ნიკა გვარამია:

ნიკა გვარამია: "რუსთავი 2" რაიმე ტიპის რევოლუციურ სცენარებზე არ ფიქრობს

დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი წუთით "რუსთავი 2" რაიმე ტიპის რევოლუციურ სცენარებზე არ ფიქრობს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა , ნიკა გვარამიამ თანამშრომლებთან ერთად დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში პროცესები გამწვავდა და გამწვავებაზე მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ "რუსთავი 2"-ს საუბარი დაეწყო საკუთარი თავის დაცვაზე, ყველა მეთოდის გამოყენებაზე იმისთვის, რომ დაეცვა საკუთარი გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების თავისუფლება. საქართველოს მთავრობამ, რომელმაც სამართლიანი სასამართლოს გარეშე დატოვა "რუსთავი 2" და იძულებული გაგვხადა ვეძებოთ სხვა კონსტიტუციით გარანტირებული გზები საიმისოდ, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები და თავისუფლებები, მიუხედავად ამ იძულებისა, მიუხედავად იმ რეჟიმისა, რომელშიც საქართველოს მთავრობა გვამყოფებს უკვე კვირეების განმავლობაში, უწყვეტი სტრესის, შანტაჟის, ზეწოლის და ათსგვარი ცილისწამების ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებულ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს აქვთ სხვადასხვა დამოკიდებულება იმის მიმართ, თუ როგორ უნდა განვითარდეს "რუსთავი 2"-ის საპროტესტო დამოკიდებულება ყველფერი ამის მიმართ, ჩვენ გვაქვს ჩვენს მიერ არჩეული გეგმა, ვუსმენთ ყველას, მაგრამ ვიქცევით ისე, როგორც ჩვენ ვთვლით საჭიროდ", - განაცხადა გვარამიამ.

როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ამ გეგმის დეტალებს ხელისუფლებას ვერ გააცნობს.

"ამ გეგმის დეტალებს ხელისუფლებას ვერ გავაცნობ, რადგან ის ჩვენი მოწინააღმდეგეა, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი წუთით, არც უახლოეს წასრულში, არც აწმყოში და არ მომავალში "რუსთავი 2" არ ფიქრობს რაიმე ტიპის რევოლუციურ სცენარებზე, მთავრობის შეცვლაზე და იმის გამოცვლაზე, ვინც არის მთავრობაში და ვიღაცის მთავრობაში გაყვანაზე - ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, ეს არ არის ჩვენი ინტერესი. ჩვენი ინეტერსი არის ერთადერთი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ინტერესი არის ხელშეუხებელი და სამართლიანი. ეს არის თავისუფლად მაუწყებლობა და პროცესების იმგვარად გაშუქება, როგორც ჩვენ მივიჩნევთ სამართლიანად, სწორად და საჭიროდ. ეს არის ერთადერთი ჩვენი ინტერესი და კონსტიტუციით განმტკიცებული ლეგიტიმური ინტერესი. რას ფიქრობენ სხვადასახვა პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, ხელისუფლება ჩვენთვის არის მეორეხარისხოვანი", - განაცხადა გვარამიამ.