ზაზა შათირიშვილი: როცა ჩათვლიან, რომ აგრესიული უმცირესობა რევოლუციისთვის მზად არის, აუცილებლად გამოჰკრავს ვინმე სასხლეტს ხელს - დიფ სთეითს საქართველოში რევოლუციისათვის მსხვერპლი სჭირდება, ეს არა ვარაუდი, არამედ დადასტურებული ფაქტია

ზაზა შათირიშვილი: როცა ჩათვლიან, რომ აგრესიული უმცირესობა რევოლუციისთვის მზად არის, აუცილებლად გამოჰკრავს ვინმე სასხლეტს ხელს - დიფ სთეითს საქართველოში რევოლუციისათვის მსხვერპლი სჭირდება, ეს არა ვარაუდი, არამედ დადასტურებული ფაქტია

მას შემდეგ, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე უსამართლო, დაუსაბუთებელმა ზეწოლამ არნახული მასშტაბი მიიღო. დღეს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ზუსტად იცის ამ ზეწოლის მიზანი - ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა, მმართველობაში აგენტურის დაბრუნება და შემდეგ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილში. შათირიშვილი ვრცლად მიმოიხილავს ამ პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ამ პროცესში „დიფ სთეითის“ მთავარ როლზე მიუთითებს.

„ჩვენი ქვეყნისათვის ეს დამღუპველი სცენარი რომ გლობალური ომის პარტიის, იგივე „დიფ სთეითის“ მიერ ომამდე იყო გაწერილი, უტყუარად არაერთი ფაქტით დასტურდება. განსაკუთრებით ყურადსაღებია უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია, როდესაც სააკაშვილი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში შემოაპარეს. სტაჟიანი აგენტის დავალება არჩევნების დღეს საჯაროდ, მოულოდნელად გამოჩენა, რევოლუციური პროცესების აგორება და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა იყო. ამავე დავალებას ასრულებდა გიორგი გახარია, „დიფ სთეითის“ კიდევ ერთი აგენტი, რომელიც ჯერ მინისტრობის დროს აჯანჯღარებდა ქვეყანას, მიზანმიმართულად აზიანებდა პოლიციის და ხელისუფლების რეპუტაციას, ბოლოს კი მთავრობის ჩამოშლის მიზნით, თანამდებობიდან გადადგა, თუმცა ორივე შემთხვევაში გარე ძალების დალაგებული გეგმა ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის მიერ გაშიფრულ იქნა და ხელისუფლების დამხობის მცდელობები წარმატებით განეიტრალდა.
ამასობაში ომიც გაჩაღდა, ხოლო „დიფ სთეითმა“ საქართველოში პროცესების ასარევად გეგმა B აამუშავა. რადგან ომამდე ქვეყნის სათავეში აგენტურის დაბრუნება ვერ მოხერხდა, ომის დაწყებიდან „წერტილოვანი დარტყმები“ ამოქმედდა, რაც საბოლოო ჯამში იგივე მიზნით, ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობით უნდა დასრულებულიყო. ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე, „დიფ სთეითის“ მიერ კონტროლირებადი შიდა თუ გარე ძალები დაჟინებით ცდილობენ დავალების შესრულებას. ყველას კარგად გვახსოვს ის პროვოკაციები და პროვოკაციული განცხადებები, რასაც ამ წლების მანძილზე ვხედავთ და ვისმენთ: მოხალისე მეომრების გაგზავნის მოთხოვნა უკრაინაში, სანქციების დაწესების კამპანია, ელჩის გაწვევა, ომში ჩართვის პირდაპირი მოწოდებები... ამ დამღუპველ ნაბიჯებზე უარის მთქმელი ადამიანების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება და ასე შემდეგ...

საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომში რამდენიმე ასეული აქტორი და ევროკავშირის სხვადასხვა უწყებათა მთელი კოჰორტაა ჩართული, მათთვის არასასურველი ხელისუფლების ცვლილების ხელწერა კი რამდენიმე შრედ იყოფა და ყველა ეტაპს თავისი მახასიათებელი ნიშანი აქვს. ქვეყნის სუვერენიტეტის ჩამოშლას და აგენტურის მმართველობაში დასმას კი გარედან და შიგნიდან კონკრეტული აქტორები და ევროპული სტრუქტურები სინქრონულად ცდილობენ. „დიფ სთეითის“ მოქმედების უმთავრესი ნიშან-თვისება გახლავთ ის, რომ არასასურველი ხელისუფლების სხვადასხვა გზით ცვლილებას, ისინი ხალხის ხელით ახორციელებენ.

საქართველოს მაგალითზე მოდელი ყველაზე უკეთესად ჩანს - წლებია, „დიფ სთეითის“ მიერ მართული ევრობიუროკრატია, წამყვანი სტრუქტურები და მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკები უსამართლოდ აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას, ხოლო ხალხს უკიჟინებენ, რომ ქვეყანა ევროპულ გზას შორდება. ამ პროცესში, ცრუ პროპაგანდის მაქსიმალურად გავრცელებისთვის არაფორმალური ოლიგარქები მათ მიერ კონტროლირებად მეინსტრიმ მედიას აქტიურად იყენებენ. მათი გადმოსახედიდან ეს მეთოდი, წესით, წარმატებული უნდა ყოფილიყო, რამეთუ ქართულ საზოგადოებაში ევროპული ღირებულებების მიმართ მხარდაჭერა ძალიან მაღალია, მაგრამ მთავარი შეცდომა „დიფ სთეითმა“ სწორედ აქ დაუშვა - ჩვენი მოსახლეობა ევროკავშირს, პირველ რიგში, ევროპული ღირებულებების გამო ესწრაფვოდა, დღევანდელი ბიუროკრატია კი სრულად დაცლილია ამ ღირებულებებისგან, ხოლო ევროკავშირში მიმდინარე ნეგატიური პროცესები, უკონტროლო მიგრაცია, ლგბტ პროპაგანდა, სიტყვის თავისუფლების ხელყოფა, შერჩევითი სამართალის დაკანონება და ანტიეკლესიური გადაწყვეტილებები, ქართველ ხალხს იმდენად აშფოთებს, რომ ერთ დროს ევროკავშირის მოწონების 80%-იანი რეიტინგი დღეს ისტორიულ მინიმუმზეა დასული. ანუ გამოდის, საზოგადოების მოტყუებამ და არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების მეთოდმა არ გაამართლა, რადგან თავად ღრმა პრობლემებში ყელამდე ჩაფლული ევროკავშირი დღეს დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლიანი საქართველოს მოქალაქისთვის „სახის წინ ჩამოკიდებული სტაფილოს“ როლს ვეღარ ასრულებს. არჩევნების შემდეგ, სასურველ ქვეყანაში არასასურველი ხელისუფლების ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მეთოდი არის მონოპოლიზებული ინსტიტუციები, პირველ რიგში კი სასამართლო ხელისუფლება, რომელიც „დიფ სთეითის“ ნებისმიერ დავალებას შეასრულებს. მაგალითები, თანაც უახლოესი წარსულის, აქაც უამრავია. მთელმა მსოფლიომ ნახა, როგორი უხეში „ქირურგიული ჩარევა“ განახორციელა ოლიგარქიულმა მმართველობამ რუმინეთში, სადაც სასამართლოს აკონტროლებდა. არჩევნებში მათთვის არასასურველი კანდიდატი გაუძვრათ, თუმცა ყურით მოთრეული მიზეზით მოსამართლემ არჩევნების შედეგები გააუქმა, გამარჯვებულ კანდიდატს კი საერთოდ აუკრძალა შემდგომ კენჭისყრაში მონაწილეობა. ზუსტად ანალოგიური მინი მოდელი გათამაშდა საქართველოშიც, საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ოპოზიციამ, ასევე მოგონილი „გაჟონვის“ მიზეზით არჩევნების შედეგი სასამართლოში გაასაჩივრა, ხოლო ერთ-ერთმა რაიონულმა მოსამართლემ, „დიფ სთეითის“ კლანის წევრმა ხუჭუამ შედეგები გააუქმა. მართალია, ზედა ინსტანციაში ყველაფერი კანონიერად დასრულდა, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ, სასამართლო ხელისუფლება რომ ოლიგარქების კონტროლის ქვეშ ყოფილიყო, „ქართულ ოცნებას“ „გაჟონვის“ საბაბით მოგებულ არჩევნებში დამარცხებულად გამოაცხადებდნენ და ხელისუფლებაში აგენტურა უმტკივნეულოდ, კონტროლირებული სასამართლოს ხელით დაბრუნდებოდა.

„დიფ სთეითის“ ნაცადი ხელწერის ანალიზის მიხედვით, სასურველ ქვეყანაში არასასურველი ხელისუფლების მოშორების შემდეგი გზა რევოლუციაზე გადის. აქაც ყველაფერს, ცხადია, ხალხის ხელით აკეთებენ. ამ შანტაჟში კი აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოში აკრედიტებული ეგრეთ წოდებული დიპლომატები, რომლებიც სინამდვილეში „დიფ სთეითის“ მიერ მართული სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან და მათ დიპლომატიურ საქმიანობასთან არაფერი აქვთ საერთო. სწორედ ელჩები ცდილობენ ადგილზე სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს, შეიქმნას მაქსიმალურად დაძაბული, პოლარიზებული და ზიზღით სავსე გარემო, რასაც კონკრეტული მიზანი აქვს. საქმე იმაშია, რომ საქართველოში მშვიდი და სტაბილური გარემო პირდაპირ ანადგურებს დიფ სთეითის რევოლუციურ გეგმას, ხელისუფლება დაამხოს და მათ მარიონეტების ხელით ქვეყანაზე მმართველობა დაიბრუნონ. სიმშვიდის და სტაბილურობის დარღვევას კი ეგრეთ წოდებული დიპლომატების ხელით ახორციელებენ. ისინი მუდმივად ახდენენ ზეწოლას მთავრობაზე, ადანაშაულებენ მას ევროპული კურსიდან გადახვევაში, რითაც ცდილობენ აგრესიული უმცირესობის ემოციებზე ითამაშონ და საზოგადოება საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ. ამ პროცესში უდიდეს როლს თამაშობს ძალადობის და კრიმინალის წახალისება. ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მეთაურობით, ეგრეთ წოდებული დიპლომატები მუდმივად ამბობენ, რომ პოლიციელზე თავდამსხმელი ამაღლობელი და რატიანი პოლიტიკური პატიმრები არიან, მოძალადე დემონსტრანტები - მშვიდობიანი მომიტინგეები, ხოლო პოლიციელისათვის მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი ბანდიტი - თავისუფლების მედროშე. ასეთი მოწყვლადი გარემოს შექმნა კი ერთადერთ მიზანს ემსახურება - გამოჩნდეს ვინმე თავზეხელაღებული ადამიანი, რომელიც დაიჯერებს, რომ მთავრობა მას „ევროპულ მომავალს“ ართმევს და შემდეგ სასხლეტს ხელს გამოჰკრავს, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. ხოლო თუ ასეთი ადამიანი ბუნებრივად არ გამოჩნდება, მათ თადარიგში რევოლუციური ტრენინგების შედეგად სპეციალიზებული ჯგუფები ჰყავთ, რომლებიც არეულობის მოსაწყობად ნებისმიერ დავალებას შეასრულებენ. ეს აპრობირებული მეთოდი „დიფ სთეითმა“ მეტნაკლები წარმატებით სლოვაკეთში გატესტა. წლების მანძილზე, მათ შორის, ეგრეთ წოდებული ელჩების ხელით, ამ ქვეყანაში აგრესიულად მიმდინარეობდა ლეგიტიმური მთავრობის და მათი პრემიერის რობერტ ფიცოს გაშავების კამპანია, მას გამუდმებით ეძახდნენ პრორუსს, მოძალადეს, ქვეყნის მოღალატეს და შედეგიც დადგა - სიძულვილით სავსე გარემოში „დიფ სთეითის“ წვრილფეხა „მწერალმა“, სინამდვილეში კი დაქირავებულმა ქილერმა, სწორედ რომ სასხლეტს ხელი გამოჰკრა და ფიცოს მკვლელობა სცადა. საბედნიეროდ, ქვეყნის პატრიოტი პოლიტიკოსი გადარჩა.

სწორედ ანალოგიური სცენარი მოქმედებს ჩვენ ქვეყანაშიც. ნურავის ექნება ილუზია, რომ ჰერჩინსკი ან რომელიმე მისი კოლეგა „საქართველოს მომავალზე“ ზრუნავს. ნურავინ იფიქრებს, რომ მათ ჩვენი ქვეყნის ბედი ადარდებთ. მათ აქვთ კონკრეტული დავალება და სპეცსამსახურების მიერ გაწერილი გაიდლაინებით მოქმედებენ. მათი ყოველი უსამართლო განცხადება, მათი ყოველი თავდასხმა საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე, ემსახურება ერთადერთ მიზანს - ქვეყანაში მაქსიმალურად დაიძაბოს სიტუაცია, მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური პოლარიზება და ამ დროს, აუცილებლად გამოჩნდება ან თავად გამოაჩენენ იმ „ერთ თავზეხელაღებულს“, რომელიც ყველაფერზე წავა, მათ შორის ტყვიის გასროლაზე. ის ფაქტი, რომ დიფ სთეითს საქართველოში რევოლუციისათვის მსხვერპლი სჭირდება, ეს არა ვარაუდი, არამედ დადასტურებული ფაქტია. ყველას კარგად გვახსოვს ლორა თორნტონის, მაკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ღია წერილი, რომელიც საქართველოში მსხვერპლის აუცილებლობაზე საუბრობს. საზოგადოებას ასევე კარგად ახსოვს ევროკავშირის მაღალჩინოსნის, ოლივერ ვარჰეის ზარი ირაკლი კობახიძესთან, როდესაც „დიფ სთეითის“ გავლენიანმა აგენტმა პირდაპირ უთხრა საქართველოს პრემიერს - „ხომ გახსოვს, რა დაემართა რობერტ ფიცოს“... დიახ, ის რაც სლოვაკეთში მოხდა, წინასწარ დალაგებული და კარგად გააზრებული პროცესის შედეგი იყო. ისინი შექმნიან სიძულვილით სავსე გარემოს, ისინი წაახალისებენ ძალადობას და კრიმინალს, ისინი ფეხქვეშ გათელავენ ინსტიტუციებს, ისინი შენებას ნგრევად, ხოლო, სიკეთეს ბოროტებად წარმოაჩენენ - ხოლო როდესაც ზამბარა მაქსიმალურად დაიჭიმება, როდესაც ჩათვლიან, რომ აგრესიული უმცირესობა რევოლუციისთვის მზად არის, აუცილებლად გამოჰკრავს ვინმე სასხლეტს ხელს და მათთვის ასე ნანატრი მსხვერპლიც რეალობად იქცევა.

სწორედ ამ დიდი და მზაკვრული გეგმის ნაწილია ეგრეთ წოდებული დიპლომატების არაბუნებრივი აქტიურობა. მათი ყოველი უსამართლო განცხადება, დაუსაბუთებელი კრიტიკა და ზოგ შემთხვევაში, სახელმწიფოსათვის შეურაცხმყოფელი ქმედებები, ერთადერთი მიზნით არის ნაკარნახევი - საქართველოში შექმნან უკონტროლო ვითარება და შემდეგ, როგორც სპეცსამსახურების ტერმინით იტყვიან - „თუ დამკვეთი არ არსებობს, დამნაშავე მხოლოდ ერთია“. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, არ უნდა ავყვეთ ემოციებს, არ უნდა დავიჯეროთ, რომ პაველ ჰერჩინსკი თუ რომელიმე დიპლომატი საქართველოზე ლოცვით მუხლებს გადაიტყავებს. პირიქით, ეს ხალხი „დიფ სთეითის“ დავალებებს ასრულებს და თითოეულ მათ სიტყვას და ქმედებას სწორედ ამ პრიზმიდან უნდა შევხედოთ“, - წერს შათირიშვილი.