საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით გამოძიების გასაღები ხელში თავად ნიკა გვარამიას უჭირავს , - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა ნიკა გავარამიას განცხადებას მის შანტაჟთან დაკავშირებით.
"მე ვუსმინე გუშინ ბატონ გვარამიას, გუშინვე დაიწყო პროკურატურამ გამოიძიება, უკვე ჩააბარა მათ უწყისი. აქ საკითხი ძალიან მარტივად არის. ამ საქმის უსწრაფესი გამოძიება, მასზე რეაგირება, პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელზეც ნიკა გვარამია საუბრობდა, მის ხელშია. გამოძიების გასაღები ხელში უჭირავს ნიკა გვარამიას", - განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ნიკა გვარამია ითანამშრომლებს სრულფასოვნად გამოძიებასთან, შესაბამისად იტყვის ვის შეხვდა, როდის შეხვდა, სად შეხვდა, რაზე იყო საუბარი და შემდეგ უმარტივესია ამ საქმის გამოძიება ან არ ითანამშრომლებს, შესაბამისად "რუსთავი2"-ს მუდმივად ექნება იმის უფრო მეტი შესაძლებლობა, მორიგი საუბრები ჰქონდეს იმაზე, რომ არაეფექტურია ხელისუფლება.
"ერთადერთი ადამიანი, რომელსაც დღეს შეუძლია ამ გამოძიების ეფექტურობა და სისწრაფე უზრუნველყოს, ეს არის ნიკა გვარამია", - განაცხადა ხიდაშელმა.