არჩევნების შემდეგ, სასურველ ქვეყანაში არასასურველი ხელისუფლების ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მეთოდი არის მონოპოლიზებული ინსტიტუციები, პირველ რიგში კი სასამართლო ხელისუფლება, რომელიც „დიფ სთეითის“ ნებისმიერ დავალებას შეასრულებს. მაგალითები, თანაც უახლოესი წარსულის, აქაც უამრავია, - ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი წერს.
როგორც შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ, მთელმა მსოფლიომ ნახა, როგორ განვითარდა მოვლენები საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუმინეთში, სადაც სასამართლო ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ იყო. მისი განცხადებით, ანალოგიური მინი-მოდელი გათამაშდა საქართველოში, როდესაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, ოპოზიციის მიერ მოგონილი „გაჟონვის“ მიზეზით სასამართლოში გასაჩივრებული არჩევნების შედეგები გააუქმა.
„მთელმა მსოფლიომ ნახა, როგორი უხეში „ქირურგიული ჩარევა“ განახორციელა ოლიგარქიულმა მმართველობამ რუმინეთში, სადაც სასამართლოს აკონტროლებდა. არჩევნებში მათთვის არასასურველი კანდიდატი გაუძვრათ, თუმცა ყურით მოთრეული მიზეზით მოსამართლემ არჩევნების შედეგები გააუქმა, გამარჯვებულ კანდიდატს კი საერთოდ აუკრძალა შემდგომ კენჭისყრაში მონაწილეობა. ზუსტად ანალოგიური მინი მოდელი გათამაშდა საქართველოშიც, საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ოპოზიციამ, ასევე მოგონილი „გაჟონვის“ მიზეზით არჩევნების შედეგი სასამართლოში გაასაჩივრა, ხოლო ერთ-ერთმა რაიონულმა მოსამართლემ, „დიფ სთეითის“ კლანის წევრმა ხუჭუამ შედეგები გააუქმა. მართალია, ზედა ინსტანციაში ყველაფერი კანონიერად დასრულდა, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ, სასამართლო ხელისუფლება რომ ოლიგარქების კონტროლის ქვეშ ყოფილიყო, „ქართულ ოცნებას“ „გაჟონვის“ საბაბით მოგებულ არჩევნებში დამარცხებულად გამოაცხადებდნენ და ხელისუფლებაში აგენტურა უმტკივნეულოდ, კონტროლირებული სასამართლოს ხელით დაბრუნდებოდა.“ - წერს ზაზა შათირიშვილი.