"ჩვენ გვინდა ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულება, მეტს არაფერს ვითხოვთ. არ ვაპირებთ არცერთი ნაბიჯით უკან დახევას, ვინაიდან სასწორზე ახლა დგას არა რუსთავი 2-ის კომფორტი და მისი კეთილდღეობა, არამედ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში", - განაცხადა რუსთავი 2-ის დირექტორის მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა, საგანგებო ბრიფინგზე.
"მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში აქ, ამ ეზოში თუ ეზოს გარეთ, იცავდნენ ჩვენთან ერთად ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას. ბოლო თვეების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იარაღი იყო სასამართლო, რომელსაც პრაქტიკულად სახე დაკარგული აქვს და ეს ჩვენმა პროცესებმა აჩვენა. ბოლო დღეებში გამოჩნდა ახალი იარაღი და ეს არის შანტაჟი. რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ჯერ ოჯახის წევრების უსაფრთხოებით, შემდეგ ვიდეო და აუდიო მასალების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ და ეს მუქარა გუშინ ხელისუფლებამ ნაწილობრივ აასრულა. მემგონი ყველაზე დიდ სკეპტიკოსსაც აღარ შეაქვს ეჭვი იმაში, რომ შანტაჟს ქონდა ადგილი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. ამ შანტაჟის მთავარი მიზანი ორი რამ იყო. პირველი რომ დაეზარალებინათ ნიკა გვარამია და მეორე შეეტანათ განხეთქილება თავად რუსთავი 2-ში.
ამ ჩანაწერების ავტორებს მინდა გავუცრუო იმედები. ამ ჩანაწერებით ნიკა გვარამია ვერაფრით დაზარალდება და მეორე, რუსთავი 2 დღეს კიდევ უფრო ერთიანი და ძლიერია. ამისთვის შემიძლია მადლობაც გადაგიხადოთ.
ჩვენ გვინდა ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულება, მეტს არაფერს ვითხოვთ. არ ვაპირებთ არცერთი ნაბიჯით უკან დახევას, ვინაიდან სასწორზე ახლა დგას არა რუსთავი 2-ის კომფორტი და მისი კეთილდღეობა, არამედ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში.
მინდა მოგმართოთ, ჩვენი შანტაჟისა და თვალთვალის ნაცვლად, ჯობია იფიქროთ იმაზე, თუ საით მიგყავთ ეს ქვეყანა", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.