დასადგენია, ეს ჩანაწერები მოპოვებულია უკრაინელების მიერ, თუ ჩვენი სპესამსახურების მხრიდან

დასადგენია, ეს ჩანაწერები მოპოვებულია უკრაინელების მიერ, თუ ჩვენი სპესამსახურების მხრიდან

გამოქვეყნებულ ჩანაწერებს ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ის კანონიერად არის მოპოვებული, - ამის შესახებ განმარტებებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აკეთებს.

სესიაშვილის თქმით, შესაბამისი სამსახურები ჩანაწერების მხოლოდ კანონიერი გზით მოპოვებით არიან დაინტერესებულნი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სასამართლო მტკიცებულებად ვერ მიიღებს. ამასთან, დეპუტატის განცხადებით, პირველ რიგში დასადგენია, თუ ვის მიერ არის მოპოვებული გუშინ გამოქვეყნებული ჩანაწერები.

"მიმდინარეობს გამოძიება, მათ შორის ამ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით და სად და როგორ არის მოპოვებული, ამაზე პასუხს გამოძიება გასცემს. სასამართლო ვერ მიიღებს მტკიცებულებად იმ ჩანაწერებს, რომლებიც კანონიერად მოპოვებული არ არის. შესაბამისად, თუ ვინმეს ამის დარდი აქვს, შეუძლია დამშვიდდეს. პირველ რიგში, დასადგენია, ეს ჩანაწერები მოპოვებულია უკრაინელების მიერ, თუ ჩვენი სპესამსახურების მხრიდან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ჩანაწერებს ძალა ექნება, თუ ის კანონიერად არის მოპოვებული და სასამართლო ამას მიიღებს. ამიტომ ვინმეს იმის დარდი არ ჰქონდეს, რომ უკანონოდ უსმენენ - უკანონო მოსმენას სასამართლოში ვერ გამოიყენებენ და თუ ჰგონიათ, რომ ეს კითხვა არის რელევანტური და მთავარი, ძალიან ცდებიან. რაც შეეხება თავად ამ ჩანაწერების შინაარსს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გამოძიებას უნდა დაველოდოთ. უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპებს კვლავაც დავიცავ. გარდა ამისა, არის სხვა ტექსტობრივი ჩანაწერი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, წავიკითხეთ, რომელიც გაცილებით სერიოზული საფრთხეების მატარებელი იყო. სამართალდამაცვები, როგორც ჩემთვის ცნობილია მუშაობენ იმისათვის, რომ ეს ჩანაწერიც მოიპოვონ, თუკი არსებობს და თავისთავად ცხადია, თუ ეს დადგინდება, საქმე გვექნება ძალიან სერიოზულ დანაშაულთან და შემდგომ უკვე პროკურატურამ და სასამართლო ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

უკრაინული გამოცემა უარევიეწ.ინ.უა-ს მიერ გავრცელებული აუდიომასალის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი "რუსთავი2"-ის სასამართლო პროცესით ინტერესდება და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე, მოვლენები რევოლუციური სცენარით უნდა განვითარდეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიგა ბოკერიასთან და ნიკა გვარამიასთან ბარიკადების აღმართვაზე და "ბოევიკების" დაყენებაზე საუბრობს, რაც მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, სროლით დასრულდება.