რამდენჯერ უნდა "აგვაგდონ" რუსულმა სპეცსამსახურებმა ამ ხრიკებით, რამდენჯერ უნდა წამოგვაგონ ერთსა და იმავე სატყუარაზე? - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში საუბრობს.
სააკაშვილის სამწუთიან ვიდეო მიმართვაში საუბარია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, გავრცელებულ აუდიო საუბრებსა და "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე.
"ივანიშვილის და მისი რუსი მფარველების მეთოდები არ იცვლება, მათ რუსულ საიტზე ატვირთეს ნაწილ-ნაწილ გადაჭრილი რუსული სპეცსამსახურების მიერ სატელეფონო საუბრები. ისევე როგორც 2012 წელს მათ დაგვიდეს ციხის კადრები და ახლა ხომ ყველამ იცის, რომ ციხის კადრები დადგმული იყო. მოკლეს 9 თვის ბავშვი არჩევნებისთვის და ჩაატარეს ნამდვილი სპეცოპერაცია. რამდენჯერ უნდა "აგვაგდონ" რუსულმა სპეცსამსახურებმა ამ ხრიკებით. რამდენჯერ უნდა წამოგვაგონ ერთსა და იმავე სატყუარაზე. ეს არის "გაზპრომის" ყველაზე მსხვილი აქციონერი ბიძინა ივანიშვილი. მთელი ევროპა ცდილობს მოუშორებელი ჭირის "გაზპრომის" მოცილებას და მან, ის უკვე მოშორებული დააბრუნა საქართველოში. მიაბა ქართული პროდუქცია მთლიანად რუსულ ბაზარს, რითიც ჩამოშალა ქართული ეკონომიკა. ახლა აპირებს სომხეთზე რკინიგზის გახსნას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, მაგრამ ესეც არის პირდაპირი მოთხოვნა რუსეთის", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართავში.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მოქალაქეობის ჩამორთმევით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, მას არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება არ მისცეს.
"დღეს გამოაცხადა, რომ ასრულებს რუსულ ერთ-ერთ მთავარ დაკვეთას და მე მიხურავს გზას არჩევნებისკენ, იმიტომ რომ უნდა ჩამომართვას საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ რაც იძულებით დამატოვებინეს ქვეყანა", - აცხადებს სააკაშვილი.
ვიდეოში მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, სიტყვის თავისუფლებისთვის, "რუსთავი 2"-ის დაცვისკენ.
"ამ პირობებში "რუსთავი 2" ბოლო ბარიერია, რომელიც მას აკავებს, იმიტომ რომ სანამ საქართველოში არის სიტყვის თავისუფლება ყველა ეს შავბნელი გეგმა ბოლომდე წარმატებული ვერ იქნება. ამიტომ "რუსთავი 2–ის" დაცვა მათ შორის ფიზიკურად ადამიანების მიერ დაცვა ძალადობისგან, არის პირდაპირი გზა საქართველოს დემოკრატიის, თავისუფლების და მომავლის გადარჩენის.
თუ ჩვენ გვინდა თავისუფლება, უნდა დავდგეთ თავისუფლების სადარაჯოზე. ყველამ იცის, რომ სასამართლო პროცესი ბელფია და საქმე გვაქვს შანტაჟთან და ძალადობასთან. ნუთუ ჩვენ დავუწვებით და ამას შევურგდებით?
თუ ახლა ერთად კონსოლიდირებულად დადგომა ვერ მოვახერხეთ, ბევრად მეტ ექსცესებს და მართლა ძალადობას ვერ ავიცილებთ საქართველოში. იმიტომ, რომ იანუკოვიჩი ზუსტად ასევე წავიდა ყველაფერზე, მათ შორის სროლაზე, როდესაც საკუთარ ხალხს ესროლა, რადგან ეგონა, რომ ყველაფერი გაუვიდოდა. საქართველოში ეს თავიდან უნდა ავიცილოთ, ჩვენი ერთიანობით და ჩვენი სიმტკიცით, მათ შორის თავისუფლების დასაცავად", - აცხადებს სააკაშვილი.
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ თუ ყოველგვარი პარტიული სიმპატიების და ყოველგვარი დაპირისპირების და ჯიბრის გვერდზე გადადებით საზოგადოება ერთად დადგება, საქართველო და თავისუფლება გაიმარჯვებს.