ვინც არ უნდა შეფუთოს, რომ სიტყვა

ვინც არ უნდა შეფუთოს, რომ სიტყვა "ბოევიკი" კუნთმაგარ ბიჭებს ნიშნავს, ეს თვალებში ნაცრის შეყრაა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის აზრით, "ბოევიკები" რომლის თაობაზეც საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიასთან და ნიკა გვარამიასთან საუბრობს, სავარაუდოდ, ძალოვანი ორგანოებიდან გაშვებული თანამშრომლები არიან.

მისივე თქმით, ე.წ. ზონდერები თავის დროზე გიგი უგულავამაც შეიფარა, როცა თბილისის მერიაში უსაფრთხოების სამსახური შექმნა.

"ვინც არ უნდა შეფუთოს, რომ სიტყვა "ბოევიკი" კუნთმაგარ ბიჭებს ნიშნავს, ეს "თვალებში ნაცრის" შეყრაა. ჩვენ "ნაციონალური მოძრაობისგან" ინფორმაციის თავისებურ გაყიდვას შეჩვეული ვართ. რეალობა არის ის, რომ თავის დროზე "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავდა შემსრულებლები. ეს შემსრულებლები თავს იჩენდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პროცესების დროს: არბევდნენ მოსახლეობას, მომიტინგეებს, ასრულებდნენ შავ-ბნელ დავალებებს. ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვედით, ბევრი მათგანი სამსახურიდან გავყარით. სამწუხაროდ, ხშირად გვესმის, რომ ესა თუ ის მოძალადე ისევ სახელმწიფო სამსახურში მუშაობს. შესაძლებელია ეს ასეც იყოს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დიდი ნაწილი, დაახლოებით 90-95 პროცენტი ჩვენ გავყარეთ და თუ ერთეულები არიან დარჩენილი, არც იმათ დავინდობთ, თუმცა ეს სამართლიანად უნდა მოხდეს და იქ სადაც ეს დასტურდება, ადეკვატური რეაგირება უნდა მოხდეს. ე.წ. ზონდერები გიგი უგულავამ შეიფარა, თბილისის მერიაში უსაფრთხოების სამსახური რომ შექმნა. ეს ადამიანები დღეს "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო არიან შემოკრებილი – ზოგი სხვადასხვა სატელიტ ორგანიზაციაშია და ზოგი როგორც ჩანს, ამ გეგმების შემუშავებაში მონაწილეობს. ეს ადამიანები არსებობენ და თუ რაიმეს დააშავებენ, მხოლოდ მაშინ გვექნება რეაგირება. მათი ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის მსხვერპლია და ვის როდის მიეცემა ნორმალურ ქვეყანაში ნორმალურად ცხოვრების შანსი, ეს მათი გადასაწყვეტია", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

უკრაინული გამოცემა uareview.in.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიომასალის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი "რუსთავი2"-ის სასამართლო პროცესით ინტერესდება და ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე, მოვლენები რევოლუციური სცენარით უნდა განვითარდეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიგა ბოკერიასთან და ნიკა გვარამიასთან ბარიკადების აღმართვაზე და "ბოევიკების" დაყენებაზე საუბრობს, რაც მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, სროლით დასრულდება.