იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, საპროკურორო საბჭოსთან დაკავშირებით, საჯარო კონსულტაციები 13 ნოემბრამდე აქვს გამოცხადებული.
როგორც წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სამ პირიანი სიისთვის, რომელიც მან უნდა შეარჩიოს, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 2 კანდიდატურაა შეთავაზებული, თუმცა, ისურვებდა, ეს რიცხვი უფრო მეტი ყოფილიყო.
„მე მაქვს 13 ნოემბრამდე ვადა. გამოცხადებული მაქვს საჯარო კონსულტაციები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ უნივერსიტეტებს, საადვოკატო ბიუროებს, საზოგადოების თითოეულ წევრს, მომაწოდონ თავიანთი კანდიდატურები. ჯერ-ჯერობით მხოლოდ 2 კანდიდატურაა შემოთავაზებული - ესაა ირაკლი შოთაძის და კახა კახიშვილის, თუმცა, ვისურვებდი უფრო მეტი კანდიდატურა შემოვიდეს, ჯერ კიდევ დროა. განსაკუთრებით, აქცენტს ქალ კანდიდატებზე ვაკეთებ. 3-პირიანი სია უნდა შევადგინო, საიდანაც მინიმუმ ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის. კარგი იქნება, თუ ბევრი შემოთავაზება შემოვა“, - განაცხადა წულუკიანმა.