მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში წავიდა არა პოლიტიკური კარიერის გაკეთების მიზნით, არამედ რევანშისათვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საუბრობს.
დეპუტატის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობისთვის" ტელეკომპანია "რუსთავი 2" არის საშუალება, გაკოტრებული პოლიტიური მოცემულობა რევოლუციურ მოცემულობაში გადაიყვანოს.
"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, "ნაციონალური მოძრაობა" არის გაკოტრებული პოლიტიკური ძალა, რომელსაც მხარდამჭერები უფრო და უფრო უმცირდება. ამ პოლიტიკურ ძალას ძალიან დიდი შიში აქვს იმისა, რომ პოლიტიკური ასპარეზიდან საერთოდ გაქრება. მათ აქვთ განცდა იმისა, რომ თავის დროზე ყველა დანაშაული აქვთ ჩადენილი, ეს ადრე თუ გვიან ამოტივტივდება და ჰგონიათ, რომ რადგან პოლიტიკოსის მანტია აცვიათ, ეს დაიცავთ. მთელი სამი წელია გვიცხადებენ, რომ ისინი არიან მთავარი ოპოზიციური ძალა საქართველოში. ეს იყო მათთვის არა პოლიტიკურად მომგებიანი პოზიციის ჩვენება, არამედ თავდაცვის საშუალება. მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში წავიდა არა იმისთვის, რომ უნდა უკრაინაში პოლიტიკური კარიერა გაიკეთოს, არამედ რევანშისათვის. ამ ფონზე, "რუსთავი 2", როგორც აქამდე იყო, არის საშუალება მათთვის, გაკოტრებული პოლიტიური მოცემულობა რევოლუციურ მოცემულობაში გადაიყვანონ და როგორმე დასავლეთისა და ადგილობრივი მოსახლეობის თვალში საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოახდინონ", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
მისივე შეფასებით, "რუსთავი 2"-ში სააკაშვილმა ნაღმი ჩადო, რაც იმაში გამოიხატება, რომ 2004 წლიდან 2012 წლამდე ტელევიზია უკანონო გასხვისების გზით სხვადასხვა ადამიანის ხელში 20-ჯერ გადავიდა და 20-ვეჯერ კომპანია "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული პირების ხელში მოხვდა. სესიაშვილის შეფასებით, დღეს ამ ნაღმის ამოქმედება ხდება.
"ბევრი ჟურნალისტი ამ მოცემულობის მსხვერპლია. ამ ადამიანების გამოყენება ისევ და ისევ პოლიტიკური მიზნებისათვის მეორე ნაღმია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აქეთ-იქით უგულოდ ყრის", - აღნიშნა სესიაშვილმა.