხო ნაბიჯი, არ გადაუდგამს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში ვიბრძვით. ჩვენი ამოცანაა, ეს ხელისუფლება კანონიერად, მშვიდობიანი არჩევნების გზით გავუშვათ სახლში. ჩვენი ამოცანაა, დღეს საუბარი იყოს არა ბარიკადებზე და გადატრიალებაზე, არამედ გაჩერებულ პენსიებზე, დამდგარ ეკონომიკაზე, მომატებულ სიღარიბეზე, ქვეყანაში არსებულ გაჭირვებაზე. ამას ყველაფერს უპირისპირდება მთავრობა",- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მანვე "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს მიმართა და აღნიშნა, რომ ამ დღეების განმავლობაში, მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ძალიან მაღალი პროფესიული ეთიკის მატარებელი გუნდია.

"მინდა მივმართო "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს, ამ დღეების განმავლობაში, თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ხართ არამხოლოდ პროფესიონალები, არამედ ძალიან მაღალი პროფესიული ეთიკის მატარებელი გუნდი. მე ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის პროფესიონალიზმის, პროფესიული ეთიკის და წესიერების წინაშე. ეს ჩანდა ყოველთვის და ეს გამოჩნდა ბოლო დღეების განმავლობაში. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა დგას არა იმაზე, რომ ვინმე ვინმეს განიხილავს იდეურ ან პოლიტიკურ თანამებრძოლად. მე მოვდივარ და მოვალ "რუსთავი 2"-ის ეზოსთან, არა იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვარ, არამედ იმიტომ, რომ მე ვარ ამ საზოგადოების ნაწილი, იმიტომ, რომ ბრძოლა, რომელსაც დღეს ერთად ვაწარმოებთ, არის ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის. ამ ბრძოლაში თქვენ ძალიან მნიშვნელოვან და ღირსეულ როლს ასრულებთ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.